„რევოლუციების ამერიკული დრამატურგია ხავერდოვანი რევოლუციების შესახებ მოგვითხრობს. მინიმუმ 30-მდე ქვეყანაში მომხდარა გადატრიალებები ამ სცენარით, თუმცა მხოლოდ ამერიკა არ ფლობს ამ ტექნოლოგიებს. შეგვიძლია უფრო ადრინდელი პერიოდიც გავიხსენოთ, გერმანიას პირველ მსოფლიო ომში რუსეთის გაყვანა უნდოდა ომიდან, რადგან ძლიერი პოზიციები ჰქონდა რუსეთს. ამისთვის გერმანიამ დააფინანსა ლენინი და მთელი ის გადატრიალება, რასაც ბოლშევიკური გადატრიალება ეწოდება“, - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას.
ხშირად გვესმის, რომ ნაციონალებმა შეაფერხეს ჩვენი ქვეყნის განვითარება, რადგან მათ გამო მესამე ძალა ვერ ყალიბდება და ვერ შემოდის ქართულ პოლიტიკაში. ნაცების არსებობა კი განაპირობებს ქართული ოცნების განუსაზღვრელი ვადით ყოფნას ხელისუფლებაში. ნაცები ერთადერთნი არ არიან, ვინც აბრკოლებს ქვეყნის განვითარებას, ასეთივე უარყოფით როლს ასრულებენ ის პოლიტიზირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქუჩის აქციებსა და გადატრიალებაში ხედავენ ქვეყნის განვითარების გზას. ეს შემთხვევითი არაა, ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ ძალიან ბევრი ნაცი გარდაისახა არასამთავრობოდ და თავი შეაფარა „ენჯეო“ სექტორს. რამდენად ემთხვევა ერთმანეთს პოლიტიზირებული არასამთავრობოებისა და ნაცების ინტერესები და ბლოკავენ თუ არა ისინი სხვა ძალის შემოშვებას ქვეყანაში?
- არ ვიცი, მესამე ძალის არშემოშვებაში რამდენად დიდია გინდ ნაცების, გინდ არასამთავრობოების როლი, რადგან მე რომ ვხედავდე, მესამე ძალა დგას კარებთან და ვიღაც არ უშვებს, მაშინ ამ ფორმულირებას დავეთანხმებოდი. კარებთან მდგომი მესამე ძალა ვერ დავინახე. ისე, პარტიების მეტი რა არის, ცხადია, არიან გარკვეული პოლიტიკური ძალები, მაგრამ 1-2%-ს იქით ვერ მიდის მათი რეიტინგი, განსხვავებით, ნაციონალების რეიტინგისგან. ასე რომ, მე მგონი, მესამე ძალის არგამოჩენა თვითონ საზოგადოების პოლიტიკური არაპროდუქტიულობის შედეგია და არა იმის, რომ ვიღაც აბრკოლებს მესამე ძალის გამოჩენას. თუმცა დაბრკოლებაც გასაკვირი არ არის, ნებისმიერ პარტიას არ აწყობს კონკურენტის გამოჩენა, „ოცნებას“ არ აწყობს ახალი ოპოზიციური პარტია, თავად ნაცებსაც არ აწყობს ახალი ოპოზიციური პარტია, მაგრამ რომ არ ჩანს ეს ახალი ოპოზიციური პარტია?
არც „ნაციონალური მოძრაობა“ აწყობდა შევარდნაძის ხელისუფლებას, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ გამოჩნდა და, ასე ვთქვათ, შემოამტვრია ხელისუფლება. არც ივანიშვილი აწყობდა სააკაშვილის ხელისუფლებას, თეფშებს „უპატიმრებდა“ სააკაშვილი ივანიშვილს, მაგრამ ივანიშვილის გუნდმაც შემოამტვრია პოლიტიკა. პოლიტიკაში თუ ძლიერი ფიგურა შემოდის, ის საკმაოდ თავხედია და არ ეკითხება პოლიტიკის სხვა სუბიექტებს, შემოვიდე თუ არაო, ის კარებს შემოანგრევს და შემოვა. ასეთი შემომნგრეველი რომ არ არის, ეს უკვე საზოგადოების პოლიტიკური უნიათობის ბრალია.
არასამთავრობოების მიერ ქვეყნის განვითარების შეფერხებაზე როცა ვსაუბრობთ, რამდენად შედის მათ ფუნქციაში პოლიტიკაში აქტიური ჩართულობა, არასამთავრობოები ხომ აპოლიტიკურნი უნდა იყვნენ? საქართველოში კი აქტიური „ენჯეოები“ ვინც არიან, ისინი პოლიტიზირებულნი არიან. რატომ ერევიან პოლიტიკაში? ეს მათი საქმეა?
- ვფიქრობ, საჭიროა, საქართველოში მეტი ინფორმაცია იყოს პოლიტტექნოლოგიების შესახებ. დასავლეთის, ძირითადად კი, ამერიკის პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკური ცვლილებების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მთელი ლიტერატურა და მიმდინარეობებია შექმნილი. ადრე იყო შარპი, ახლა გამოჩნდა აკერმანი და ა.შ. ამ ავტორებს პუნქტობრივად აქვთ გაწერილი, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ერთი ხელისუფლება მეორეთი შეიცვალოს, თანაც არა არჩევნების გზით. საუბარია იმაზე, თუკი არჩევნები არ იქნება მათთვის შედეგის მომტანი, უმცირესობამ თურმე უნდა დაიკავოს სახელისუფლებო საჭესთან ადგილი. ზუსტად ამას ხავერდოვან რევოლუციებს ეძახიან. ასე მოვიდა სააკაშვილი ხელისუფლებაში, არა იმიტომ, რომ შევარდნაძეს მომხრეები არ ჰყავდა, შევარდნაძეს უფრო მეტი მომხრეც ეყოლებოდა, მაგრამ მაშინ არჩევნები რომ ჩატარდა, რაც მერე გააპროტესტა სააკაშვილმა, იქ თითქმის ყველა პარტიას ჰყავდა თავისი წარმომადგენლობა, ნათელაშვილიდან დაწყებული, და სურათი უფრო დაბალანსებული იქნებოდა, არჩევნებით რომ გადაწყვეტილიყო საქართველოს ბედ-იღბალი. რევოლუციამ კი უპირატესობა მიანიჭა რევოლუციურ პარტიას. საერთოდ, რევოლუციას ერთი თავისებურება აქვს - ის ერთი პარტიისკენ გადახრის ხოლმე მთელ წონას, ხალხის სიმპათიებს. ამ ტექნოლოგიებზეა გათვლილი პოლიტტექნოლოგიები ამერიკაში. პოლიტტექნოლოგიებში ერთ-ერთი პუნქტია, რომ პოპულარობის მოსაპოვებლად უნდა შეიქმნას არასამთავრობოები, ოპოზიციური პარტიებიც პოპულარიზაციის პროცესში უნდა იყვნენ ჩართულნი, უნდა იყვნენ ახალგაზრდები, გვახსოვს ყველას, მიშას მოსვლისას „კმარა“ იყო აქტიური, ბავშვები გამოუშვეს წინ „კმარას“ სახით, მათივე ინტერესში შედიოდა მედიის გაკონტროლება და ა.შ. ასე რომ, ბევრი რამ, რასაც ვუყურებთ, შემთხვევითობა კი არ არის, არამედ სცენარებში პირდაპირ წერია. რევოლუციების ამერიკულ დრამატურგიაში არის ჩაწერილი ხავერდოვანი რევოლუციების შესახებ. უამრავი გადატრიალება მომხდარა მინიმუმ 30-მდე ქვეყანაში ამ სცენარებით. ჩვენ პირადად მარტო სააკაშვილის რევოლუციის მომსწრე ვართ, სხვა რევოლუციებზე კი ამბის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ასეთი შემთხვევები, როცა ერთ ხელისუფლებას მეორის შეცვლა უნდა, არ არის ახალი. შორს რომ არ წავიდეთ, გერმანიას პირველ მსოფლიო ომში აწყობდა რუსეთის გაყვანა ომიდან, რადგან ძლიერი პოზიციები ჰქონდა რუსეთს. ამისთვის გერმანიამ დააფინანსა ლენინი და მთელი ის გადატრიალება, რასაც ბოლშევიკური გადატრიალება ეწოდება. მართლაც, გერმანიამ მიიღო ცნობილი ბრესტ-ლიტოვსკის ზავი ლენინის მთავრობისგან და მიაღწია თავის მიზანს. ეს მაგალითიც კმარა იმისათვის, რომ ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება მხოლოდ ამერიკას არ შეიძლება დავაბრალოთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ვერაგი ამერიკა ცუდად იქცევა, ზოგადად, პოლიტიკაში ასეთი ხერხების გამოყენება არახალია, თან სდევს პოლიტიკას ეს ხერხი, ამიტომ უნდა ვიყოთ ჩახედული ამ ტექნოლოგიებში, რომ მერე არ აღმოვჩნდეთ ამ ტექნოლოგიების მსხვერპლნი. როგორც წესი, პოლიტტექნოლოგიების მსხვერპლი არის ხალხი.
თქვენ ამბობთ, რომ პოლიტტექნოლოგიების მსხვერპლი ხალხია. ისიც ფაქტია, რომ დამახინჯებული სახით არასამთავრობოები მხოლოდ საქართველოში გვხვდება, სადაც ისეა გადახლართული პოლიტიკა და „ენჯეო“ სექტორი, ვერც გაარკვევ, სად იწყება და მთავრდება ორივე მათგანი. რაც შეეხება ხალხს, მათ ვერ მოვთხოვთ იმის ცოდნას, რომ არსებობენ მოდარაჯე (watching) არასამთავრობოები, ასევე, ანალიტიკური ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები და არც ერთი მათგანი პოლიტიკას არ უნდა აწარმოებდეს.
- ეს პოლიტტექნოლოგიები მიმართულია ხალხის გულუბრყვილობაზე, მათი მენტალიტეტის უმწიფრობაზე. უფრო ადრე ტროას ცხენი იყო, რომელიც ბერძნებმა ტროელებს შეუგზავნეს. ასეთი ტროას ცხენების შეგზავნას პოლიტიკური მიზნის მისაღწევად დიდი ხნის ისტორია აქვს, ზუსტად ასეთი ტროას ცხენები არიან ცალკეული არასამთავრობოები.