მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ევგ. პეტ. გეგეჭკორი მოახსენებს დამფუძნებელ კრებას, რომ საქართველოს მთავრობამ ბრძანება მისცა სოჭის ფრონტზე მდგომ ჩვენ ჯარს გადავიდეს მდინარე ბზიბზე და დაიკავოს გაგრის ოლქი და ჩვენი სტრატეგიული პუნქტი მდინარე მზიმთა.
თქვენ მოგეხსენებათ, რომ სოჭის ფრონტის ისტორია ხანგრძლივია. მას შემდეგ, რაც ჩვენსა და მოხალისეთა ჯარებს შორის ჩადგნენ ინგლისელები, განვლო სამმა თვემ.
დენიკინს ინგლისის სარდლობისაგან ნაბრძანები ჰქონდა, რომ სოჭის ოლქი დაეცალა, მაგრამ დღემდის ეს მას არ აუსრულებია. ამიტომ მეტი დაყოვნება შეუძლებელი იყო. ჩვენი ჯარი უკვე გადავიდა მდინარე ბზიბაზე. ინგლისელებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
რ. არსენიძე იწონებს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს და აღნიშნავს, რომ ეს არ არის ახალი ომის დაწყება. ეს არის შეჩერებულ ომის განახლება და თავდასხმელ მტრის მოგერიება. ორატორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ომი აქვს არა რომელიმე სახელმწიფოსთან, არამედ დენიკინის მოხალისეებთამ.
თ. ღლონტი ფრაქციის სახელით იწონებს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. იგი მოითხოვს, რომ ბრძოლა დენიკინთან იყოს შეუბრალებელი და რომ ეს ბრძოლა აწარმოვოს ჩვენმა მთავრობამ ჩვენს სახელმწიფოებრივ საზღვარ იქითაც.
ივ. გობეჩია აღნიშნავს მთავრობის განცხადების მოულოდნელობას და იმ გარემოებას, რომ დამფუძნებელ კრების დაუკითხავად მთავრობამ გადადგა ასეთი ნაბიჯი.
გ. გვაზავა ფრაქციის სახელით ემხრობა მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
ევგ. პეტ. გეგეჭკორი უპასუხებს დამფუძნებელ კრების წევრს ივ. გობეჩიას და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას არ დაუწყვია ომი. მას თავს დაესხნენ და ეს უკვე მესამე თვეა, რაც ასეთი მდგომარეობაა.
მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იმედს გამოსთქვამს, რომ ყველა შეგნებული მოქალაქე ამ საქმეში მთავრობასთან იქნება.
დამფუძნებელი კრება იღებს რეზოლუციას, რომლითაც იწონებს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
რეზოლუციის წინააღმდეგნი იყვნენ ს. რევოლუციონერები.
კრება დაიხურა 3 საათზე
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას