„მეეჭვება, რომ „ალტ-ინფომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ 5% გადალახონ, ამის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს“

„მეეჭვება, რომ „ალტ-ინფომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ 5% გადალახონ, ამის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს“

ვის გაუწევს 2024 წლის საპარალმენტო არჩევნებისთვის ულტრამემარჯვენე, „კონსერვატიული მოძრაობა“, იგივე „ალტ-ინფო“ კონკურენციას, რომელიც „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთიანდება? შესაძლოა თუ არა ამ გაერთიანებამ „ოცნებას“ ხმები წაართვას ან პირიქით, ხომ არ იქნება „ხალხის ძალა“ ამ გაერთიანების ყველაზე სერიოზული კონკურენტი, რომლიც მათ ამომრჩეველს მიიმხრობს? 

„ალტ- ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას.

მახარაძის თქმით, სხვა კონსერვატიულ ძალებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა გაერთიანდნენ და ისინიც „პატრიოტთა ალიანსით“ შევიდნენ პარლამენტში.

„ერთადერთი პარტია კონსერვატიულ ფლანგზე, რომელთანაც იდეოლოგიურად არის თანხვედრაც და რომლის დაბლოკვაც არ გამოდის, არის „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ახლა არის საპარლამენტო პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი გამოეყო და ცალკეა, იურიდიულად საპარლამენტო პარტიაა, მას არაფრის შეგროვება, ხელმოწერები არ სჭირდება, უკვე იღებს არჩევნებში მონაწილეობას და მისი დაბლოკვაც შეუძლებელია.

ჩვენ „პატრიოტთა ალიანსთან“ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები. მათი ხედვაც არის ანალოგიური, რომ დიდი ეროვნული ერთობა უნდა შედგეს. ამ მიმართულებით ხდება მუშაობა, ამ წუთებშიც მიდის მუშაობა, ჩვენსა და მათ შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია - ფუნდამენტური, პრინციპული ძირითადი შეთანხმება შედგა. მიდის დეტალებზე მუშაობა“, - თქვა მახარაძემ.

ბოლო პერიოდში „ალტ-ინფოს“ ტელეარხზე ხშირად მსჯელობენ იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ხალხის ძალა“ პოლიტიკურ ველზე მათ საპირწონედ შექმნა და ამით უკანა პლანზე გადაწევას უპირებს.

„ალტ-ინფოს“ „კონსერვატიული პარტიისთვის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაცია 8 აპრილს გავრცელდა. პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა მიიღო.

9 აპრილს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „იქ იყო მამხილებლის განცხადება და შემდგომში, ასევე მიმართვა ანტიკორუფციული ბიუროსი“. ბრეგაძემ თქვა, რომ საჯარო რეესტრში არ იყო წარდგენილი აწ უკვე გაუქმებული პარტიის ყრილობის მიერ დამტკიცებული წესდება; ხოლო პასუხისმგებლობა არა სხვას, არამედ - თავად პარტიას ეკისრება.

ანალიტირკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ალტ - ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გაერთიანება „ქართულ ოცნებას“ ხმებს ვერ წაართმევს და ვერც ახალი თავის ტკივილი იქნება. ამის მიზეზად აბაშიძე იმ რეიტინგებს ასახელებს, რომელიც ბოლო დროს „ოცნებას“ აქვს.

„ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, ამ არჩევენბში 60%-იც კი აიღოს და საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს. მე მეეჭვება, რომ „ალტ-ინფომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ 5%-იც კი გადალახოს. ამის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, მათ საკმაოდ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ - „ხალხის ძალა“.

მართალია, ჯერ არავინ იცის, რას იზამს ეს პოლიტიკური პარტია, წარსდგება თუ არა არჩევნებში მარტო თუ გაერთიანდება „ოცნებასთან“, მაგრამ კონკურენტი ნამდვილად იქნება მათი გაერთიანების. მეორე მხრივ, „ალტ-ინფოს“ ეს რადიკალური და დესტრუქციული რიტორიკა ჩვენს საზოგადოებაში უარყოფით დამოკიდებლებას იწვევს. ბოლო დროს ვხედათ, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავსი რიტორიკით მოღვაწეობენ პოლიტიკურ ასპარეზზე, ხალხის მხარდაჭერას ვერ ჰპოვებენ. ამიტომ მათ პოლიტიკური დღის წესრიგი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბარიერის გადალახვა მაინც შეძლონ“,-ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ორივე პოლიტიკურ პარტიას, „ხალხის ძალას“ და „ალტ-ინფოს“ საკუთარი ტელევიზია აქვთ, თუმცა ჯერ მარტო რეიტინგებიდანაც შეგვიძლია იმის პროგნოზი, ვინ უფრო პოპულარულია კონსერვატორული ამომრჩევლის თვალში.

„დღესავით ნათელია, რომ „ხალხის ძალას“ და მის ტელევიზიას, საკმაოდ კარგი რეიტინგი აქვს. მით უმეტეს ბოლო დროს, „ხალხის ძალამ“ შეძლო და დასავლეთთან და ამერიკასთან მიმართებაში ხალხს ის სიმართლე დაანახა, რის თქმასაც ვერავინ ბედავდა. ეს არის ძალა, რომელიც პირდაპირ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებზეა მორგებული. შესაბამისად, მათი რიტორიკაც და ტელევიზიაც საკამაოდ მისაღებია ქართველი ამომრჩევლისთვის. გადახედეთ „ალტ-ინფოს“ ტელევიზიას და მათ რიტორიკას, რომელიც, ძირითადად, აგრესიაზე არის დაფუძნებული. ამიტომ ვნახოთ, არჩევნების წინ ძალიან საინტერესო მოვლენები გველის ამ ფლანგზეც“, - ამბობს აბაშიძე.

რაც შეეხება იმ ამომრჩევლის კატეგორიას, რომელიც შეიძლება „ალტ-ინფომ“ და „პატრიოტთა ალინსმა“ გადაიბიროს, აბაშიძე ფიქრობს, რომ ესენი იქნებიან ე.წ. ჩამოუყალიბებელი ადამიანების ნაწილი, რომლებიც კონსერვატიულ ფრთას წარმოადგენენ. თუმცა, აქაც „ხალხის ძალას“ კვლავ სერიოზული კონკურენციის გაწევა შეუძლია.

„შესაძლოა, ამ ალიანსმა გიორგი გახარიას და „ლელოს“ მხარდამჭერებზეც იმუშაოს. თუმცა, აქაც ისევ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ფაქტორი ჩნდება, რომელსაც არც „ოცნება“ და არც „ნაციონალები“ არ უნდა. თანაც ასეთ ადამიანებს, არც ასეთი რადიკალური პოლიტიკური ძალა სურს. ამიტომ, შესაძლოა, აქაც ინტერესი „ხალხის ძალის“ მისამართით გაიზარდოს. ამიტომ ეს ალიანსი ვერც ოპოზიციურ და ვერც ხელისუფლების ამომრჩევლის გადაბირებას ვერ შეძლებს. პირიქით, შესაძლოა ხმები აქეთ „ხალხის ძალამ“ წაართვას“, - ამბობს აბაშიძე.

მერაბ.g შეიძლება გადალახონ ბარიერი, მაგრამ არა იმ გზით, რომ პატრიოტები და კონსერვატორები ჩვენ ვართ და სხვა (ქოცი) ჩვენს ბოსტანში ნუ გადმოდიანო; თუ თქვენ იდეას ემხრობით და არა ამ იდეით პარლამენტში მოსვლას, უნდა გიხაროდეთ რაც მეტი არის ამ იდეის მხარდამჭერი; თუ ჭკვიანურად აწარმოებენ კამპანიას, შეიძლება მოხვდნენ პარლამენტში
5 თვის უკან
ლევკოთეა რეიტინგი ამ გაერთიენებას ისეც არ აქვს. არც ოცნებას სჭირდება ესენი პარლამენტში. ე.ი. ვერც შევლენ.
5 თვის უკან