რას ნიშნავს სახელი Google?

რას ნიშნავს სახელი Google?

Google-მა, როგორც ბრენდმა, შეძლო და იმდენად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ მის სახელს ზმნის სახითაც კი ვიყენებთ — სადღაა ძებნა, როცა "დაგუგვლა" შეგვიძლია?! ოდესმე თუ გიფიქრიათ, საიდან მომდინარეობს თავად Google-ის სახელი?

Google-ს თავიდან Google სულაც არ რქმევია. საძიებო სისტემის პირველადი ვერსია ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა 1996 წელს შექმნეს, ჰოსტი კი ამ დროს სტენფორდის სერვერები იყო. საძიებო სისტემას ამ დროს "Backrub" ერქვა (პირდაპირ თუ გავაქართულებთ, "ზურგის ზელა").

ეს იმიტომ, რომ საძიებო სისტემა ქსელის "ბექლინკებს" (backlinks) აკვირდებოდა, ანუ იმას, თუ როგორ უკავშირდება ვებსაიტები ერთმანეთს. იგი ასე აფასებდა, საიდან მოდიოდა ინფორმაცია, რომელი საიტები იყო სანდო და რა საკითხებში. საბოლოოდ სისტემა ცდილობდა, ძიების შედეგებში საიტები ამის მიხედვით დაელაგებინა.

პეიჯმა და ბრინმა მომდევნო წელს გადაწყვიტეს, რომ სახელის შეცვლა იყო საჭირო.

"შონ ანდერსონი და ლარი პეიჯი ოფისში იყვნენ, დაფაზე წერდნენ და კარგი სახელის მოფიქრებას ცდილობდნენ — რაღაცის, რაც ურიცხვი მონაცემის ინდექსირებასთან იქნებოდა კავშირში", — თქვა დევიდ კოლერმა, კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტმა სტენფორდიდან — "შონმა ვერბალურად შესთავაზა სიტყვა "გუგოლპლექსი" ["googolplex"], ლარიმ კი შეამოკლა და ვერსია "გუგოლი" ["googol"] წამოაყენა.

ორივე სიტყვა კონკრეტულ დიდ რიცხვებს აღნიშნავს. ანდერსონმა თავიანთ საძიებო სისტემაში მოძებნა, იყო თუ არა ამ სახელით დომენი ხელმისაწვდომი და ისტორიული შეცდომაც ამ დროს დაუშვა.

"შონი მართლწერაში შეუცდომელი არ ყოფილა, სახელი google.com-ით მოძებნა და იგი ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. ლარის სახელი მოეწონა და რამდენიმე საათში "google.com" დაარეგისტრირა თავისა და სერგეისთვის (დომენის რეგისტრაციის თარიღი 1997 წლის 15 სექტემბერია)".

Googol, რიცხვი გუგოლი, 1 × 10100-ს უდრის — იმდენს, 1-ს რომ მარჯვნივ ასი ნული დავუწეროთ. კომპანიის განცხადებით, ეს ტერმინი "Google-ის მისიას ასახავს, ერთი შეხედვით უსასრულო რაოდენობის ინფორმაცია მოაწესრიგოს ქსელში".