ახალი კვლევის თანახმად, ტატუ კიბოს რისკის ზრდასთან არის დაკავშირებული

ახალი კვლევის თანახმად, ტატუ კიბოს რისკის ზრდასთან არის დაკავშირებული

როგორც წესი, ტატუს ყველაზე მძიმე გვერდით ეფექტად სინანული ითვლება. თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, სანერვიულო ამაზე ბევრად მეტი შეიძლება იყოს.

ტატუები ახლა ძალიან პოპულარულია. და მაინც, ძალიან ცოტა რამ ვიცით ჯანმრთელობაზე მათი გრძელვადიანი ეფექტის შესახებ. ტატუს მელანში შემავალმა საშიშმა ქიმიურმა ნივთიერებებმა ბოლო დროს ყურადღება მიიპყრო. ამასთან, კვლევები აჩვენებს, რომ კანში შეყვანილი მელანი მხოლოდ იქ არ რჩება.

ტატუს მელანს ორგანიზმი უცხოდ აღიქვამს, რომლის მოშორებაც აუცილებელია. შედეგად ვიღებთ იმუნურ რეაქციას, რომელიც მელნის დიდი ნაწილის ლიმფურ კვანძებში მოხვედრას განაპირობებს. თუმცა, უცნობია, როგორ მოქმედებს ლიმფურ სისტემაში დალექილი ეს მელანი.

ამ ყველაფერზე მეტის გასაგებად, შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, კრისტელ ნილსენმა ახალი კვლევა ჩაატარა. მას აინტერესებდა ზრდიდა თუ არა ტატუს ფაქტორი ავთვისებიანი ლიმფომას რისკს. ეს კიბოს იშვიათი ფორმაა, რომელიც სისხლის თეთრ უჯრედებს აზიანებს.

შვედეთში ტატუ ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს. ამ მაჩვენებლით შვედეთი ტატუების რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავეა. ამასთან, ამ ქვეყნის ეროვნულ რეესტრში შეყვანილია კიბოს დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი.

"ჩვენმა კვლევამ მოიცვა შვედეთში მცხოვრები ყველა ის ადამიანი, ვისაც 2007-დან 2017 წლამდე ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს. ლიმფომის მქონე ადამიანების საკონტროლო ჯგუფად (შედარებისთვის), ლიმფომის არ მქონე ადამიანები შეირჩნენ", — თქვა ნილსენმა.

მონაწილეებს კითხვარი შეავსებინეს, რომელიც მოიცავდა ცხოვრების სტილს, მათ შორის იმას, თუ როდის გაიკეთეს პირველი ტატუ და რა ზომისა თუ ფერის იყო მათი ტატუები. კვლევაში ჯამში 5 591-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აქედან 1 398 ლიმფომის მქონე პაციენტი იყო, ხოლო დანარჩენი საკონტროლო ჯგუფიდან.

შედეგად დადგინდა, რომ ტატუს მქონე ადამიანებს 21%-ით მაღალი ჰქონდათ ლიმფომის რისკი, ვიდრე ტატუს არმქონეებს.

გასათვალისწინებელია, რომ ლიმფომა ძალიან იშვიათი დაავადებაა. მაგალითისთვის, 2022 წლის მონაცემებით, შვედეთში ლიმფომას დიაგნოზი 100 000-დან მხოლოდ 22-ს დაუსვეს.

მნიშვნელოვანია, რომ ტატუს ზომას მნიშვნელობა არ ჰქონდა. კვლევამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი სხვა რამ იყო — დრო. რისკი შედარებით მაღალი იყო ახალი ტატუსა (ბოლო ორი წლის განმავლობაში გაკეთებული) და ძველი ტატუს (ათ წელზე დიდი ხნის წინ გაკეთებული) შემთხვევაში.

მხოლოდ ერთი კვლევიდან გამომდინარე შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა ჯერ ადრეა. ამისთვის მეტი კვლევაა საჭირო. თუმცა, ახალი კვლევა საინტერესოა და ის ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.

კვლევა ჟურნალ eClinicalMedicine-ში გამოქვეყნდა.