თავდასხმა პრემიერ-მინისტრზე, დეპუატეტბზე, მათ მცირეწლოვან შვილებზე - სიძულვილისა და ზიზღის კამპანია, რომელშიც ბოლო ერთი თვეა ჩართული არიან რადიკალური ძალები. ცხადია, ძალადობა დასაგმობია, მაგრამ ჩნდება კითხვა - რა და ვინ დგას ამის უკან? თუ მოვლენების ქრონოლოგიას გავყვებით, პასუხი ნათელია - რადიკალები აკერმანის თეორიით მოქმედებენ.
ქალი, რომელმაც აეროპორტში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეზე თავდასხმა და სიტყვიერი შეურაცხყოფა სცადა, სერგი კაპანაძის და ელენე ხოშტარიას დაფუძნებული GRASS-ის წარმომადგენელი მარიამ წიწიკაშვილია. თავის მხრივ, GRASS-ის ერთ-ერთი დამფინანსებელია ევროკავშირის ფონდი EED. მაშინ, როდესაც დეპუტატი ოჯახის წევრებთან ერთად აეროპორტში იმყოფებოდა, მარიამ წიწიკაშვილი მიეჭრა და საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა.
ჯაფარიძეზე თავდასხმას წინ უსწრებდა თავდასხმა ასევე დეპუტატ ირაკლი ზარქუაზე. ხელწერა აქაც იგივეა. ზარქუას ოპოზიციის აქტივისტი თავს მაშინ დაესხა, როდესაც მას 11 წლის ქალიშვილი ცეკვის გაკვეთილიდან უნდა წამოეყვანა. მობილურმომარჯვებული ქალბატონი, შვილის თვალწინ, ფოიეში დაესხა დეპუტატს თავს. ზარქუამ მის მიმართ განხორციელებული ბულინგის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ქალბატონი, რომელიც დეპუტატს თავს დაესხა, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. სწორედ მან გამოფინა პარლამენტში ბანერი ისტერიული კივილით - „არა რუსულ კანონს“.
ზარქუამდე ბულინგის მსხვერპლი გახდა დეპუტატი ელისო ბოლქვაძე. ლევილის მამულში, ფესტივალის ჩაშლა გია უდესიანმა და მისმა დაჯგუფებამ სცადეს. მათ ამის საშუალება საფრანგეთის პოლიციამ არ მისცა. უდესიანთან ერთად იმყოფებოდა თამარა დემურია, რომელიც ცხოვრობს საფრანგეთში და არის ოპოზიციონერი აქტივისტი.
მაშ შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „გამჭვირვალეობის შესახებ კანონს“ ე.წ. არასამთავრობო სექტორმა დააანონსა 84 დეპუტატის პოლიტიკური მკვლელობა. როგორც ირკვევა, ყველა ეს მივარდნები და ბულინგები კარგად ორგანიზებულია. არსებული ინფორმაციით ა-ო-ს მიერ შექმნილია ე.წ. მოძალადეთა რაზმი. დეპუტატებზე თავდასხვა შეფასებულია $500 დოლარით. ასევე, ყოველი თავდასხმა უნდა იყოს გადაღებული, რომ თავდამსხმელმა გასამრჯელო მიიღოს.
ქვეყანაში მიმდინარე მასიურ ტერორზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დადგმული „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენები, პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა. მისი თქმით, დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ.
„მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები დაემუქრნენ პარლამენტის წევრებს „კეფაში ტყვიით“ (ლევან დათუნაშვილი, „ჯემნიუსი“) - (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, „სირცხვილია“) - ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით.
საჯარო სივრცეში თავს დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს ოჯახთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრს (მარიამ წიწიკაშვილი, „გრასი“ / „ფაქტჩეკი“).
ცხადია, მედიისთვის დადგმული ეს ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს. დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებიდან რამდენიმე ხანში აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას თავს დაესხნენ. შვილის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, რომლის თქმით, მალე, ყველა „მწარედ დაისჯება“. მისივე განცხადებით, პასუხი პაპუაშვილსაც მოეთხოვება.
„სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები. ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი, ბიძინა ივანიშვილი დაისჯება, სულ მალე“, - წერს დავით ბერძენიშვილი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ფაქტი ძალიან სამწუხაროა და იმედი გამოთქვა, რომ ექიმები ზუკა ბერძენიშვილს დახმარებას დროულად აღმოუჩენენ. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ძალადობასთან დაკავშირებით „რადიკალურ ძალებს“ ორმაგი სტანდარტის მიდგომა აქვთ, რაც მიუღებელია.
„ძალადობა არის მიუღებელი. ეს არ არის ენა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს უნდა ესაუბრებოდნენ. სამწუხაროდ, როდესაც განსხვავებული აზრი არის საკითხებზე, გვყავს ისეთი ოპონენტები, ისეთი პოლიტიკური ძალები პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დისკუსია, განხილვები, ჯანსაღი არგუმენტების წარმოდგენა დაებლოკათ და პროცესები მთლიანად ძალადობრივ სიბრტყეში გადაიტანეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აგრესიის გამომხატველი ადამიანები გარკვეულ ორგანიზაციებთან არიან დაკავშირებული.
„რასაც ვხედავთ, ეს არის ვითომ აღშფოთებული მოქალაქეების სცენები. დეპუტატების მიმართ აგრესია გამოიხატება და როგორც ირკვევა, აგრესიის გამომხატველი ადამიანები არიან გარკვეულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული. კითხვები ჩნდება, თუ როგორ ფინანსდებიან და რა მიზნები აქვთ ამ ორგანიზაციებს. სწორედ იმიტომ არის საჭირო გამჭვირვალობა, რომ დონორებისთვისაც ცხადი იყოს, თუ რაში იხარჯება ის თანხები, რაც ვითომდა საქართველოს განვითარებას ხმარდება. იმ ქმედებებს არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან და ამ ქვეყნის განვითარებასთან. ეს არის ადამიანებზე ზეწოლის და ტერორის გამოხატულება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელშიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლების მხრიდან მუქარებსა და თავდასხმებზეა საუბარი, პოლიტიკური შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია დაძაბულობასა და ძალადობრივ ფაქტებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, უმრავლესობა კი პარლამენტის თავმჯდომარეს ეთანხმება და აცხადებს, რომ ფული სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებასა და ძალადობის წახალისებისთვის იხარჯება.
„ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ დონორი ორგანიზაციები დღემდე აფინანსებენ ენჯეოებს, რომლებიც დეპუტატებს მკვლელობით ემუქრებიან, მათ და მათი ოჯახის წევრებს აბულინგებენ და დღემდე სინანულიც არ გამოუთქვამთ.
„ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს. ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე დონორი ორგანიზაციები, აფინანსებენ იმ ენჯეოებს, რომლებიც დეპუტატებს ემუქრებიან მკვლელობით, აბულინგებენ მათ და მათ ოჯახის წევრებს და დღემდე სინანულიც კი არ გამოუთქვამთ. აი, ეს არის სწორედ რასაც ჩვენ ვამბობთ - შავი ფულის დახარჯვა ძალადობის წახალისებაზე - ეს ძალიან სამწუხაროა“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
„გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილს არ მოსწონს, როდესაც აგრესია ორივე მხრიდან ღვივდება, რაც შესაძლოა, სერიოზულ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
„ეს ყველაფერი წახალისებულია იმის გამო, რომ ერთმანეთში აღარ ვლაპარაკობთ და ტელევიზიებში დებატები არ არის. ოპონენტები როდესაც ერთმანეთს არგუმენტებს არ უცვლიან, ფაქტობრივად, აგრესია რჩება. არ მომწონს, რომ ეს აგრესია ორივე მხრიდან ღვივდება. საერთოდ არ მომწონს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს ადამიანები გულწრფელად აგინებენ. ყველაფრის გათვლა შეუძლებელია და ეს ყველაფერი, შესაძლოა სერიოზულ ფიზიკურ დაპირისპირებაში ან რაიმე უბედურებაში გადაიზარდოს.
ამაზე პასუხისმგებელია ის ხალხი, ვინც ლაპარაკზე უარი თქვა და ისიც არ შეგვიძლია გავარჩიოთ, ვინ არის მტერი, ვინ არის ომის პარტია, რა უნდათ ჩვენგან. გამოდის, ორივე მხარე ერთმანეთის დემონიზაციას ახდენს და საკუთარ აქტივისტებს ლეგიტიმაციას აძლევს, რომ მოწინააღმდეგის მიმართ შეურაცხმყოფელი თუ არაშეურაცხმყოფელი ქმედება განახორციელონ. ეს დაპირისპირება უნდა დასრულდეს, რადგან ანტიდასავლურია და ყველაზე საშიში მდგომარეობაა, რაც შეიძლება პოლიტიკოსებმა და მედიამ საზოგადოებაში შექმნან“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯდომარეს და ხელისუფლებას აკისრებს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია.
„შალვა პაპუაშვილი სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმებს თავად აწყობს, მისი განცხადებიდან ერთ საათში ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ და უმოწყალოდ სცემეს. პოლიტიკურად პასუხისმგებელია, როგორც ცემაზე, ასევე „ტიტუშკების“ ქმედებებზე, რომლებიც ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო სცემენ. პარლამენტის თავმჯდომარეს და ხელისუფლებას ეკისრება პაუსიხმგებლობა იმაზე, რაც ხდება“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ა-ო „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ თავმჯდომარე დავით ჩიხელიძე აცხადებს, რომ ძალადობის ყოველი გამოვლინება მიუღებელია, მაგრამ შედეგს ყოველთვის აქვს მიზეზი და მისი თქმით, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ორი მიზეზი აქვს. პირველი ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გატარებული პოლიტიკა (როცა ხელისუფლებაში იყვნენ) მეორე კი აკერმანის და შარპის თეორია, რომლის მიხედვით, ძალადობა მისაღები და საჭიროც კი არის.
„ქარის დამთესავი, ქარიშხალს მოიმკისო“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქარი წარმატებით დათესა დღეს კი შედეგებს იმკის. მათ ცხოვრება უამრავ ადამიანს და ოჯახს დაუნგრიეს, რის გამოც არათუ პასუხი არ უგიათ, ბოდიშიც არ მოუხდიათ. დღეს ეს ადამიანები მორალს გვიკითხავენ, რაც მათ მიერ გამწარებული ადამიანების ლეგიტიმურ გაბრაზებას და აგრესიას იწვევს.
მეორე „მიზეზი“ აკერმანი/შარპის თეორია არის, რომელიც ახალგაზრდებს მოძღვრავს, რომ აგრესია შობს აგრესიას, საჭიროა რადიკალები აგრესიულები იყვნენ, რათა მათ აგრესიით უპასუხონ და თვითონ მსხვერპლის როლი მოირგონ, რადგან საზოგადოება ყოველთვის მსხვერპლის და „ჩაგრულის“ მხარეს არის. რადგან რადიკალების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება არაძალადობრივი იყო, მათ თვითონ დაიწყეს პროვოკატორობა, რომ როგორმე მსხვერპლად წარმოჩინდნენ.
მაგალითად, შეგვიძლია ზარქუას და ჯაფარიძის საქმე მოვიყვანოთ, როცა პარტიული ადამიანები პროვოკაციის მოსაწყობად მიუვარდნენ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ზარქუას შემთხვევა, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, აღნიშნულ ფაქტზე, ბავშვთა დაცვის არც ერთ ორგანიზაციას პოზიცია არ გამოუხატავს. რადიკალების მთავარ მიზანს, ჩაგრულის იმიჯის მორგება და საზოგადოებაზე მანიპულაცია წარმოადგენს, რისი მიღწევაც, თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ძნელად შესაძლებელია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძე.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ფიქრობს, რომ ორგანიზებული ძალადობის მიზანი არის დემორალიზაცია, რომ შეაჩერონ ის წინააღმდეგობა, რომლის გაწევაც ხდება საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
„მეთოდი, რომელიც არის გამოყენებული, ეს გახლავთ მეთოდი, რომლის მიზანი არის იმ ძალების დემორალიზაცია, რომელიც მიუღებელია უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებისათვის. ამიტომ, ეს არის ჩვეულებრივი მეთოდოლოგია, რომელიც ადრეც ფიქსირდებოდა და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით არაფერი არ არის შეცვლილი.
არსებობს, ალბათ, ისეთ პირთა კატეგორია, რომლებიც აღასრულებენ უცხო ქვეყნების სადაზვერვო ინტერესებს და შესაძლებელია ეს იყოს თანხის სანაცვლოდ, ან გრკვეული იდეოლოგიის საფუძველზე. შესაბამისად, ისინი მოქმედებენ იმისთვის, რომ დისკრედიტირებული იყოს ის ჯგუფი, რომელმაც მიიღო ის კანონი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისათვის იყო მნიშვნელოვანი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
ზოგადად კი ასეა, ამ ფსიქოლოგიურ ტერორს კანონმა რამე თუ არ მოუხერხა, უცხოური ფულის მოსირნე მგინებელი სულ იქნება და მათი გამლახავებიც მომრავლდებიქნ!
მიშა რო გამოუშვას თვითონ ლიდერობას დაკარგავს
ასე რომ-------------------- არ გამოუშვებს.!!!..