არჩევნების შემდეგ, ევროპარლამენტში ძალთა ბალანსი შეიცვალა - ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, რის გამოც ბუნდოვანია კითხვაზე პასუხი, თუ როგორ შეძლებენ ევროკავშირის მსხვილი სახელმწიფოები ბლოკში თავიანთი პოლიტიკის წარმართვას.
მომდევნო 5 წლის განმავლობაში ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტის სერიოზული ფორმირება მოხდა - ულტრამემარჯვენეების ტრიუმფი, ლიბერალების მარცხი და ცენტრისტების შენარჩუნებული დომინანტობა ევროპარლამენტში. არჩევნების შედეგების მიხედვით, ევროპის საკანონმდებლო ორგანში ლიდერობას ინარჩუნებს ევროპის სახალხო პარტია, რომელსაც 720-ადგილიან პარლამენტში 185 მანდატი ექნება.
ისევ მეორე ადგილზეა „სოციალ-დემოკრატების“ ბლოკი 137 მანდატით. ხმები დაკარგეს „მწვანეებმა“ და ლიბერალურმა ჯგუფმა „განაახლე ევროპა“-მ, რომელსაც ახალ პარლამენტში ათობით მანდატით ნაკლები ექნება. მანდატების რაოდენობა გაეზარდათ ევროპარლამენტში „კონსერვატორების და რეფორმისტების“ ჯგუფს. ამ ჯგუფში შედიან პარტიები: „იტალიის ძმები“, პოლონეთის „კანონი და სამართლიანობა“, ესპანეთის „ვოქსი“. ვარაუდობენ, რომ მათი კონსერვატიული ღირებულებები ევროკავშირის პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ხმათა 44% მიიღო ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ - ამ შედეგით მან ევროპარლამენტში 11 მანდატი მოიპოვა, რაც წინა არჩევნების შედეგთან შედარებით 2 ადგილით ნაკლებია. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ჯგუფს დაუჭერს მხარს 95 დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი.
პოლიტოლოგების აზრით, ევროპის სახალხო პარტიას კვლაც დომინანტური პოზიცია უკავია პარლამენტში, თუმცა მათ მოუწევთ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობა, რადგან უმრავლესობის შესაქმნელად, სულ მცირე, 361 დეპუტატის გაერთიანებაა საჭირო. ის ფაქტიც, რომ ულტრამემარჯვენეებს გაზრდილი რაოდენობის მანდატები ექნებათ, იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, პარლამენტმა ვერ შეძლოს კონსენსუსის მიღწევა ისეთ კრიტიკულ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის ომი, მიგრაცია და ე.წ მწვანე პოლიტიკა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს საკითხები გახდა ახალ ევროპარლამენტში ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის მანდატების დაკარგვის საფუძველი.
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელ X-ში აფასებს ვიოლა ფონ კრამონი, რომლიც საქრათველოს ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა და ამჟამად ევროპარლამენტის მიღმა დარჩა. მისი განცხადებით, საარჩევნო კამპანიის დროს, ბევრისგან მოისმინა, რომ პრობლემა არა პუტინი, არამედ ამერიკა, თავად გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტო და „სი აი ეი“ იყო.
მაკრონის და შოლცის კრახი
ევროპის საარჩევნო პოლიტიკური დრამა - ასე შეაფასეს ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები ბრიუსელში, მაკრონისა და შოლცის პარტიების მარცხის შემდეგ. მონაცემების მიხედვით, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტია ხმების 31.5%-ით ლიდერობს, რაც ორჯერ მეტია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის „რენესანსის“ პარტიის შედეგებთან შედარებით. ამ მასშტაბის მარცხის შემდეგ, მაკრონმა მოახლოებული ოლიმპიადის წინ, მოულოდნელად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები 30 ივნისს და 7 ივლისს ჩატარდება. მაკრონის გადაწყვეტილება ანალიტიკოსებმა ე.წ. რუსული რულეტკით თამაშს შეადარეს. ამ გზით საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ძალაუფლება შეინარჩუნოს, თუმცა პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ მაკრონს მოუწევს ულტრამემარჯვენეებთან ისეთივე კოჰაბიტაცია დაამყაროს, როგორც ეს წლების წინ, ჟაკ შირაკის მმართველობის პერიოდში მოხდა. მიღებული შედეგებით მარინ ლე პენი კმაყოფილია და მოსახლეობას მადლობას უხდის.
რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ აპირებს გერმანია, სადაც მარცხის გამო, მაკრონის მსგავსად, შოლცის მთავრობასაც უმძიმესი ღამე ჰქონდა. შედეგების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში ოლაფ შოლცის კოალიციის სამივე პარტია დამარცხდა. კანცლერის „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ ხმების 14%-ით მესამე ადგილი დაიკავა. არჩევნებში ლიდერობს კონსერვატიული ბლოკი ხმების 30%-ით.
არჩევნებში წარუმატებლობის გამო თანამდებობას ტოვებს ბელგიის პრემიერ-მინისტრი. ალექსანდრე დე კროომ განცხადებაში თქვა, რომ ამ გზით ის პასუხისმგებლობას იღებს მისი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის მარცხზე. ევროპარლამენტის არჩევნებზე მემარჯვენე ნაციონალისტურმა „ახალმა ფლამანდიურმა ალიანსმა“ პირველი ადგილი დაიკავა. პრემიერის პარტიამ ხმების, დაახლოებით, 6% აიღო. ეს ყველაზე დაბალი მონაცემია, რაც პარტიას აქამდე მიუღია.
რა იცვლება საქრათველოსთვის
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ის წინასწარი რეიტინგები და პროგნოზი, რომელიც დასავლურ მედიაში ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით ვრცელდებოდა, ნამდვილად ახდა, რადგან მემარჯვენე - კონსერვატიულმა ძალებმა საგრძნობ წარმატებას მიაღწიეს.
„მსგავსი შედეგი მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ ევროპელ ამომრჩეველს ძალიან აწუხებს რამდენიმე მწვავე საკითხი, ეს არის ინფლაცია და ეკონომიკა. ეს არის თითქმის უკონტროლო მიგრაცია და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული რეგულაციები. ეს კი საფრთხეს მეწარმეებს და ფერმერებს უქმნის. მემარჯვენე ძალების საგრძნობლად დაწინაურება მეტყველებს იმაზე, რომ ევროპელი ელექტორატის პრეფერენციები საგრძნობლად შეიცვალა. მაგალითად, გერმანიაში „მწვანეებმა“ დიდი საფრთხე განიცადეს. აღარაფერს ვაბობ ბელგიის პრემიერის გადადგომაზე, რომელიც უკმაყოფილო დარჩა მისი პარტიის შედეგებით. უნდა აღინიშნოს ასევე იტალიაში „ჯორჯიან მელოის ძმების“ დაწინაურება. უნგრეთში ორბანის პარტიის გასვლა და ა.შ.
რაც შეეხება იმას, რას შეიძლება ეს საქართველოსთვის ნიშნავდეს, ნიშნავს იმას, რომ ის კონსერვატორიული ძალები, რომლებიც თუ ერთ ჯგუფში გაერთიანდნენ, მაშინ მათ კოლექტიურ ევროპარლამენტში მეორე ადგილი ექნებათ, ტრადიციულად, პირველ ადგილას მყოფი სახალხო ევროპული პარტიის შემდეგ. რასაკვირველია, მემარჯვენე ძალების ასეთი გაძლიერება ევროპულ საკანონმდებლო სტრუქტურებში, გარკვეული პოლიტიკის მიღებაზე ასახვას ჰპოვებს“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ასე ადვილი არ იქნება ევროპული სახალხო პარტიის და მასთან აფილირებული პოლიტიკური ძალებისთვის ისეთ კანონებზე თანხმობის მიღება, რომელიც მანამდე ჰქონდათ.
„აქ საინტერესოა, ასევე, შეძლებს თუ არა ურსულა ფონ დენ ლაიენი 361 ხმის მოპოვებას. ის ცდილობს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ურთიერთობის დამყარებას, რომ მეორედ აირჩიონ. ამასთანავე, მას სჭირდება ევროპულ საბჭოში შემავალი 27 - ქვეყნისვე მხარდაჭერა. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, აქ ევროპის პრაგმატული ძალები უნდა დაფიქრდნენ, რომ არ შეიძლება გარკვეულ კანონზე გაიფუჭო მრავალწლიანი ურთიერთობა სანდო პარტნიორთან, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია.
ვფიქრობ, ამ წლის ბოლოს, როდესაც ევროკავშირის მინისტერიალი შედგება და შემდეგ ევროკავშირის შეხვედრა, არ უნად ველოდოთ, რაღაცა მკაცრ სანქციებს საქართველოსთან მიმართებაში. შეიძლება ეს იყოს გარკვეული ვადით გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გადადება. ასევე, არ დავივიწყოთ, რომ ჩვენ გვყავს მეგობარი ქვეყნები, რომლებიც საქართველოს დასჯას არ დაუშვებს ე.წ. რუსული კანონის გამო, რომელიც თავად ევროპარლამენტს განხილვაში აქვს“, - ამბობს აბაშიძე.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს ზუსტად თქვა და გათვალა, როდესაც მიანიშნა, რომ ევროპაში გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყებოდა. ქადაგიძე ამბობს, რომ ამ არჩევნებზე ზუსტად ის მოხდა, რაც მან თქვა.
„ვნახეთ, რაც მოხდა და როგორ დარჩნენ ევროპარლამენტის მიღმა ფოტიგა და მისი მსგავსი ევროპარლამენტარები. თურმე ლეგიტიმაცია საკუთარ ქვეყნებში არ ჰქონიათ და აქ ჩვენს ხალხს და მის ხელისუფებას უთითებდნენ ვის რა უნდა გაეკეთებინა. ევროპაში მიხვდა ხალხი, რომ მათ ინტერესებს ეს ევროპარლამენტარები და მათი ლიბერალური შეხედულებები ვერ პასუხობდნენ. გავიდა ის პარტიები და ის პოლიტიკური ძალები, ვინც აქცენტს მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე აკეთებს და ეს ლიბერალური ფაშიზმი ევროპაში ნელ-ნელა დასრულდება.
დაიწყო გადატვირთვის პოლიტიკა ევროპაში და ბიძინა ივანიშვილმა სწორად ივარაუდა, რომ თავად ევროპარლამენტშიც დიდი ცვლილებები იქნებოდა. ის, რომ მხოლოდ რუსეთი არ არის პრობლემა და ამერიკაც არის ქვეყანა, რომელიც ევროპის შიდა საქმეებში ერევა, ამ არჩევნებიდანაც გამოჩნდა. ხალხს მოსწყინდა არაფრის მაქნისი ევროპარლამენტარები და ვნახეთ, რაც მოხდა, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, სადაც ბელგიის პრემიერ - მინისტრი გადადგა, რადგან მან არჩევნები წააგო. მაკრონმა კიდევ პარლამენტი დაითხოვა და ხელახალი არჩევნები დანიშნა. ჩვენი მაგინებელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც კი გარეთ დარჩა. ამიტომ ვნახოთ, იმედია, რომ სრულიად ახალი რეალობა იქნება“, - ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქით, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ და მისმა მოკავშირეებმა ევროპარლამენტში 11 ადგილი მოიპოვა, ასევე ორბანი შარლ მიშელს ჩაანაცვლებს 1 ივლისიდან. შესაბამისად, ანალიტიკოსი ელის, რომ საქართველოსთან მიმართებაში ევროპარლამენტში სრულიად სხვა პოლიტიკა განხორციელდება და ის რადიკალი ევროპარლამენტარები, რომლებიც ნაციონალების ლობისტები იყვნენ, საქართველოს შიდა საქმეებში ისე აღარ ჩაერევიან.
სამი კაცი მიეპარა უკნიდანო, წერს მისნაირი, ანუ პირდაპირ რომ მისულიყვნენ, ვერ მოერეოდნენო
არავის ცემა არაა გასახარი, მაგრამ შენს თავს უფლებას რომ აძლევ პირადი ფინანსური სარგებლისათვის ურეკო და აგინო დეპუტატებს, არადეპუტატებს, ვინც შენსავით მახინჯად არ აზროვნებს, იმისთვისაც უნდა იყო მზად, რომ ვიღაც არ მოითმენს და დაგჟეჟავს!
ის ლოგიკა, რომ მე ვისაც მინდა გავლანძრავ, ვაგინებ და არავინ გამეკაროსო, ზოგადად ისევეა მიუღებელი, როგორც "იმიტომ"
ხოხმა რა იქნება იცით? 2-3 თვეში ასოების შემოსავალ-გასავალი რომ გასაჯაროვდება და ამ ვიგინდარა ზ ბერძენიშვილს ამ ცემისთვის პრემია რომ ექნება გამოწერილი :))