ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ოპოზიციას არჩევნების წინ სანქციები მაშველ რგოლად გამოუგზავნა. რეალურად, როგორ შეიძლება ამერიკულმა სანქციებმა ქართულ საზოგადოებაზე იმოქმედოს და უშველის თუ არა ურეიტინგო ოპოზიციას დასაველთიდან წამოსული დახმარება?
ანალიტიკოსები for.ge-სთან ვარაუდობენ, რომ სანქციები პირიქით, უკურეაქციას გამოიწვევს, რადგან ამით „ოცნების“ ამომრჩევლის კონსოლიდაციას და მობილიზებას გამოიწვევს.
მათი აზრით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ხვდება, რომ ეს სანქციები არ არის მხოლოდ კანონის გამო დაწესებული და ამის მიღმა ძალიან სერიოზული პოლიტიკური მიზნები დგას. ამერიკის ადმინისტრაციის მიერ გადადგმულმა ხისტმა ნაბიჯებმა კი მოსახლეობაში გაამყარა ის მოსაზრება, რომ მათ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება უნდათ.
სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტის ამოქმედების შესახებ ვაშინგტონმა თბილისს 6 ივნისის ღამეს აცნობა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, შტატებში შესვლის აკრძალვა „ქართული ოცნების“ წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებს და კერძო პირებს დაუწესდათ. მათ შორის, ინდივიდებს და მათი ოჯახის წევრებს, ვინც, დეპარტამენტის შეფასებით, პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. საუბარი სულ 20-იდან 30-მდე პირზეა, რომელთა ვინაობის გასაჯაროებაზე უარის თქმის მოტივად სავიზო მონაცემების კონფიდენციალურობა სახელდება.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით დაინიშნა ბრიფინგები ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები შტატების პოზიციას ლოგიკურს უწოდებენ და მოლოდინი აქვთ, რომ პარტნიორების მხრიდან, შესაძლოა, უფრო მკაცრი რეაგირებაც იყოს და სანქციების მექანიზმიც შეიცვალოს.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მიერ დაწესებული შეზღუდვები წერტილოვანია, ოპოზიციის ნაწილში ირწმუნებიან, რომ მას, ზოგადად, ყველაფერზე ექნება გავლენა. ხელისუფლების ოპონენტები არც იმას გამორიცხავენ, რომ შტატების შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილება ევროპულმა სახელმწიფოებმაც მიიღონ.
სავიზო შეზღუდვები დაწესებულია, თუმცა ბუნდოვანია, ვის ეხება ეს სანქციები. სამიზნე პირთა წრე არ საჯაროვდება.
საქართველოს კულტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ ამ სანქციების მიზანია, ერი დაუცველი დარჩეს და ხელისუფლებაში მოვიდეს ის, ვინც ზის „ვივამედში“, რომელსაც როცა ეტყვიან ადექიო - ადგება, დაწექიო - დაწვება, იფორთხეო - იფორთხებს.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, არ ჰგონია, რომ „ის ერი, რომელმაც ამდენი რამ გამოიარა, დაშორდება თავის მთავრობას, რომელიც მას მსახურად უდგას და საკუთარ თავზე იღებს დარტყმებს“.
ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ სანქციების თემამ, ამომრჩეველი უფრო მეტად გააღიზიანა. ქართველები ფიქრობენ და სვამენ კითხვას, რატომ უნდა წყდებოდეს ოკიანის გადაღმა ქვეყნის ბედი, როცა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვიღაც ამერიკელები უწყვეტენ მისი ქვეყნისთვის როგორი პოლიტიკა იქნება უკეთესი.
„ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება და არავის ეჭვი არ შეჰპარვია მის ლეგიტიმურობაში. თავად დასავლეთმა აღიარა 2020 წლის არჩევნები და პირიქით, აღმოჩნდა დიპლომატების გადათვლის შემდეგ, რომ აქეთ, „ოცნებას“ დააკლეს ხმები. აქედან გამომდინარე, რატომ უნდა უწესებდეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვიღაცა გადამთიელი სანქციებს იმის გამო, რომ მან თავისი ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის კანონი მიიღო?! ამის პრეცედენტი ხომ მსოფლიოში არ არსებობს.
უპირველეს ყოვლისა, გვიყურებენ ისე, როგორც კოლონიას - კოლონიებშიც არ აკეთებენ მსგავს რამეს. რუსეთი პირდაპირ მაინც გვეუბნებოდა, რომ თქვენ ხართ ჩვენი კოლონია და არ გაქვთ უფლება, თქვენი საკუთარი კანონი მიიღოთო. ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა, როცა ერთ დროს დემოკარტიის ფლაგმანად შერაცხული ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაცია კანონის მიღების გამო დეპუტატებს ასანქცირებს. ეს არის ამერიკელების გამოშალიკოვება, როცა 1%-იანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკოსს, რომელსაც სერიოზულად ქვეყანაში არავინ აღიქვამს, უჯერებ და მის ჭკუაზე დადიხარ, ამხელა მსოფლიო გავლენის ამბიციის მქონე ქვეყნის ადმინისტრაცია“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, ახლა „ოცნების“ ამომრჩეველი პირიქით, უფრო მობილიზებული გახდება და ხელისუფლებას თუკი ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიციას 10-მანდატი უნდა აეღო, 4 მანდატსაც ვეღარ აიღებს.
„ქართველი კაცის ბუნება ასეთია, რომ ყოველთვის უსამართლოდ დაჩაგრულის მხარეს დგას. უსამართლოდ ჩაგრავენ ჩვენს ხელისუფლებას და ამას ხალხი მშვენივრად ხვდება. ჩვენს დეპუტატებს კი არ უწესებენ სანქციებს, არამედ იმ ხალხს, რომლებმაც ეს პოლიტიკოსები აირჩიეს და ნდობა გამოუცხადეს. წერონ, იკითხონ და ჰქონდეთ თავიანთი სანქციები, სამშობლოს სანქციებზე არ ყიდიან“, - ამბობს გვენეტაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები არჩევნების წინ პირიქით, საზოგადოებაში უკურიაქციას გამოიწვევს. საყვარელიძე ამბობს, რომ სამწუხაროდ, ამერიკელებმა არ იციან საქართველოს შიდა პოლიტიკაში რეალურად რა ხდება. მათ აქვთ ერთი სურვილი, რომ ოპოზიციას როგორმე, „ოცნების“ ხელისუფლების მოშორებაში დაეხმარონ, ამ ყველაფრის მიზეზი კი მხოლოდ კანონი არ არის.
„ხომ ყველა კარგად ხვდება, რომ აქ მარტო კანონზე საუბარი არ არის და რეალურად, სრულიად სხვა მიზეზებია. ამერიკელებს ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც, მათი აზრით, „ეურჩება“, ბევრი წყენა დაუგროვდათ. პირველ რიგში, აქ საუბარი უკრაინის ომზეა და იმ პოლიტიკაზე, რომელიც შემდეგ ხელისუფლებამ წარმართა. ეს იყო ამერიკელებისთვის პირველი მიუღებელი ნაბიჯები, როცა საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ის პოლიტიკა, რომელიც მისი ქვეყნისთვის და ხალხისთვის უკეთესი იქნებოდა. მეორე მიზეზი ამ დაპირისპირების კი ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობაა.
ამერიკელების ეჭვიანობა ყველანაირ საზღვრებს გასცდა და „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ მოთმინების ფიალა აევსოთ. ამიტომაც კანონი არის მხოლოდ საბაბი იმისთვის, რომ „ურჩი“ „ოცნება“ დასაჯონ. თუმცა ამერიკელები აქ ძალიან ცდებიან, რადგან ამით მოახერხებენ და მმართველი გუნდის კიდევ უფრო მობილიზებას შეძლებენ. ოპოზიციას არ აქვს სხვა არანაირი რესურსი გარდა დასავლეთიდან მხარდაჭერისა. ქვეყნის შიგნით, ჩვენი მოსახლეობის თვალში იმდენად არიან გაკოტრებულები, რომ ეს დახმარებაც ვერ უშველით. თუკი ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ ისევ ამ ხელისუფლების ალტერნატივაა, მაშინ ამერიკელების სანქციებიც ვერ უშველით“,-ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა წლების განმავლობაში, მით უმეტეს 2008 წლის შემდეგ, რუსეთს არაერთი სტრატეგიული ობიექტი გადასცა. ასევე, სავიზო რეჟიმი გაუუქმა და მათ საქართველოში ეპატიჟებოდა. მიუხედავად ამისა, ამერიკელების მხრიდან ერთი საყვედურიც კი არ დაცდენილა. ამის მიზეზი ის იყო, რომ სააკაშვილი ატარებდა იმ პოლტიკას, რაც მათ აწყობდათ.
„ამერიკული ნაბიჯები ოპოზიციისთვის საჩუქარია, მაგრამ ამის მიუხედავად, შედეგი არ იქნება ის, რაც ამერიკელებს აქვთ ჩაფიქრებული. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიხეილ სააკაშვილი იყო და არის მიუღებელი. ეს სიტუაცია არ შეცვლილა და ოპოზიცია მოსახლეობას, ვხედავთ, ახალსაც ვერაფერს სთავაზობს. ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ სახელისუფლებო საჭესთან არ მიუშვებს. ისეთ სუსტ პოზიციაზეც კი, როგორიც პრეზიდენტის პოზიცია იყო, მათმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა.
ხალხმა ენმ-ის კანდიდატს ისევ სალომე ზურაბიშვილი ამჯობინა. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ნორმალური პარტია სხვანაირად უნდა იქცეოდეს. ოპოზიციას ხალხთან დიალოგი უნდა ჰქონდეს, მათ უნდა ხიბლავდეს, თავს აწონებდეს და ა.შ. ამას არ აკეთებენ და მიიღებენ იმ შედეგბს, რაც აქამდე ჰქონდათ. თუ უცხოეთის სანქციებმა ქართველი ხალხის ცხოვრება არ გაართულა, მაშინ ოპოზიციისთვის ეს სანქციბი პოლიტიკურად არაფრის მომცემი არ იქნება“, - ამბობს საყვარელიძე.