ამერიკული „დემოკრატია“ - რას ითხოვდა აშშ და რატომ დაასანქცირეს საქართველო?

ამერიკული „დემოკრატია“ - რას ითხოვდა აშშ და რატომ დაასანქცირეს საქართველო?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, შეზღუდვები გავრცელდება მათ ოჯახის წევრებზეც. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 36 პირს მოიცავს.

„შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებული რჩება „ქართული ოცნების“ პარტიის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ისევე, როგორც მისი ბოლო დროის განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადახვევის რისკს აჩენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მისი ხალხის ნებას. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ცოტა ხნის წინ აშშ-ისა და საქართველოს შორის ყველა სახის ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვა გამოაცხადა. ამ გადახედვის ნაწილად, სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სავიზო აკრძალვების პოლიტიკა მიიღო“, - აცხადებს მეთიუ მილერი.

ჩნდება კითხრა რატომ 36 პირი და არა 84? - ანუ, საქართველოს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობა, რომლებმაც ხმა მისცეს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ასევე ოფიციალურად არ არის ცნობილი იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ენტონი ბლინკენმა დაასანქცირა. ოფიციალური თბილისის განცხადებით „გამჭვირვალეობის კანონი“ არის ეროვნული ღირსების აქტი, სახელმწიფოს მეტი უსაფრთხოებისა და მეტი დაცულობისთვის, რომელიც აღმოჩნდა ყველაზე ძლიერი მამხილებელი იარაღი ყველა იმ გარე ძალებისთვის, რომელიც ოპოზიციურ სპექტრთან ერთად, ანტიქართული მიზნისთვის იბრძვის.

for.ge-ს ინფორმაციით ამერიკული სანქციის რეალური მიზეზი არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონია, არამედ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, აშშ-მა ოფიციალირად მოსთხოვა საქართველოს მთავრობას, რომ არ მიეღო კანონი ლგბტქ+ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიყენებდა სანქციებს. უკვე ცნობილია, რომ ეს კანონი იქნება ზნეობრივი აქტი, რომელიც იქნება ღია აღიარება იმ მორალური და კულტურული ფასეულობების, რაც მოსახლეობის უმრავლესობას გააჩნია.

ამერიკული ე.წ. სანქციების შემდეგ, უმრავლესობა ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვაზე საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სავიზო შეზღუდვებზე მუქარა და განცხადებები არასერიოზული იყო. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სამწუხაროა, რომ მეგობრობის პასუხად ჩვენ ვიღებთ ასეთ არასერიოზულ განცხადებებს თუ გადაწყვეტილებებს.

„საერთო ჯამში, რასაც ვსაუბრობდით, ისე ხდება. არასერიოზული იყო როგორც მუქარა, ისე განცხადება სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით, როდესაც მოვისმინეთ ჩვენ გუშინ, რომ ორი დუჟინი ქართველი დასანქცირდა ისე, რომ არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები. ძალიან გული მწყდება, რომ ასეთ მიდგომებს ვხედავ. ნაცვლად იმისა, რომ ამერიკის ხელისუფლებას ეზრუნა, რომ გამოესწორებინა ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის, ვხედავთ არასერიოზულ ნაბიჯებს, რომელიც ნამდვილად არ ეკადრება ამხელა ქვეყანას.

მინდა, ხაზი გავუსვა, ქართველმა ხალხმა 30 წელი მეგობრობის მეტი არაფერი აჩვენა ამერიკას, ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას. სამწუხაროა, რომ ამ მეგობრობის პასუხად ჩვენ ვიღებთ ასეთ არასერიოზულ განცხადებებს თუ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო არ არის ვინმეს ვასალი, რომელსაც ვიღაც თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს. კალაძე ფიქრობს, რომ აშშ-თან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს, რადგან სტრატეგიული პარტნიორობა ამ ფორმით, უბრალოდ, შეუძლებელია.

„მზად ვართ მეგობრობისთვის, იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მართლა გაღრმავდეს და ჯანსაღი გახდეს, იყოს ისეთი, როგორიც უნდა იყოს და არა, უბრალოდ, ვირტუალური. სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც არის ერთგვარი წახალისება გარდაცვლილი ოპოზიციის, რომელიც არის ზერო, ნული. მკვდარი როდის იყო, ცოცხლდებოდა? მკვდარს ვერ გავაცოცხლებთ. ასეა დღევანდელი ოპოზიცია, რომელიც არის ნული. ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ, გუბაზ სანიკიძეს ჰკითხოთ და ზუსტ შეფასებას გეტყვით რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ამერიკასთან ურთიერთობები გადასახედია. დეპუტატი თვლის, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს არ უნდა ჰქონდეთ მცდელობები, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება შეიცვალოს არადემოკრატიული გზით.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის მცდელობები და ჩვენი პარტნიორების მხრიდან დაფინანსებული ისეთი ექსტრემისტული პროცესები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ პროცესებს ან სათავეში ედგნენ, ან მათი განხორციელების წყარო უნდა გამხდარიყვნენ. ეს მოცემულობა იძლევა საფუძველს, რომ როგორც ჭეშმარიტად პარტნიორებს, მით უმეტეს, სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ ურთიერთობები ვიზალიბერალიზაციით, პირდაპირი ფრენებით, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებით და არა გამუდმებული მცდელობა, ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება შეიცვალოს რაღაც არადემოკრატიული გზით“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სანქცირებული პირების სიის გასაიდუმლოებას გამბედაობის არარსებობას უკავშირებს, რომლის განცხადებით, სანქცირებული პირების ვინაობის დასახელებას გამბედაობა სჭირდება, რაც, როგორც ჩანს, სიის ავტორებს არ აქვთ. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ასობით ამერიკელის სიცოცხლე გადასარჩენად ავღანეთში დაღუპული ქართველი გმირების სისხლის სანაცვლოდ, აშშ სადამსჯელო ზომებს მიმართავს.

„აშშ-ის სახდეპმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა“, - მეთიუ მილერს ეტყობა სწორედ ამ ფრაზით სურს საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამი ათასწლიანი და გაქრისტიანების ორი ათასწლიანი ისტორია დახუროს. წარმოუდგენელი ზეიმია ცვილის ფიგურების მუზეუმში - როგორც ჩანს, აგენტოკრატებმა მათ მოლოდინებს ამ ეტაპზე მაქსიმუმით უპასუხეს.

წელს აშშ-ში მოსახლეობის შეშფოთებული ერთი ნახევარი აღშფოთებულ მეორე ნახევარს რომ დასცხებს - საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველომაც ამერიკასთან სავიზო „ბაირამი“ უნდა შეწყვიტოს. ხოლო კრიმინალური, ზნეობრივი, ნარკოტიკული აღვირახსნილობისა და პოლიციური ნიჰილიზმის, ტრანსგენდერთა ხილვადობის აშშ სამოგზაუროდ „საშიში ქვეყნების სიაში“ უკვე დღეიდან უნდა ვიგულისხმოთ“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ გვეცოდინება როგორია მეგობრობა-პარტნიორობა ამერიკულად. მისი თქმით, მარტივი მისახვედრია, რომ ეს კეთდება არჩევნებზე ნაცოპოზიციის წასახმარებლად.

„უფროსებს ერჩიან, მაგრამ ბავშვებს რაღას ერჩიან? ისე, ზოგი ჭირი მარგებელია, აწი გვეცოდინება თუ როგორია მეგობრობა-პარტნიორობა ამერიკულად. მარტივი მისახვედრია, რომ ეს კეთდება არჩევნებზე ნაცოპოზიციის წასახმარებლად. ჩემი პროგნოზით, მომავალ საარჩევნო კამპანიაში ტრადიციულ „შავი პიარის“ მეთოდებთან ერთად, იქნება გამოყენებული ახალი ტექნოლოგიები. კერძოდ, ხმების და გამოსახულებათა გენერაციის ინსტრუმენტები ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით. ამ AI მასალებმა უნდა მოახდინონ ამომრჩეველთა დეზინფორმირება პარტიებსა და პოლიტიკოსებზე, მათ საარჩევნო სიის წევრებზე, საარჩევნო პროგრამებზე და გაავრცელონ ყალბი ნარატივები. ტესტი საზრიანობაზე: რომელი ორგანიზაციები და მედია საშუალებები ფლობენ ყველაზე უკეთ ამ AI ტექნოლოგიებს?“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, როგორც ახლაა ქართველთა დასანქცირებით  აცუნდრუკებულ-გახარებული, გაყორღანაშვილებულ-გამოიასეფალავანდიშვილებული მეხუთე კოლონა, ასეთივე დღეში იყვნენ ის გამცემ-მოღალატეები, რომელთაც 1795 წლის 11 სექტემბერს უკან შემოაბრუნეს ირანს მიმავალი აღა-მაჰმად ხანი - ერეკლე მარტოა, დაბრუნდი და ააოხრე თბილისიო! პირადად მე ვპირდები ამ  საცოდავებს, რომ მათი სახელები და გვარები ისეთივე შავი ასოებით შევა და დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორადაც შევიდა და დარჩენილია გუბაზ მეფის მკვლელების, ყორღანაშვილის, იასე ფალავანდიშვილის,  ბერბიჭაშვილის, 9 მარტის ჯალათი ნიკიტას, 9 აპრილის დამნაშავე როდიონოვის. უნდა ძრწოდნენ“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.

 

მერაბ.g ვიღაც შედარებით ჭკვიანმა უთხრა, რომ კანონის მიღების გამო დეპუტატების სანქცირება ველურობაა და გადაატრიალეს პლასტინკა - ვასანქვირებთ ანტიდემოკრატიული რიტორიკის (სადაა გამოხატვის თავისუფლება?) და მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემისთვისო; გაილახნენ ის დემოსტრანტები, რომლებიც ამტვრევდნენ წინააღმდეგობას და პარლამენტში შევარდნას ცდილობდნენ (ჩვენ გვახსოვს, რომ კონგრესში შეჭრილი 6 პირი ადგილზე დახვრიტეს აშუშუში და 300-მდე დაიჭირეს)ან ხაბესა და ელისასავით შევარდნით ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას! გარდა ამისა, იმავე პერიოდში ამერიკულ კოლეჯებში იყო გამოსვლები ახლო აღმოსავლეთში ომის დამტავრების მოთხოვნით და მსოფლიომ ნახა რას უშვებოდა მათ პოლიცია; ასე ჩვენთან წიწილისმჭამელ უცხო ძაღლს არ ექცევიან!!! ან დასანქცირებულთა არდასახელება რაა? თუ კანოლია, 4 მოსამართლე რომ დაასანქცირეს, მაშინ რატომ დაასახელეს? რეალობა მარტივია: ხელისუფლება, რომელიც ომში არ ჩაერთო, გამჭვირვალობით საფრთხეს უქმნის მათი აგენტების გაშიფვრას, ტაშს არ უკრავს ერთსქესიანთა ქორწინებას, არ უნდათ, არ ენდობიან! ახლა არჩევნებამდე კიდევ გააძლიერებენ უკადრისის კადრებას, მერე არჩევნებს დაიწუნებენ და ბოლოს "მაიდანს" შეეცდებიან
ამიტომ ყველანი არჩევნებზე და ხმა მივცეთ: არა ომს! - გაუმარჯოს გამჭვირვალობას, ქართულ ტრადიციებს და დედაეკლესიას!
5 თვის უკან