6 ივნისს ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო, რომელიც 9 ივნისს დასრულდება. რამდენად შეიძლება აისახოს ეს პროცესი საქართველოზე, მის ევროპულ პერსპექტივასა და ზოგადად, საქართველო-ევროკავშრის ურთიერთობებზე?
ანალიტიკოსები for.ge-სთან რადიკალურ ცვლილებებს არ ელიან, თუმცა ამბობენ, რომ, დიდი ალბათობით, ევროპარლამენტარების ნაწილი შეიცვლება და ახალი ძალებით დაკომპლექტდება. ეს შესაძლებლობა კი „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გამოიყენოს და ახალ ევროპარლამენტთან უფრო მეტ კომუნიკაციას ეცადოს, მოკავშირეები გაიჩინოს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მეგბარი ქვეყნის, უნგრეთის ლიდერობა, რაც საქართველოსთვის პოზიტიური მოვლენა შესაძლოა გახდეს.
ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში 6-9 ივნისს ჩატარდება. მთელ ბლოკში დაახლოებით 370 მილიონი ამომრჩეველია, თუმცა არჩევნებზე ყველა მათგანი არ მივა. ბოლო გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა დაახლოებით 71% აპირებს ხმის მიცემას, თუმცა, თუ ასე მოხდა, ეს საოცრად კარგი მაჩვენებელი იქნება.
ადგილების განაწილება განისაზღვრება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობითა და წარმომადგენლობის მინიმალური დონის მიხედვით მცირე ქვეყნებისთვის. ყველაზე მეტი წარმომადგენელი ბრიუსელში გერმანიას ჰყავს, რომელიც 96 დეპუტატისგან შედგება. 2024 წლის არჩევნებზე ევროპარლამენტარების რაოდენობა 705-დან 720-მდე გაიზრდება.
პოლიტიკური ჯგუფები ევროპარლამენტში
ამჟამად ევროპარლამენტში 705 წევრია. ისინი შვიდ პოლიტიკურ ჯგუფში არიან განაწილებული, პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით. ზოგიერთი ევროპარლამენტარი არ არის არც ერთი ჯგუფის წევრი. 2024 წლის არჩევნებზე ევროპარლამენტარების რაოდენობა 720-მდე გაიზრდება.
ევროპის სახალხო პარტია (EPP) (177), სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D) (140), განახლება (Renew Europe) (102), მწვანეები (Greens/EFA) (72), ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR) (68), იდენტობა და დემოკრატია (ID) (59), წევრები პოლიტიკური ჯგუფის გარეშე (NI) (50), მემარცხენეები ევროპარლამენტში (GUE/NGL) (37) და
როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, პირველ და მეორე ადგილებს ისევ ევროპის სახალხო პარტია და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი გადაინაწილებენ, თუმცა 100-ზე მეტი ევროპარლამენტარია, რომლებიც ჯერჯერობით, არ არიან დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ოჯახთან. მათი უმეტესობა სხვადასხვა ჯურის პოპულისტია, ასე რომ, სავარაუდოდ, ისინი ID-ს და ECR-ს მიაკითხავენ. ან, შესაძლოა, შეიქმნას ახალი მემარჯვენე ჯგუფი.
რაც შეეხება უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, იგი შესაძლოა, ევროპული საბჭოს დროებითი მმართველი გახდეს. ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება.
საქმე ისაა, რომ ევროპული საბჭოს დღევანდელი პრეზიდენტი შარლ მიშელი თანამდებობიდან წასვლას და ევროპარლამენტში კენჭისყრას აპირებს. ვინაიდან ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი ხდება, ორბანი მისი დროებითი მმართველი გახდება ევროპული საბჭოს მომდევნო პრეზიდენტის არჩევამდე.
უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ივლისში ხდება. ევროკავშირის 26 ქვეყანას არ სურს, რომ ორბანმა, თუნდაც დროებით, ეს თანამდებობა დაიკავოს, რადგანაც ევროკავშირსა და ორბანს შორის ბოლო დროს ძალზე დაძაბული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ორბანის ნეგატიური პოზიციაა.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ არჩევნებიდან ძირეულ ცვლილებებს ევროპარალმენტში არ უნდა ველოდოთ. მისივე თქმით, ევროპამ ბოლოდროს აღვირახსნილი ულტრამემარჯვენეობით ნამდვილი ქაოსი შექმნა, ამიტომ მემარჯვენე პოზიციის პარტიები შესაძლოა, ნამდვილად ამ არჩევნებში იქნან წარმოდგენილნი.
„დაახლოებით, ნახევარმილიარდამდე ამომრჩეველზეა საუბარი, ამიტომ ვერავინ იტყვის ხელაღებით ეს პროცესი როგორ დასრულდება და რა კონფიგურაცია იქნება ახალ ევროპარლამენტში წარმოდგენილი. თუმცა ეს პროცესი დაძრულია და რეალურად, პოლიტიკური დოქტრინა, რაც ახლა ევროპას აქვს, ძალიან წამგებიანია, ფაქტია, რაღაცა უნდა შეიცვალოს. 2008 წლის შემდეგ, ევროპა სრულიად ამერიკულ კონიუნქტურაზე არის დამოკიდებული. ამიტომ, თუკი გადარჩენა უნდათ, ევროპა თვითგამორკვევას უნდა მიეცეს. არჩევნების შემდეგ რამდენნი იქნებიან მემარჯვენეები და რამდენი მემარცხენეები, ამაზე საუბარი რთულია.
თუმცა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ის ინერცია, რაც ახლა ევროპაში დაიწყო და მიხვდნენ როგორც იქნა, რომ ვაშინგტონზე არიან დამოკიდებულები, პოზიტიურ მოლოდინს აჩენს. ამ არჩევნებზე ეს თვითგამორკვევა უნდა აისახოს. დანარჩენი ვიცით, რომ 1 ივლისიდან უნგრეთი უხელმძღვანელებს და ვნახოთ, მერე როგორი დამოკიდებულება გაჩნდება საქართველოს მიმართ და რა ახალი პოლიტიკური გზავნილები გაჟღერდება. მაინც პოზიტური მოლოდნი მაქვს, რადგან საქართველოს მდგრადმა დამოკიდებულებამ ერთი რამ გამოაჩინა, რომ ევროპელებმაც და ამერიკელებმაც დაინახეს, რომ საქართველო 14 და 15 წლის წინანდელი ქვეყანა აღარ არის, სადაც მინისტრებს და მის მოადგილეებს თავად ნიშნავდნენ“, - ამბობს ქადაგიძე.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი ამბობს, რომ ევროპარლამენტში მიმდინარე არჩევნებით, დიდი ალბათობით, სურათი რადიკალურად არ შეიცვლება და ისევ ევროპის სახალხო პარტია მოახერხებს, რომ უმრავლესობაში იყოს და 170 დეპუტატი მაინც ჰყავდეს. თუმცა ქართველიშვილი for.ge-სთან არ გამორიცხავს, რომ ბევრი ის დეპუტატი აღარ იყოს ევოპარლამენტარი, რომლებსაც საქართველოსთან მიმართებაში საკმაოდ მწვავე დამოკიდებულება აქვთ და ეს პრობლემები უკვე პირად დაპირისპირებაშიც კი გადაიზარდა.
„ძალიან რთულია იმის თქმა, რომ ევროპარლამენტი ამ არჩევნების შედეგად რადიაკლურად შეიცვლება. მე პირადად არა მაქვს მოლოდინი, რომ რაღაცა სრულიად ახალ ევროპარლამენტს მივიღებთ. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ბევრი ის დეპუტატი შეიცვალოს, რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მიკერძოვებულ პოლიტიკას ავლენდნენ. თავად ევოპაშიც ბევრს საუბრობენ, რომ ეს ფსევდოლიბერალიზმი ძალიან ვნებს ევროპარლამენტსაც და ევროკავშირსაც. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ევროპარლამენტში უფრო კონსერვატული ძალები ვიხილოთ, რომელიც ევროპარლამენტის პოლიტიკას რაღაცით შეცვლიან. ამ ფონზე თბილისისთვის ეს ძალინ კარგი საშუალება იქნება იმისთვის, რომ ახალ ევროპარლამენტარებთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყონ. მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, რომ იმ ახალ ევროპარლამენტარებთან, რომლებიც ამ არჩევნების შედეგად იქნებიან არჩეულები, გარკვეული კომუნიკაცია დაამყარონ და დაიწყონ მათთან ურთიერთობა. მათ ჰქონდეთ რეალური წარმოდგენა იმაზე, თუ საქართველოსთან დაკავშირებით რა ხდება“, - ამბობს ქართველიშვილი.
რაც შეეხება ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენნის ხილვას, ქართველიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პერსონებს არა აქვს მნიშვნელობა, რადგან მხოლოდ ერთი ადამიანი ევროკავშირის პოლიტიკას არ განსაზღვრავს. მისი აზრით, დიდი ალბათობით, ეს იქნება უფრო ნეიტრალური პოლიტიკის მქონე ევროპარლამენტი, სადაც შუამავლის ფუნქციას უფრო შეითავსებენ და მოლოდინია, რომ საქართველოსთან მიმართებაშიც ეს ხისტი პოლიტიკა გადაიხედება.