მმართველ პარტიას კითხვა უჩნდება, რატომ იქცევა სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკა ასე ხისტად მაშინ, როცა ქართველებს ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული ამერიკისთვის მსოფლიო უსაფრთხოების თვალსაზრისით?
შალვა პაპუაშვილის თქმით, ამერიკელ ხალხს 30 წელია, ვემეგობრებით და გვერდში ვუდგავართ, ბევრი გვაქვს გაკეთებული და ამის საპასუხოდ საქართველოს დამცირების მცდელობას ვხედავთ.
„ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა ამბობს, რომ, როგორც კოლონიას, ისე გვიყურებენ. მისი თქმით, იყო პერიოდი, როცა საქართველოს ხელისუფლება ისე მოქმედებდა, რა დავალებასაც მიიღებდნენ „მეგობრების“ მხრიდან, ახლაც ასე სურთ ამ „მეგობრებს“, მაგრამ აღარ გამოუვათ, სხვისი დავალების შესრულება ჩვენს ქვეყანაში აღარ მოხდება და ყველა მეგობარ ქვეყანას საქართველოსთან საუბარი თანაბარი პოზიციიდან მოუწევს.
ქართველები მივეჩვიეთ იმას, რომ ამერიკის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი „რაზბორკებს“ აწყობდა ავტოფარეხებში და მეგობრის მხარდაჭერას „გარაჟში“ მისვლით გამოხატავდა. იმ პერიოდში დეგნანმა არაფრად ჩათვალა ვაკეში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მიწისქვეშა ავტოფარეხის აშენებასთან დაკავშირებით და ბიზნესმენ ვასიკო ცოტაძეს მხარი დაუჭირა.
სულ ახლახანს ჩვენი საზოგადოების ნაწილი „ნაცმოძრაობის“ ოფისში ევროკავშირის ელჩების მისვლამ გააღიზიანა. ეს მაშინ, როცა დასავლელი დიპლომატები არ მისულან სააკაშვილის რეჟიმის დროს დარბეულ-დასახიჩრებული ხალხის, სახურავზე შემოდებული გვამების სანახავად. რამდენად მორალურია ელჩების ქმედება, როცა ისინი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს პოლიტპატიმრებსაც კი არ ნახულობდნენ ციხეში, დიპლომატებს არ აინტერესებდათ თუნდაც ძმის გამო მძევლად აყვანილი ნორა კვიციანის მძიმე ყოფა საპატიმროში, სამაგიეროდ, აღელდნენ „ნაცმოძრაობის“ ოფისის დარბევის შემხედვარე და ორმაგი სტანდარტი გამოავლინეს.
დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, როდესაც მოძალადე პარტია თავისი ოფისის დარბევის პრეზენტაციას უწყობს ელჩებს, უმჯობესია, საკუთარი ძალადობრივი წარსული გაიხსენოს.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, რა თქმა უნდა, ელჩებმა ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით და არასწორად მოიქცნენ, როცა დამნაშავე პარტიის ოფისში მივიდნენ, მაგრამ თვითონ ხელისუფლებამ დააშავა სერიოზულად, რადგან ხელისუფლება პატივს არ სცემს ნეიტრალურ და მიუკერძოებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
„როდესაც ახსენებენ არასამთავრობოებს, ხელისუფლება იძახის, ეს მდიდარი, მილიონერი არასამთავრობო ორგანიზაციებიო. შე დალოცვილო, მდიდარი არასამთავრობო თუ გყავს, ე.ი. ღარიბი არასამთავრობიც გყოლია. ის ღარიბი არასამთავრობოები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებზე არიან ორიენტირებულნი, რატომ არ უნდა მიიწვიო საკონსულტაციო საბჭოში, რომელიც უნდა არსებობდეს ხელისუფლებასთან, მთავრობასთან ან პარლამენტთან?! განა არასამთავრობოებისგან შექმნილი საკონსულტაციო საბჭო არ უნდა ჰყავდეს პრემიერს, რომლებიც იმსჯელებდნენ და შედარებით ანალიზს გააკეთებდნენ, რა იყო წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს, რა ხდება დღეს?! მაშინ უკვე ხელისუფლებას კი არ მოუწევდა პოლიტიკურად ანგაჟირებული არასამთავრობოების მხილება, არამედ თვითონ ნეიტრალური არასამთავრობოები ამხელდნენ ანგაჟირებულებს. ასეთი საკონსულტაციო საბჭო თუ იარსებებდა, უცხოელი დიპლომატები მარტო „ნაციონალების“ არასამთავრობოებს კი არ შეხვდებოდნენ. ისინი რა უფლებით აღარ შეხვდებოდნენ იმ არასამთავრობოებს, რომლებიც ხელისუფლებასთან ერთად მუშაობენ ადამიანის უფლებების მიმართულებით?!“ - აცხადებს ნანა კაკაბაძე.
მისივე თქმით, უცხოელ ელჩებსაც მოერიდებოდათ „ნაცების“ დარბეულ ოფისში მისვლა. მიუკერძოებელი არასამთავრობოები იმუშავებდნენ ხელისუფლებასთან ერთად, დადებდნენ მასალებს, ეს საკმაოდ ძვირადღირებული საქმე იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას გვერდში დგომა სჭირდება. სხვათა შორის, იმ არასამთავრობოების 80%-ს და 100%-ს, ამერიკაში რომ ვუყურებთ, მთავრობა აფინანსებს. საქართველოში დაფინანსებაზე კი არა, საკონსულტაციო საბჭოს შექმნაზეა საუბარი, რაც მთავრობის ინტერესში უნდა იყოს. მთავრობამ ანგარიშგასაწევ ძალად უნდა აქციოს არასამთავრობოების ორგანიზებული ჯგუფი.
ნანა კაკაბაძის აზრით, ამ შემთხვევაში, თვითონ ხელისუფლება უნდა გამოსწორდეს, დააფასოს ნეიტრალური, მიუკერძოებელი არასამთავრობოები. ბოლოს და ბოლოს, კომუნისტებს ჰყავდათ არასამთავრობო ორგანიზაციები - „ფუტკრის მეგობარი“, „ტყის მეგობარი“, კომუნისტებმა იცოდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საჭირო იყო და დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა იცოდეს ფასი არასამთავრობოების? რატომ არაფერში არ იყენებენ, ამიტომაცაა არასამთავრობოებისგან შექმნილი მეხუთე კოლონა რომ აზით თავზე. ხელისუფლება ამაში თვითონვე დამნაშავეა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ, ცხადია, ბევრს გაუჩნდება კითხვა, სად იყვნენ ის უცხოელი დიპლომატები, როცა ნაციონალების დროს დარბევა და უსამართლობა ხდებოდა, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მომზადებული აქვთ ფრაზა - „დაანებეთ წარსულს თავი, ჩვენ უნდა მომავლისკენ გავიხედოთ“, ან კიდევ, „არ ვარგოდა ის წარსული, „ქართულ ოცნება“ ხომ უკეთესი უნდა იყოს“.
„შეიძლება, ეს ორმაგი სტანდარტია უცხოელი დიპლომატების მხრიდან, მაგრამ ნაციონალებმა დაპატიჟეს ელჩები. ეს დიპლომატები პოლიტპატიმრებს რომ არ ნახულობდნენ ციხეში, გასაკვირი არცაა, თუნდაც ნორა კვიციანი რომ გავიხსენოთ, ის არ იყო რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, ქალბატონი ნორას ისტორიას უფრო მორალური წონა აქვს, ოპოზიცია კი პოლიტიკური წონის მოვლენაა. ამიტომ ელჩებს, ალბათ, დავალება ექნებათ მიცემული საკუთარი ქვეყნებიდან, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ პოლიტიკოსებს, თუნდაც დამნაშავე პარტიის წარმომადგენლებს“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.