მესამე მსოფლიო ომის საფრთხე სულ უფრო იზრდება და რეალური ხდება

მესამე მსოფლიო ომის საფრთხე სულ უფრო იზრდება და რეალური ხდება

ევროკავშირი იწყებს მომზადებას შესაძლო ომისთვის და მიიღოს ზომები ერთობლივი შეიარაღებისთვის. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თვლის, რომ მსოფლიო ახლოს არის მესამე მსოფლიო ომთან. ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახსენებს ბირთვულ იარაღს, რადგან უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე საუბრობს და ჯო ბაიდენმა არ იცის, როგორ უპასუხოს ამას, ეს ყველაფერი კი საბოლოოდ, მესამე მსოფლიო ომამდე მივა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს ტელეფონით საუბრისას ნებართვა სთხოვა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმისთვის, რაც ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, ხელს შეუშლის რუსი ოკუპანტების მცდელობებს ომის გაფართოებასთან დაკავშირებით და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს.

გარდა ამისა, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი არ თვლის, რომ შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა უკრაინას, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებს გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღით დაარტყას, ესკალაციას გამოიწვევს. მისი თქმით, გადაწყვეტილება კიევისთვის გერმანული იარაღის გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ საგულდაგულოდ იყო გააზრებული გერმანიის მეგობრებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობით. როგორც კანცლერი აცხადებს, საუბარია ხარკოვის დაცვის შესაძლებლობაზე.

შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ ნება დართო უკრაინას, გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენოს. გერმანიის მთავრობაში განმარტავენ, რომ ამ საკითხზე მათი პოზიციის ცვლილება ხარკოვის ოლქში რუსული არმიის თავდასხმების მზარდი სიხშირითაა გამოწვეული. გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინას უფლება აქვს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დაიცვას თავი ამ თავდასხმებისგან.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, მსგავსი იარაღი მიაწოდოს სხვა ქვეყნებს დასავლეთის სამიზნეებზე დარტყმისთვის. მისი თქმით, ამ სიტუაციაში, რუსეთის პასუხი შეიძლება იყოს ასიმეტრიული.

„დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტში უშუალო მონაწილეობაა. ამავდროულად, კიევში მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გაგზავნა არის გზა „ძალიან სერიოზული პრობლემებისკენ“. ასეთი ქმედებები მთლიანად გაანადგურებს საერთაშორისო ურთიერთობებს და ძირს გამოუთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებას. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ქვეყნების წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ „რას ეთამაშებიან“, როდესაც საუბრობენ გეგმებზე, ნება დართონ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებს დაარტყას.

თუ ვინმე თვლის, რომ შესაძლებელია საბრძოლო ზონაში ასეთი იარაღის მიწოდება, რათა ჩვენს ტერიტორიას დაარტყან და პრობლემები შეგვიქმნან, მაშინ რატომ არ გვაქვს უფლება მივაწოდოთ იმავე კლასის იარაღი მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დარტყმები განხორციელდება იმ ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე, რომლებიც ამას რუსეთთან მიმართებაში აკეთებენ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ვითარება რთულია, პროგნოზირება კი შეუძლებელი. ექსპერტების შესაფასებით, ის, რაც ახლა ვაშინგტონში და ბრიუსელში, უფრო მეტად ბრიუსელში ხდება, არის პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის ატმოსფეროს შექმნა, რასაც თამამად შეიძლება, ეწოდოს ევროპის ომისთვის მზადება. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს იყოს გარკვეული ტიპის დეზინფორმაცია, რომელიც ყოველთვის ვრცელდება და ომის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რომელიც გათვლილია ერთი მხარის დემორალიზაციისთვის და მეორე მხარის მორალური დონის გამყარებისათვის, თუ, რა თქმა უნდა, ეს არის სადაზვევრო ხასიათის დეზინფორმაცია.

„ხშირ შემთხვევაში, თუ ეს რეალობას შეესაბამება, მაშინ ამის რეალური საფრთხე არსებობს, მაგრმ ვფიქრობ, რომ შედეგები იქნება ძალიან ცუდი და დამაზიანებელი, ვინაიდან ღია წყაროებში არსებობს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი, რომელშიც აშკარად იკვეთება მათ შორის სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენების შესაძლებლობა სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მოვლენათა განვითარება სამყაროს ძალიან კარგ პროცესებს არ უმზადებს და შესაძლებელია, რომ პროცესები გადავიდეს უმართავ ფაზაში და შესაძლებელია, საომარი მოქმედების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

მისი თქმით, ის, რომ რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის პირიები ამ თემაზე საუბრობენ, ალბათობის მაღალი ხარისხით, მათ აქვთ სადაზვერვო ხასიათის მონაცემები იმის შესახებ, რომ გარკვეული ტიპის მოლაპარაკებები და გათვლები წარმოებს და შესაბამისად, რუსეთის მხრიდანაც ამიტომ მიმდინარეობს შესაბამისი სადაზვევრო პროპაგანდა.

„ვფიქრობ,პროცესების ამ კუთხით განვითარება შედეგების მალე დაყენების პროცესსაც გამოიწევს, მაგრამ რა იქნება, რა დაუჯდება მსოფლიოს და სამყაროს ეს შედეგი, ამაზე საუბარი ნამდვილად არ მსურს - ღია წყაროებში გამოქვეყნებულ ინფორმაციას თუ გადავხედავთ, ეს იქნება უმძიმესი შედეგი, ზოგადად, მსოფლიოსთვის“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.