„ახლა ბურთი ამერიკელების მხარესაა, გაამწვავებენ კიდევ უფრო ურთიერთობას - მაშინ ეს მათი მხრიდან დისტანცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ამ მანძილს სხვა შეავსებს“

„ახლა ბურთი ამერიკელების მხარესაა, გაამწვავებენ კიდევ უფრო ურთიერთობას - მაშინ ეს მათი მხრიდან დისტანცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ამ მანძილს სხვა შეავსებს“

სადამდე შეიძლება ამერიკის და ევროპის ურთიერთობა საქართველოსთან გართულდეს და რა გავლენას მოახდენს ევროპარლამენტის არჩევნები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე? უკვე ცნობილია, რომ აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა - შეზღუდვები დაუწესდებათ „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე გააკეთა.

სადამდე შეიძლება ეს სიტუაცია გაგრძელდეს და არის თუ არა ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი „გამჭვირვალობის კანონი“? - ამ და სხვა კითხვებზე მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან საუბრობს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი მეთიუ მილერი სანქციების შესახებ აცხადებს და ამბობს, რომ აშშ ინდივიდუალურ სანქციებს, სავიზო აკრძალვებს უწესებს „ქართული ოცნების“ წევრებსა და დეპუტატებს. კითხვაზე, რამდენი ათეული ადამიანი მოიაზრება სანქცირებულთა შორის, მილერი ზუსტ რიცხვს არ ასახელებს და ამბობს, რომ ეს არის, დაახლოებით, 20-დან 30-მდე პირი და ხაზს უსვამს, რომ ეს პირველი ნაკადია. თუმცა, ასევე, სია არ გამოქვეყნდება. რა სახის პოლიტიკაა ეს ამერიკის მხრიდან და რეალურად, არის თუ არა ეს კანონთან დაკავშირებული?

- რა თქმა უნდა, ამერიკის მხრიდან სანქციების დაწესების რეალური მიზეზი „გამჭვირვალობის კანონი“ არ არის. აქ უფრო დიდ ინტერესებზეა საუბარი. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ გეოპოლიტიკურ პროცესებთან, რაც ახლა კავკასიაში და მთლიანად რეგიონში მიმდინარეობს. ამერიკის გაღიზიანების მთავარი მიზეზი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა და თანამშრომლობაა. ჩინეთი ძალიან სერიოზული სტაბილურობის გარანტია. ეს ქვეყანა ამერიკასავით და რუსეთივით არ არის დაინტერესებული კავკასიაში მეორე ფრონტით ან სიტუაციის არევით, არც რევოლუციური პორცესებით, გადატრიალებებით და „მაიდნით“. ჩინეთი დაინტერესებულია სტაბილურობით და სიმშვიდით. ამიტომ ასეთი მშვიდობის მქონე სახელმწიფოს შემოსვლა კავკასიაში, ბუნებრივია, რომ რეგიონში სტაბილურობის განცდას ხელს შეუწყობს. ეს კი შეერთებული შტატების ინტერესში არ შედის. პირდაპირ გვითხრეს, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ ომში და გავუხსნათ რუსეთს მეორე ფრონტი. თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ მეორე „მაიდანს“ მოგვიწყობენ. ჩვენთან მეგობრობა თუ გინდათ, მაშინ ჩვენი ვასალი უნდა იყოთო. ასეთი ხისტი და ნაჯახისებური დიპლომატია და პოლიტიკა, ამერიკისგან პირველად ხდება.

როგორ ფიქრობთ, სადამდე შეიძლება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა გამწვავდეს და ეს სიტუაცია როგორ აისახება ორი ქვეყნის მეგობრობაზე?

- ახლა ბურთი ამერიკელების მხარეს არის, გაამწვავებენ კიდევ უფრო ამ ურთიერთობას - ეს იქნება მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი დისტანცირებისკენ და ამ მანძილს სხვა აუცილებლად შეავსებს, ეს იქნება ჩინეთი, თურქეთი თუ სხვა აღმოსავლელი მეზობლები. ამიტომ ესეც ამერიკელების არჩევანი იქნება. ეს არ არის მარტივი არჩევანი მათთვის, რადგან ნამდვილად, საქართველოსთვის ეს არ არის პოზიციური კონტექსტი, მაგრამ არც ამერიკელებისთვის იქნება სასარგებლო. საქართველო სამხრეთ კორეიდან მოყოლებული შავ ზღვამდე, ერთადერთი პარტნიორია, რომელიც, რეალურად, ამერიკელებთან ომშიც იყო. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან დიდი პოლიტიკური წარუმატებლობა იქნება. მთელ აზიურ კონტინენტზე, ევროპის საზღვრამდე, ამერიკელები პარტნიორების გარეშე დარჩებიან.

6 ივლისიდან 9 ივლისამდე ევროპარლამენტში არჩევნებია. მოვლენების როგორ განვითარებას ელით და რა შეიძლება საქართველოსთან მიმართებაში ახალი ევროპარლამენტის დაკომპლექტების შემდეგ შეიცვალოს? ელით რაიმე ძირეულ ცვლილებებს?

- ევროპული პოლიტიკის ცვლილების მოლოდინი არ მაქვს. ჯერჯერობით, მემარჯვენე პოლიტიკური ძალები ევროპარლამენტში ძლიერდებიან, ეროვნული პოლიტიკური კონტექსტი წინა პლანზე წამოვიდა. იგივე - იტალიაში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ჰოლანდიაში, ვხედავთ ამ ტენდენციას. თუმცა, ეს, ჯერჯერობით, მცირეა და არ ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტშიც მმართველობით სადავეებთან იქნებიან. ამიტომ ვფიქრობ, ევროპარლამენტში წამყვანი პოლიტიკური ჯგუფი ისევ ევროპის სახალხო პარტია იქნება. ეს ჯგუფი ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ფსევდოლიბერალური ფლანგია. მემარჯვენე ცენტრიც კი მოსპეს და მთლიანად ლიბერალური კონტექსტი აქვთ წარმოდგენილი. სამწუხაროდ, შევეჩვიეთ იმას, რომ ევროპელები ერთი-ერთში იმეორებენ იმ პოლიტიკას, რასაც ამერიკელები ჩასძახებენ. ამიტომ ამერიკელები როგორც გადაწყვეტენ, ისე მოიქცევიან ევროპელებიც. სამწუხაროდ, დღეს ევროპაში დამოუკიდებელ პოლიტიკას სამი პოლიტიკური ლიდერი თუ ახორციელებს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ ახდენენ. ამიტომ ევროპა, ამ ეტაპზე, ვშიშობ, ისევ ამერიკის ვასალად დარჩება.

ჯოზეფ ბორელის განცხადება გვახსოვს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდანაც რეაგირება იქნება. თუმცა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში თქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ქართველ ხალხს დააზიანებს, ამიტომ, დიდი ალბათობით, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ?

- დიდი ალბათობით, ევროპარლამენტის არჩევნების დასრულებამდე არაფერი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ეს დროში გაწერილი პროცესია, ჯერ არჩევნები უნდა ჩატარდეს, შემდეგ გარკვეული პერიოდის განამვლობაში, ევროპარლამენტი უნდა შეიკრიბოს. მერე კვოტები გადაანაწილონ, ფრაქციები შექმნან, ხელმძღვანელი რგოლები უნდა აირჩიონ. ამიტომ არ ველი, რომ ევროკავშირიდან რაიმე ხისტი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ალბათ, ერთი-ორი თვე ევროპარლამენტი ჩვენთვის ვერც მოიცლის.

როგორ გადანაწილდება ფრაქციები, ამის შემდეგ ჩამოყალიბდება მათი ხედვებიც. მერე გავარკვევეთ, რამდენად არიან ისევ ამერიკის გადაწყვეტილებების უპირობო გამტარები. რაც შეეხება საქართველოს არჩევნებს, ალბათ, ძალიან სერიოზული ბრძოლა გვექნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. ჩვენ ვხედავთ რამხელა ინტერესია, რომ საქართველო არ იყოს სუვერენული სახელმწიფო და იყოს ვასალი.

ჩინეთზე მინდა გკითხოთ და ანაკლიის პორტზე, ხოლო ამ ყველაფერთან ერთად იმაზე, თუ რატომ ინარჩუნებს რუსეთი დუმილს. ჩვენ გვახსოვს მანამდე ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ამერიკული კომპანიების მიერ რა მწვავე დამოკიდებულება ჰქონდათ. თუმცა ჩინეთზე ხმას არ იღებენ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოს შეუძლია ჩინეთის ფაქტორი ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც გამოიყენოს?

- ჩინეთის კონტექსტი იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ერთი მხრივ, ის არის გიგანტური სახელმწიფო, რომელიც ძალიან ხშირად ამერიკასაც კი უსწრებს ეკონომიკური გავლენის თვალსაზრისით. ეს არის უზარმაზარი ბაზარი და ნომერ პირველი სახელმწიფო მსოფლიოში განვითარებით. ასევე, სამხედრო ჰეგემონია, ამიტომ მისი ინტერესი სტაბილურობის თვალსაზრისით, ძალიან სერიოზულ პოზიტიურ როლს შეასრულებს, იგივე საქართველოს ტერიტორიული თვალსაზრისითაც.

რა თქმა უნდა, ახლა რუსეთი ჩინეთზეა დამოკიდებული. რომ არა ჩინეთი, ის უკიდურეს სიტუაციაში იქნებოდა. შესაძლოა, პუტინს ჩინეთის გაძლიერება არ მოსწონს და არც ის დერეფანი, რომელიც აზიიდან ევროპაში საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვისთვის შეიქმნა, მაგრამ სხვა გზა არა აქვს. მას ჩინეთი სჭირდება, ეს სიტუაცია კი, რა თქმა უნდა, საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ.

მერაბ.g პოლიტიკური კლასის დეგრადირების მკაფიო მაგალითია ის, რომ აშუშუ ვერ ხვდება, რომ დროება შეიცვალა, ის აღარაა მსოფლიო მბრძანებელი! ამ სანქციასაც აზრი დაუკარგეს - ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს ადამიანთა ჟლეტა და ნეთანიახუს და პალესტინელებსაც პატიმრობის სამქცია უნდა გამოვუტანოო; გადაირია აშუშუ, ვინ კითხავს ჰააგას, ის ამ სანქციას თუ გამოიტანს, მე მას დავასანქცირებო(?) ანუ ჰააგის სასამართლო აფრიკელი ლიდერებისა და მილოშევიჩისათვის შევქმენი, თორემ ასე, ხვალ შეიძლება ჩვენ დაგვიჭიროსო (სიტყვასიტყვით) ანუ სასამართლოც მე ვარ და სამართალიცო!
ახლა 30 ქართველს აუკრძალეს აშუშუში შესვლა ... და რა?შევშინდებით და გამჭვირვალობის კანონს დავხევთ? მე ვიცი 30პმდე ადამიანი, რომლების 8-10 წელია ოცნების მხარდამჭერები არ არიან და ახლა მყარად აპირებენ ატჩევნებზე მისვლას და ოცნების მხარდაჭერას ... ასე თავწაჭრილი ქათამინით თუ გააგრძელა აშუშუმ ფართხალი, ოცნება მართლა აიღებს 60%-ს!
და ბოლოს: მე-20 საუკუნეს ჰყავდა ორი გენიოსი აინშტაინი და ჩაპლინი, პირველი გერმანიამ დაასანქცირა და გააგდო ქვეყნიდან, მეორე - ამერიკამ!
5 თვის უკან
ლევკოთეა მეც არ ვაპირებდი არჩევნებზე წასვლას. 200 კილომეტრი მაქვს გასავლელი საარჩევნო უბნამდე და 200 კილომეტრი უკან :), მაგრამ წავალ და ოცნებას შემოვხაზავ.
ნახევაზრე მეტი ოცნების შემადგენლობა კი გასაყრელია პოლიტიკიდან, მაგრამ ასე ხელების გრეხვით რომ ერევიან ჩვენი ქვეყნის საქმეებში, ისევ ოცნებას დავუჭერ მხარს.
5 თვის უკან
amo ამაშია საქმე. არ იცნობს აშშ ქართველი კაცის ბუნებას, რატომ? ფიქრობს, რომ არ სჭირდება და სწორედ ესაა ის შეცდომა, რომელიც ძვირად დაუჯდება.
5 თვის უკან
ლაზი ჩინეთის ფაქტორის ჭკვიანურად გამოყენება არის დღეს ქვეყნის გადარჩენის ერთად ერთი საშუალება. ვისაც ჩინეთთან კარგი ურთიერთობა ექნება, მას ყველა მორიდებით მოეპყრობა. ჯერ დაგვემუქრებიან. მერე გადატრიალებასაც არ მოერიდებიან. თუ გავუძელით მერე აგენტურას მიაძინებენ, გარეგნულად შეგვეშვებიან და აგერ სომხეთით ჩაგვანაცვლებენ. მთავარია თურქეთთან და აზერბაიჯანთან არ გავიფუჭოთ ურთიერთობა.
5 თვის უკან
არაგველი641 ახლა უფრო მეტად შემეცოდა ჩვენი ქვეყანა, რამდენი ჭირ-ვარამი აქვს გამოვლილი და ისევ იგივე სიტუაციაში ვართ. ახლა გვყავს ეროვნული მთავრობა და მისი მხარდაჭერისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
ერთ რამეს ვერ ვხვდები - მერაბ.g - რატომ ტრიალებს 60%-ის ირგვლივ? ნუთუ მართლა ასეთი არჩევნები გველის?
5 თვის უკან