ამბობენ, რომ ისტორია არის სპირალი. ისტორიაში წრე მეორდება და საქართველოს შემთხვევაში ეს ყველაზე კარგად ჩანს, მაგრამ სხვა შემადგენლობით. მეორდება უტაქტობა და წესების დაუცველობა, რაც, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს. მაგრამ აუცილებელია, რომ ქვეყნები უნდა მოქმედებდნენ იმ წესებით, რომელიც გულისხმობს სხვა ქვეყნის საქმეებში არჩარევას. თამაშის ამ წესებს ხშირად არღვევენ საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან მოქმედ ხელისუფლებას და მხარს უჭერს რადიკალურ პროცესებს, კერძოდ, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას.
ამ მხრივ საინტერესოა გერმანის ელჩი პეტერ ფიშერი, რომელიც შემჩნეულია სპეკულაციებში. ამჯერად პეტერ ფიშერმა პლატფორმა X-ზე გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადება გაავრცელა, სადაც შოლცი აცხადებს: „ბოლო დღეებში იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები. ჩვენ არ გვაქვს სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია. მათი ხმა უდავოდ უნდა ისმოდეს“. შოლცის ეს განცხადება ფიშერმა პლატფორმა X-ზე გაავრცელა, თუმცა იქ მითითებული არ იყო, რომ კანცლერის ციტატა გერმანიას ეხებოდა. წარმოაჩინა ისე, რომ შოლცი, ამ შემთხვევაში, საქართველოზე საუბრობდა.
ცხადია, სამწუხაროა, რომ გერმანიის სახელმწიფო არ რეაგირებს იმ ფაქტზე, როდესაც მისი ელჩი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა და არ იცავს თამაშის წესებს. ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, რა ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველომ? სახელმწიფოს შეუძლია გააგზავნოს საპროტესტო ნოტა, მაგრამ ეს არ არის დაცვის მექანიზმი. მეტიც, შეიძლება ნოტათი გაბრაზებულებმა უარესი ნაბიჯი გადადგან, ვიდრე ის, რაც ამ შემთხვევევაში, უკვე მერამდენედ, გააკეთა გერმანიის ელჩმა და არა მხოლოდ მან.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ახლა იგივე მდგომარეობაა, რაც შევადნაძის დროს, როცა ამერიკა და მთელი დასავლეთი ითხოვდა ხელისუფლებაში რეფორმატორების მოყვანას და ახლაც იგივე შემადგენლობის მოყვანას ითხოვენ. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, პერსონალურად სააკაშვილი შეიძლება არ დასჭირდეთ, მაგრამ ეს გუნდი სჭირდებათ, რადგან იგივე რუსეთთან ურთიერთობაში, ამ გუნდს აქვს სხვადასხვა კავშირები, ვიღაცა ოფიციალურად ფულს იღებს, ვიღაცას ბიზნესი აქვს რუსეთში.
„რუსული კონტაქტებიც აქვთ და აქვთ დასავლური კონტაქტებიც, რიტორიკაც დასავლური აქვთ. შემთხვევითი არ იყო, რომ სააკაშვილი ქართულ სოფლებს ქვების ხროვად მოიხსენიებდა, რომელიც 2008 წელს რუსეთმა აიღო. გავიხსენოთ როგორ გადასცა სტრატეგიული ობიექტები რუსეთს. სირბილე რუსეთთან ურთიერთობაში ჰქონდა და ევროპასთან ურთიერთობაში ხომ ჰქონდა და ჰქონდა. სააკაშვილი ორივე მხარეზე მუშაობდა და ორივე მხრიდან საპასუხო შედეგს იღებდა.
აი, ეს პრობლემა აქვთ ახლა „ქართულ ოცნებასთან“. ის არ აკეთებს იმას, რაც უცხოელებს უნდათ და არც რიტორიკა აქვთ უცხოელებისთვის სასიამოვნო. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მათ უნდათ სხვა ხელისუფლება. მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობის“ სახით საქართველოში ეგულებათ ის გუნდი, რომელთანაც ურთიერთობის გამოცდილება აქვთ. ქართველებს უნდათ თუ არა ეს გუნდი, დასავლეთს და აშშ-ს ნაკლებად აინტერესებს. როგორც ამბობენ „ქართულ ოცნებას“ რიტორიკა აქვს არადასვლური და ეს აღიზიანებს ჩვენს დასავლურ პარტნიორეს. ასევე, ის, რომ არც ექვემდებარებიან ამ დასავლეთის სურვილებს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტილოგი აცხადებს, მსოფლიო შევიდა იმ ფაზაში, როდესაც წესებს არავინ არ იცავს და სწორედ წესების დაუცველობით ხდება ხავერდოვანი რევოლუციებიც.
„მაიდანზე ლაპარაკობენ ხშირად და ხომ გვახსოვს, ნულანდი რა აქტიურად იყო ჩართული, საკვებს ურიგებდა ოპოზიციას, ესეც წესების დარღვევა იყო. შევარდნაძის პერიოდი გავიხსენოთ, მაშინდელი ამერიკის ელჩი რიჩარდ მაილსი დადიოდა პოლიტიკურ ფიგურებთან და იძახდა, თუ შევარდნაძეს არ გადააგდებთ, საქართველოს არაფერი არ გეშველებათო. მაშინ, ერთ-ერთი ცნობილ ოპოზიციონერს ვუთხარი - რა შვრებით, რუსეთის საქმეს აკეთებ-თქო? მიპასუხა - არა, რა რუსეთის, აგერ, ამერიკის ელჩი გვეუბნება გადააგდეთ ეს შევარდნაძეო.
ელჩი მარტო მეისრეებთან არ ლაპარაკობდა ამას, იმ ადამიანებთანაც ლაპარაკობდა, ვინც მერე რევოლუციაში აღმოჩნდა ჩართული. იყო ეს პრობლემები? - იყო. შევარდნაძეს ურჩევდა ამერიკა გადადექი და რეფორმატორები მოიყვანეო? - ურჩევდა. 2003 წლის ცნობილი მოვლენების დღეებში ბეიკერმა დარეკა შევარდნაძესთან, მაგრამ ყურმილი არ აიღო და იცით რატომ? იმიტომ, რომ ბეიკერი აპირებდა სწორედ მაგის თქმას -გადადექიო, მაგრამ შევარდნაძე არ შევიდა კონტაქტში. ისევე, როგორც ივანიშვილმა არ მიიღო ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელიც ცხადია, რომ რაღაცა პირობებს წამოუყენებდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
პეტერ ფიშერის ეს მანიპულაციური გზავნილი იაფფასიანია და ზუსტად შეესაბამება ნაცრადიკალების მდარე პროპაგანდას, ამის შესახებ საუბრობს პროფესორი თემურ მაისურაძე, რომლის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიპლომატიური კორპუსი ღიად ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში.
„მე რომ ხელისუფალი ვიყო, არა მხოლოდ საპროტესტო ნოტას გავუგზავნიდი გერმანიის ხელისუფლებას, არამედ ძალიან სერიოზულ გაფრთხილებას მივცემდი. მაგრამ მე მესმის გერმანიის, რომელიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა და აღმოჩნდა იმიტომ, რომ ის არის ყველაზე დიდი ზეწოლის ქვეშ აშშ-ის მხრიდან. გერმანია იყო ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ ყველაზე დიდი გავლენა მასზე აქვს აშშ-ს. შესაბამისად, როდესაც ასეთ სიგიჟეს აკეთებ და აგრძელებ ამ სიგიჟის კეთებას, უკვე აზრს კარგავს იქ ყოველგვარი ლოგიკა, რაც აბსოლუტურად გაუგებარია.
გერმანიის ელჩმაც ძალიან კარგად იცის რა მდგომარეობაშია. მაგრამ თუ შენ ფული გაქვს აღებული, თუ შენ ამ განცხადებებისთვის იცი, რომ დაგაჯილდოვებენ, მაშინ ლოგიკას და სახის შენარჩუნებას აზრი ეკარგება. ამიტომ ისინი მიდიან ყველაფერზე. სიმართლე გითხრათ, მათგან კიდევ უფრო სულელური განცხადებების გაკეთების მოლოდინში ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყვება, აბსოლუტურად გამორიცხულია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თემურ მაისურაძე.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრმა და მმართველი გუნდის წევრებმა არაერთხელ ამხილეს და დაგმეს გერმანელი დიპლომატის მიერ გამოხატული აქტივობები და ანგაჟირებული გამონათქვამები. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს და ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს, არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე.
„ის სპეკულირებს. მერე ნახეთ, რომ კონკრეტულმა ტელევიზიებმა ეს გერმანიის ელჩის „ტვიტი“ თუ რაც იყო, გამოიყენეს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, ისე წარმოაჩინეს, თითქოს გერმანიის კანცლერი საუბრობდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, როდესაც ის საუბრობდა, თუ არ ვცდები, 5 წლის წინანდელ მკვლელობაზე, რომელიც გერმანიაში იქნა ჩადენილი.
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჯერ გერმანიის ელჩი შეგნებულად აძლევს წყაროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის კონკრეტულ მედიასაშუალებებს და მერე მედიასაშუალებები ამას იტაცებენ. ეს არის გერმანული სახელმწიფოს პრობლემა, როდესაც მისი ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი, ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა გახდეს გერმანიის სახელმწიფოს ყურადღების საგანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.