„მსოფლიომ უკვე აღმოაჩინა, რომ არეულობის და დესტაბილიზაციის მექანიზმი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებშია. 35 ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული ჩვენს ქვეყანაში, მათგან 10-15 ორგანიზაციას საეჭვო მიზნები აქვს. ბოლოს და ბოლოს, იმისთანა მონასტერი არ არსებობს, ანტიეკლესიური ტიპი არ იყოს შეფარებული“, - აცხადება for.ge- სთან საუბრისას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
„აგენტების კანონის“ ძალაში შესვლის შემდეგ ყირგიზეთში სოროსის ფონდმა საქმიანობა შეწყვიტა, რაც ეჭვებს ბადებს, თუკი არასამთავრობო ორგანიზაციების დამფინანსებლებს კარგი განზრახვა აქვთ, რატომ გარბიან იმ ქვეყნებიდან, სადაც მათ ქმედებებს ფარდა ეხდება? სოროსის ფონდი ყირგიზეთში 1993 წელს დაარსდა, როცა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა. როგორც წესი, ასეთი ფონდები ღარიბ ქვეყნებს ეტანებიან, რადგან ძალიან იოლია ღარიბი საზოგადოების მართვა. როგორ ფიქრობთ, განმეორდება თუ არა ყირგიზეთის მაგალითი საქართველოში და რამდენი არასამთავრობო დარჩება „პატრონის“ გარეშე?
- „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებით გავიგებთ სიმართლეს და გამოაშკარავდება ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოსტსაბჭოთა სივრცეში იქმნებოდა არა იმ მიზნით, რა მიზნითაც ეს დემოკრატიულ საზოგადოებაშია განსაზღვრული, მაგალითად, ადამიანის უფლებებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დაცვისთვის, არამედ იქმნებოდა გადატრიალებებისა და დესტაბილიზაციისთვის. პოსტსაბჭოთა სივრცეში არასამთავრობოები სწორედ ამ ფუნქციებში არიან. როცა იძახიან, რუსეთში ძალიან ცუდად მუშაობს „გამჭვირვალობის კანონიო“, ავიწყდებათ, რომ სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნეს ამ კატეგორიის არასამთავრობოები, თორემ ამერიკა თავის თავს ხომ არ შეუქმნიდა ისეთ არასამთავრობოს, რომელიც ქვეყანას გადაუტრიალებდა და ხელისუფლებას დაუმხობდა?! ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციის გარეშე არ შეიძლება დემოკრატიული საზოგადოება არსებობდეს, ამიტომ მოსაფიქრებელი ექნება ჩვენს ხელისუფლებას, როგორ დაარეგულიროს, რომ, ერთი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობდეს და, მეორე მხრივ, ეს არასამთავრობოები არ იყოს ვიღაცის ხელში სახელმწიფო გადატრიალების მექანიზმი. „გამჭვირვალობის კანონი“ ზუსტად ესაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია არამიზნიბრივად არ იყოს გამოყენებული დესტაბილიზაციისა და რევოლუციისთვის.
საქართველოში მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელი ევროკავშირისგან მხოლოდ სახელი და გვარია დარჩენილი და, სინამდვილეში, დასავლეთის ქმედება ეს არის ნეოკოლონიალიზმის ხისტი გამოვლინება, როცა ფსევდომეგობრობას გვთავაზობენ და ზურგსუკან გადატრიალებას აწყობენ. მხოლოდ საქართველოში რატომ გამოვლინდა ეს დამოკიდებულება ასე მწვავედ?
- მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც არ უნდა ამუშავდეს „გამჭვირვალობის კანონი“, ერთსა და იმავე შედეგს მივიღებთ, რადგან სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცეში ქმნიდნენ ისინი არასამთავრობოებს, რომ სახელმწიფოს გადატრიალება მოეხდინათ. ევროკავშირი აფინანსებდა მეხუთე კოლონას საქართველოში. სამწუხაროდ, ვითარებას ისეთნაირად წარმოაჩენენ, თითქოს დასავლეთიდან მიღებულ დაფინანსებაშია პრობლემა. სინამდვილეში, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ნებისმიერ ჩემს დაფინანსებას გავასაჯაროებ, მობრძანდით, ნახეთ, გამოვაქვეყნებ ჩემს მიერ განხორციელებულ პროექტებს. დასავლეთიდან მიღებული თანხა კი არაა პრობლემა, არამედ შენ იმ თანხას რაში ხარჯავ, ესაა პრობლემა. თორემ დასავლეთიდან მიიღე თანხის მხოლოდ 20% კი არა, 90-100%-იც, უბრალოდ, უპასუხე კითხვას, ამ თანხებს შენ ხარჯავ იმ მიზნებში, რისთვისაც არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული - არაპოლიტიკური, არაკომერციული და არამომგებიანი მიზნებისთვის?! ამაში ხარჯავ უცხოეთიდან მიღებულ დაფინანსებას, თუ პოლიტიკის ნაწილად იქეცი და ტექნიკური მთავრობის შექმნასა და ხელისუფლების შეცვლაზე მუშაობ? ან კიდევ, არჩევნების გაყალბებასა და პარალელური დათვლის გაყალბებაზეც მუშაობ? ესაა საინტერესო და არა ის, მიიღე თუ არა თანხები. ღმერთმა ასი იმდენი მიაღებინოს ყველას, მაგრამ ეს უნდა დაიხარჯოს კანონიერი გზით. 35 ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული ქვეყანაში და სულ ლაპარაკია 10-15 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლებსაც არაკანონიერი პოლიტიკური მიზნები აქვთ. ეს პროცენტულად რას ნიშნავს, ყველა მიხვდება. 10-15 ორგანიზაცია 35 ათასიდან უმწიკვლო რომ არ იქნება, ესეც ცხადია. ბოლოს და ბოლოს, იმისთანა მონასტერი არ არსებობს, ანტიეკლესიური ტიპი არ იყოს შეპარული. ამ კანონით გამოაშკარავდებიან ზუსტად ის ერთეულები, რომლებიც ბნელი მიზნებისთვის იყვნენ შექნილნი. 10-15 ორგანიზაციის გარდა რატომ დანარჩენები არ ყვირიან?! 35 ათასი არასამთავრობო ქუჩაში რომ გამოსულიყო, ჩვენი გასავლელი ადგილი აღარ იქნებოდა.
არასამთავრობოთა მიმართ პოზიციები ქვეყნის შიგნით და გარეთ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ცალკეულ კონგრესმენებს და ევროდეპუტატებს კითხვები უჩნდებათ, რატომ იხარჯება გადასახადის გადამხდელთა თანხები სხვა ქვეყნებში ათეიზმის და ლგბტ პროპაგანდის გავრცელებისთვის ენჯეოების შუამავლობით? როცა შიდა და გარე პროტესტი გაძლიერდება, არასამთავრობოები უფრო მოზომილნი გახდებიან და დარჩებიან ისეთი ენჯეოები, ვინც მართლაც საზოგადოებრივ ინტერესებზე ზრუნავს.
- სხვათა შორის, კანადამაც გააკეთა მსგავსი განცხადება, რაში იხარჯება ჩვენი თანხებიო. ყველა ნორმალურ ქვეყანაში კითხვები ჩნდება, რადგან მსოფლიომ უკვე აღმოაჩინა, რომ არეულობის და დესტაბილიზაციის მექანიზმი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებშია. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს.
„გამჭვირვალობის კანონის“ არარსებობამ დისკრედიტაცია გაუკეთა არასამთავრობოებს. ამდენად, არასამთავრობოები თვითონვე არ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი „გამჭვირვალობის კანონის“ არსებობით?
- ფაქტია, ეს კანონი რომ არ იყო, ჩვენ იმიტომაც ვიყავით დისკრედიტირებულნი, რადგან არასამთავრობოთა ნაწილი ემსახურებოდა საზოგადოების ანტიინტერესებს. ბომბები მაცვივდეს თავზეო, ბომბი არ მოშორდა ამის მთქმელს თავის სახლსა და გვარში. მირჩევნია ბომბებში ვიწვოდე, ვიდრე იმ სირცხვილში, რაშიც ხელისუფლება გვაცხოვრებსო. როცა ამ მიზნით იყენებ შენს ძალაუფლებას, ფულს, მდგომარეობას, ეს არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ახდენს. ანუ ამ კანონის არარსებობამ, ფაქტობრივად, ფეხქვეშ გათელა არასამთავრობოების იმიჯი. ვფიქრობ, ხელისუფლებას დღეს აღარ აინტერესებს, როგორ აღდგეს ეს იმიჯი და ჩამოირეცხონ ტალახი არასამთავრობო ორგანიზაციებმა. როდესაც მავნებლები ვეღარ გადაატრიალებენ ქვეყანას, მერე საზოგადოებაც იგრძნობს არასამთავრობო ორგანიზაციების იმ სიკეთეს, რისთვისაც ისინი იქმნებიან. ახლა ისინი განიარაღებულნი დარჩებიან, გამჭვირვალობის კანონი მათ განაიარაღებს, მაგრამ ხელისუფლებამ პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს. იმ შემთხვევაში, თუკი არასამთავრობო ორგანიზაცია დეკლარაციას არ შეავსებს, 10 და 20 ათასლარიანი ჯარიმა კი არ უნდა იყოს, არამედ ამაზე პასუხისმგებლობაც უნდა არსებობდეს, თუნდაც ადმინისტრაციული პატიმრობა მაინც უნდა იყოს. რას ჰქვია, არ შეავსებ დეკლარაციას და კანონს დაარღვევ. მარტო ჯარიმებით ვერ მოხდება ამის პრევენცია, არასამთავრობოებს იმდენი ფული აქვთ, გადაიხდიან ამ ფულს. თუ ჯარიმები გვჭირდება მექანიზმად, რომ სახელმწიფო არ ამოაყირავონ, მაშინ ყველაფერი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, რომ ჯარიმებმა მათზე იმოქმედოს. ათი ათას ლარს რომ გადაახდევინებ საჯარიმოდ, ის ამას ჩათვლის რაიმე შემაფერხებელ ბერკეტად? არ ჩათვლის. 17 და 18 მილიონი რომ აქვთ წელიწადში დახარჯული ორგანიზაციებს, როგორ გგონიათ, ათი ათასს აღარ გადაიხდიან? ამიტომ სახელმწიფომ ისეთი სანქცია უნდა შემოიტანოს, რაც არასამთავროებს დაამუხრუჭებს. თორემ ფულის რაოდენობა მათთვის შემაფერხებელი ვერ იქნება. ფულს გადაიხდიან და თავის საეჭვო საქმეს გააკეთებენ.