აშშ-ის კონგრესში მსჯელობისას, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას შეეხებოდა, მონაწილეობა ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ივანე ჩხიკვაძემ და საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ მიიღეს. მათ შორის იყო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მომხსენებელმა ნატალი საბანაძემ აღნიშნა, რომ პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის საქართველოს რუსეთის „ნაცრისფერ სივრცედ“ გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ! მან მიმართა კონგრესმენებს, რომ დაეხმარონ საქართველოს ბრძოლაში, რომ ქვეყანა არასწორ მხარეს არ აღმოჩნდეს.
საბანაძე საქართველოს დასჯის ზომად სანქციებს ასახელებს და ფიქრობს, რომ დასჯა მიზნობრივი უნდა იყოს. პიროვნებებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა, რაც მოიცავს ვიზის აკრძალვებს და ფინანსურ სანქციებს. იგივე პათოსით წარსდგა ამერიკელი კონგრესმენების წინაშე ვანო ჩხიკვაძეც, რომლის განაცხადებით, როდესაც ქართველი ხალხის ხმა გაიგონეს ვაშინგტონში და ევროკავშირის დედაქალაქებში, ის ვერ გაიგო მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა საქართველოსა და დასავლეთს შორის კედელს აღმართავენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით.
საქართველოს წინააღმდეგ გამომსვლელი ჩხიკვაძე ცდილობდა კონგრესმენების დარწმუნებას იმაში, რომ კანონი სრულიად გააქრობს კრიტიკულ ხმებს და ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას გაანადგურებს, რომელიც ქვეყანაში ამერიკელი მეგობრების გულუხვი დახმარებით აშენდა წლების განმავლობაში, მათ შორის USAID-ის მეშვეობით. მისი თქმით, კანონი ეწინააღმდეგება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას, რომელიც დამოუკიდებელი მედიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ობიექტური ახალი ამბებისა და ინფორმაციისადმი წვდომის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ქართველი მომხსენებლები, რომლებიც რეალურად საქართველოს დასჯას ოფიციალურად ითხოვენ, ჯერჯერობით ისევ კონგრესის დერეფნებში დარბიან და საქართველოს წინააღმდეგ აგრძელებენ მოქმედებას. მათ შორის შალვა ნათელაშვილი, რომელსაც სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად სდებდა ბრალს რუსეთის აგენტობაში. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქართული ოპოზიციის ფანჩატურის ხელმძღვანელი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმ ადამიანთა რიგებში შეიყვანა, რომლებიც „პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან“ გამომდინარე მოგზაურობს აშშ-ში და მართავს „მნიშვნელოვან“ შეხვედრებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბანაძისგან და ჩხიკვაძისგან განსხვავებით, ნათელაშვილის ფუნქცია დარბაზში შესვლით შემოიფარგლა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვინ დააფინანსა სამივე ვიზიტორის ვოიაჟი აშშ-ში, რაც მათ უკვე ე.წ. „რუსული კანონის“ შესაბამისად უნდა გაასაჯაროვონ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის, რაც ვიხილეთ კონგრესში, იყო ჩვეულებრივი ღალატი.
„გუშინ რაც ვიხილეთ ჩვენ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, პირდაპირ ვიტყოდი ამას. გუშინ, ვანო და ნატალია, სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, ეს იყო ჩვეულებრივი ბოლშევიკური ღალატი, ამას სხვა სახელი უბრალოდ, არ შეიძლება დაერქვას. რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მძიმე მოსასმენია, როცა კონგრესში ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ანტიქართულ დეზინფორმაციას იმეორებენ, თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მის მიმართ მოპყრობა არის ცუდი.
„არ ვიცი, რაღა უნდა მოხდეს ამ პლანეტაზე, რა შეიძლება კიდევ იყოს არგუმენტი იმის, საქართველოს ხელისუფლებას რამხელა დეზინფორმაციის წინააღმდეგ გვიწევდა ბრძოლა ორი წლის განმავლობაში. ფაქტობრივად, ქვეყანაში გვყავს კასტა, ოპოზიციის და ენჯეოების სიმბიოზი, რომელიც ჩვეულებრივი ორჯონიკიძეები არიან, კავშირი არ აქვთ ქართველ ხალხთან. თავიდან უცხო დროშაზე ადგნენ ფეხზე, შემდეგ უცხო ქვეყნის ჰიმნი იმღერეს, შემდეგ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსზე ააწყვეს თავისი დღის წესრიგი და ბოლოს უცხო ქვეყნის დედაქალაქში ჩავიდნენ და საკუთარი სამშობლო დაასმინეს.
საქართველოს კურსს ადგენს და აფასებს ქართველი ხალხი და არა რომელიმე უცხო ქვეყნის მოქალაქე თუ ხელისუფლების წარმომადგენელი. ეს ჰგონიათ ჩხიკვაძეებს და საბანაძეებს. ასეთ ორჯონიკიძეებს ჰგონიათ, რომ სხვა ქვეყანამ უნდა შეგვიფასოს ჩვენ მოსაწონი კურსი გვაქვს, თუ არამოსაწონი. 26 ოქტომბერს არჩევანი ხალხს აქვს ძალიან ცხადი და სალომე ზურაბიშვილმა ეს კიდევ უფრო ცხადი გახადა, როდესაც ამ ორჯონიკიძეების სია შეადგინა ომის ქარტიის სახით.
ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენა, რომ არჩევანი სინამდვილეში არის ან ქართული ინტერესი, ან უცხო ქვეყნის ინტერესი. სხვა არჩევანი 26 ოქტომბერს არ იქნება. ამიტომ, ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს, ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა, თუ ჩვენ გვინდა გვყავდეს მარიონეტული რეჟიმი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით ხაჯიშვილი მიიჩნევს, რომ მის მეგობრებს კონგრესში ზუსტი შეფასება ჰქონდათ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და აქიდან გამომდინარე, ფიქრობს, ივანიშვილი და მისი პარტია აუცილებლად დასანქცირდებიან.
„სამწუხაროა, რომ ეს სანქციები მხოლოდ მათზე არ აისახება, ეს აისახება ჩვენს მოსახლეობაზე, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც კი იყო ერთი განცხადება, რომ ისინი დასანქცირდებიან, ამის შემდეგ გაუფასურდა ლარი, ინვესტორები უარს ამბობენ ქვეყანაში ფულის ჩადებაზე, ტურისტებმა გააუქმეს თავისი საგზურები საქართველოში და სამწუხაროდ, ეს აისახება ყველაზე, რადგან ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი მთელი ქვეყანა და ვაჭრობს ჩვენი მომავლით. ეს პროცესი დასრულდება 26 ოქტომბერს, როდესაც ჩვენი მოსახლეობა უარს ეტყვის ივანიშვილს და მის პარტიას“, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.
პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ კონგრესში გამოსვლა „ქოც-ნაცური დაპირისპირების“ ნაწილია. სხვა მხრივ, მისი თქმით, როგორ შეიძლება, გინდოდეს, რომ საკუთარი ქვეყანა და მისი ხელმძღვანელობა დასანქცირდეს.
„საქართველომ დიდი ხანია, მოახერხა ყველაფრის ქოც-ნაცურ დაპირისპირებად ქცევა. უკრაინის ომის საკითხი ქოც-ნაცური დაპირისპირების ნაწილია, კონგრესში გამოსვლა ქოც-ნაცური დაპირისპირების ნაწილია, ზოგადად, ყველაფერი ამ თემის ნაწილია, თორემ როგორ შეიძლება, გინდოდეს, რომ საკუთარი ქვეყანა და მისი ხელმძღვანელობა დასანქცირდეს. როგორ შეიძლება, არ გინდოდეს, დალაგდე ამერიკელებთან და ოცნებობდე, რომ დაგასანქცირებენ.
ამერიკელებს თუ ებრძვი, ისედაც ხომ მოლოდინი გაქვს, რომ დაგასანქცირებენ. ამერიკის სახელმწიფო მდივანიც თუ ამას გეუბნება, რაღაცნაირად შენთვისაც ხომ გასაგებია, რომ აქამდე თვითონ მიგყავს ეს ამბავი. სხვას დააბრალო, ჩემს სანქცირებას ითხოვენ და მოღალატეები არიანო - სხვა კი არ ითხოვს, შენ მიდიხარ ამისკენ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ ისტორია მეორდება თავის შავ ფერებში. კერძოდ, 21-ე საუკუნის უსამშობლო ხუტლუბუღებმა (ხუტლუბუღა ჩავიდა საყაენოში და მოითხოვა სიკვდილით დაესაჯათ მეფე დემეტრე II, რაც კიდევაც აღასრულეს დამპყრობლებმა) თავიანთ პატრონებთან და „დემოკრატიის“ საბაბით მოითხოვეს იმ ქვეყნის დასჯა, რომელშიც საუბედუროდ, დაბადებულნი და გაზრდილები არიან და არა აღზრდილები. როგორც გვენეტაძე აცხადებს, ასეთი სულგაყიდულები, სამწუხაროდ, მრავლად ჰყოლია საქართველოს.
„ჩხიკვაძეები, ხუციშვილები, საბანაძეები, ნათელაშვილები... სამწუხაროდ, მრავლად ჰყოლია საქართველოს, რომელთა კოლექტიური სახელი საქართველოს ისტორიის მიერ მოხდენილადაა შეფასებული ხუტლუბუღა-ყორღანაშვილებად, რომელთა აყროლებულ ლეშებს მგლებმა და სვავებმაც კი არ დააკარეს პირი! ნეტავ, თუ იციან ამ უბედურებმა რა სახელი აქვთ გარანტირებული ფულის დახარბების გამო მომავალი თაობების წინაშე?
1795 წლის 11 სექტემბერს იმ მხარის ვაჟკაცები, რომელნიც ისტორიაში შესულნი არიან, როგორც 300 არაგველნი, კრწანისის მიდამოებში ერთიანად შეაწყდა უცხო ჯიშის მოღალატეთა მიერ ვერაგულად დაბრუნებულ დასაჭურისებულ აღა-მაჰმად ხანის ლაშქარს და შარავანდედით შეიმოსნენ ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ საქართველოში! მაგრამ გადის ზუსტად 229 წელი და სამწუხაროდ, იმ არაგველთა სანახებში დაბადებულმა, მაგრამ ქართულად და საქართველოსთვის ვერგაზრდილმა და საუბედუროდ მოღალატედ აღზრდილმა შალვა ნათელაშვილმა ვერ სძლია სიხარბეს და ბოროტებას მისას! საბოლოოდ ირჩია და გაჰყვა ნაცად გზას ყორღანაშვილისას და მკაფიოდ გამოამჟღავნა ორგული, ორპირი, გამყიდველური ბუნება, მამულის, ენისა და სარწმუნოებისადმი“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ნატალია საბანაძის და ივანე ჩხიკვაძეს კონგრესში გამოსვლა იყო მდაბიო პოლიტიკური სტრიპტიზის მაგალითი, რომ „იქ“ თავი მოაწონონ. მისი თქმით, ამ არსებასთან მიმართებაში, რომელიც ხელისუფლების საკადრო შეცდომაა ნამდვილად, ყველაფერი ნათელია.
„ამ არსებასთან მიმართებაში, რომელიც ხელისუფლების საკადრო შეცდომაა ნამდვილად, ყველაფერი ნათელია. მდაბიო პოლიტიკური სტრიპტიზის მაგალითი აჩვენა, რომ „იქ“ თავი მოაწონოს. აქ ვის უნდა მოაწონოს თავი? სავარაუდოდ, მის პარტიას და მის ბოსს გიორგი გახარიას, რომლის მრჩეველიც გახლავს. ახლა გამოვიდეს გახარია და მისი პარტია და საჯაროდ განაცხადონ, იზიარებენ თუ არა ამ სისაძაგლეს და არის თუ არა საბანაძის პოზიცია თავად გახარიას და მისი პარტიის პოზიცია. თუ ამას არ გააკეთებენ უახლოეს საათებში, მაშინ მათი დუმილი, უბრალოდ, თანხმობის ნიშანი იქნება. სხვა ვარიანტი არ არსებობს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
რაც შეეხება ამერიკის პოლიტიკას და ზარალდება თუ არა ამ სანქციებით ამერიკული პოლიტიკა, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ქართველ მოსამართლეებს, რომლებიც უკვე დაასანქცირეს, არაფერი დაუშავდა სანქციებით, მაგრამ ის ნაბიჯი, რომ ამერიკამ გადაწყვიტა სანქციების გატარება მოსამართლეებზე, რომელიც გაკეთდა ბლინკენის მხრიდან, გამოძახილი ჰპოვა საქართველოში.
„ეს მარტო ამერიკის მიმართ გამოძახილი არ არის. თავისთავად, ადრეც იმდეგაცრუების ფრაგმენტი იყო, როცა ევრკავშირის წევრობის კანდიდატობა სათხოვნელი გაგვიხადეს იმ ფონზე, რომ ჩვენს გვერდით მოხსენიებული უკრაინა და მოლდოვა აღიარეს. რაღაცა დრო დასჭირდათ, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ რეალურად არსებითი მოვლენა იყო ის, რომ არ უნდოდათ აღიარება და მერე დაფიქრდნენ და გვაღიარეს.
ანუ, ევროკავშირის და ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ არის დალაგებული, არეულია. იგივე პოზიცია აქვს რუსეთს. აფხაზური და ოსური პრობლემა რომ არ გაეჩინა საქართველოსთვის, საქართველოზე უფრო რუსული ორიენტაციის ქვეყანა არც იყო საბჭოთა კავშირში. არანაირი საჩხუბარი მიზეზი რუსეთთან არ გვქონდა. მაგრამ აფხაზეთის პრობლემის მერე გაჩნდა, მით უფრო 2008 წლის მერე, როცა აღიარეს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებულობა და გაუქმნდა დიპლომატიური ურთიერთობა.
რა საჭირო იყო ჯერ ჩარევა საქართველოს შიდა კონფლიქტებში და მერე აღიარება, ეს ძნელი სათქმელია. საქართველოში რუსეთის იმიჯის თვალსაზრისით, რუსეთი მოგებული არ იყო. მოგებული იყო იმით, რომ გვაიძულა ამ ნაბიჯით ანგარში გაგვეწია რუსეთისთვის, მაგრამ არ გაუწია საქართველომ. ნავთობსადენიც გაატარა და ორიენტაცია აიღო ევროპისკენ. ანალოგიურ პროცესებს ვაკვირდებით ამერიკის შემთხვევაში როცა მოქმედებს იძულების პრინციპი. ამიტომ, ამ შემთხვევაში მოგებული ვერ იქნება ამერიკა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ისე, ნეტავ ახლა თუ ასმანენ ბავშვები ერთმანეთს სკოლაში - მასწავლებელო იმან უზრდელი დამიძახა-ო.