დღეს მოვიდა დრო, ძალიან მკაცრი დრო, როდესაც განსხვავება იქნება არა დიდსა და პატარას შორის, ქვეყნებს ვგულისხმობ, არამედ, სუვერენულსა და არასუვერენულს შორის, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ მშვიდობიანობის პერიოდში ფასდება კომპრომისები, პოლიტიკური ვაჭრობა, დღეს უკვე ძალიან მკაცრი დრო მოვიდა.
„უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვათ ახალი ტენდენციების შესახებ, ღირებულებათა ცვლაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ალბათ მთავარი მომენტი, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, ეს არის გლობალური ტექტონიკური ცვლილებები, რასაც შეიძლება დავარქვათ, ბევრი ანალიტიკოსი უკვე ღიად ლაპარაკობს მესამე მსოფლიო ომზე, ვიქტორ ორბანმა ამასწინანდელ თავის გამოსვლაში, როცა დიდი მარში გაიმართა უნგრეთში, რამდენიმე დღის წინ, სრულიად გრანდიოზული და ძალიან შთამბეჭდავი, პირდაპირ თქვა, რომ შეიძლება ეს უკვე შეფასდეს, რაც ახლა ხდება, უკრაინის ომი, როგორც პრელუდია მესამე მსოფლიო ომის და შემდეგ შეიძლება არა მარტო როგორც პრელუდია შეფასდეს, არამედ შეფასდეს როგორც ერთ-ერთი ეპიზოდი. ანალოგია რომ მოვიყვანოთ ახლო წარსულიდან, მეორე მსოფლიო ომი როდის დაიწყო, 39 წელს თუ 38 წელს, ავსტრიის ანშლუსი უკვე იყო მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი. მაგალითად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, როგორც სულიერი, ასევე ისტორიოსოფიული მოვლენა - ფატიმას უწყება ღვთისმშობლის, აი, ამ უწყებაში პირდაპირ არის, რომ ავსტრიის ანშლუსი გააზრებულია როგორც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი. ასე, რომ მომავალი ისტორიკოსები რას იტყვიან ამის შესახებ ეს ერთი თემაა, მაგრამ მეორე, ჩვენ ყველანი ვგრძნობთ, რომ რაღაც აბსოლუტურად შეიცვალა. შეიცვალა იმდენად, რომ ჩვენ ვართ ნამდვილად ტურბულენციის ეპოქაში და ამ ეპოქას აქვს თავისი ძალიან, ასე ვიტყოდი, მკაცრი სახე. გარკვეული აზრით რაღაც სამსჯავროს ჰგავს.
თუ მშვიდობიანობის პერიოდში ფასდება, ვთქვათ ასე, უფრო ისეთი თვისებები, როგორიც არის კომპრომისები, ვაჭრობა, კარგი გაგებით ვამბობ, პოლიტიკურ ვაჭრობას ვგულისხმობ, დღეს მოვიდა დრო, ძალიან მკაცრი დრო, როდესაც განსხვავება იქნება არა დიდსა და პატარას შორის, ქვეყნებს ვგულისხმობ, არამედ, სუვერენულსა და არასუვერენულს შორის. ანუ, ვის აქვს ძალისხმევა, ვის შეუძლია და ვის არ შეუძლია“, - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.