ქართველში და ზოგადად საღი აზრის მქონე ყველა ადამიანში, როდესაც მას ეუბნები, რომ თეთრი შავია, ომი მშვიდობაა, სიცრუე სიმართლეა, ეს იწვევს ძალიან სერიოზულ რეაქციას. არის სიტუაცია, როცა შეიძლება მეგობარი ცდებოდეს და ვერ ხედავდეს ჩემს სიმართლეს, რომ მე მართალი ვარ და სხვანაირად არ შემიძლია. „პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება ამაზე მაღლა დგას“. მთავარი არის ჭეშმარიტება, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში, აშშ-შიც და ევროპაშიც ლაპარაკობენ, რომ არასოდეს ვყოფილვართ ასე ახლოს ბირთვულ დაპირისპირებასთან, როგორც დღეს ვართ.
„კარიბის ზღვის კრიზისის შემდეგ ასეთი კრიზისი არ ყოფილა. როდესაც ჩვენ ვართ ასეთ სიტუაციაში და როდესაც დამოკლეს მახვილივით არის ჩამოკიდებული ეს მესამე მსოფლიო ომი, რომელიც, დიდი ალბათობით, შეიძლება ბირთვულში გადაიზარდოს, აქ უკვე გუშინდელი პოსტმოდერნის, ნახევარსიმართლის ან პოსტსიმართლის დრო წავიდა. ომი ამჟღავნებს, თუ რა ხარ სინამდვილეში და რისთვის იბრძვი - კვდები, როგორც ინდოელები, დჰარმის, ანუ ჭეშმარიტების ველზე, თუ სხვისთვის ღვრი სისხლს. ჩვენ არ გვინდა სხვის ომში სისხლის დაღვრა, იმიტომ რომ ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენი ომი არის ჩვენი სუვერენიტეტი. ჩვენი ომი არის იმის ჩვენება, რომ საქართველო გუშინ კი არ გაჩნდა, არამედ გაჩნდა 2000-3000 წლის წინ და ჩვენ მოვდივართ დიდი დროიდან და ვართ დიდი დროის ადამიანები, დიდი დროის კულტურა“, - აღნიშნა შათირიშვილმა.