გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი მორიგ სკანდალში ეხვევა და საქართველოს ხელისუფლება მას ახალ ბრალდებებს უყენებს. აღმოჩნდა, რომ გერმანიის კანცლერის სიტყვები, რომელიც გერმანიის ელჩმა საკუთარ X-ზე გააზიარა, სრულიად სხვა ქვეყანას ეხებოდა, რასაც ქართული ინტერპრეტაციები მოჰყვა. მანამდე კი გერმანიის ელჩმა თქვა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არ შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს, რაც „ოცნებისთვის“ ელჩის მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევად იქნა აღქმული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩი, კონკრეტულ მედია საშუალებებს შეგნებულად აძლევს წყაროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, რომლებიც ამას იტაცებენ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არავისგან არ მიიღებს დირექტივებს და იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესების კარნახით.
პრემიერი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, პარტნიორებთან ურთიერთობები ეფუძნებოდეს ღირებულებებს და ამ ურთიერთობებს ჰქონდეს სწორედ პარტნიორული ხასიათი.
კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადება, რომელიც გერმანიაში მომხდარ ძალადობის შემთხვევებს გმობს, ქართული მედიის და პოლიტიკოსების ნაწილმა, საქართველოს დაუკავშირა.
„იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები, შეუწყნარებლები ვართ სიძულვილისა და ძალადობის მიმართ“, - განაცხადა კანცლერმა გერმანიაში ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის მანჰაიმში დეპუტატზე თავდასხმაზე.
შოლცის ეს განცხადება, საქართველოში გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელში გააზიარა, მოგვიანებით კი ქართული მედიის და „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეების ნაწილმა, მას არასწორი ინტერპრეტაცია მისცა და წარმოაჩინა, რომ კანცლერმა ეს განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა.
სწორედ, პეტერ ფიშერის „ტვიტს“ მოჰყვა მასალები ქართულ მედიაში სათაურებით, თითქოს კანცლერი საქართველოზე საუბრობდა. გერმანიის საელჩო ამბობს, რომ დიპლომატის პოსტის მიზანი მხოლოდ კანცლერის განცხადების რეალური შინაარსის გაზიარება იყო.
კობახიძე კი ამბობს, რომ დირექტივებს, თუნდაც პარტნიორებისგან არ მიიღებენ და ბოლო მოვლენების ფონზე, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის არა ერთი ფაქტი ვლინდება, მათ შორის გერმანიის ელჩის მხრიდან.
„როდესაც, მაგალითად, 27 ელჩი მიდის იუსტიციის მინისტრთან და ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ეს არის დირექტივის უმახინჯესი ფორმა. თქვენ გახსოვთ, ამ დირექტივას არ გავყევით, დავიცავით ეროვნული ინტერესები და ეს იყო ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც მაშინ შეიძლებოდა გადაგვედგა.
ასევე, ჩვენ არ გავითვალისწინეთ სრულიად უსამართლო რეზოლუციები, რომელიც ევროპარლამენტმა 4-ჯერ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღო, სადაც ითხოვდნენ კრიმინალების გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას. ასეთი დირექტივები ჩვენთვის არის მიუღებელი. ასეთ დირექტივებს მიყვებოდა თავის დროზე წინა ხელისუფლება, იმიტომ რომ, ის იყო აგენტურა“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე საუბრობს იმ რელობაზე, რაშიც საქართველო უკვე 33 წელია არის. გვენეტაძე აცხადებს, რომ ეს არის ნეოკოლონიანიზმი, რასთანაც საქართველოს ხელისუფლებას ბოლო დროის განმავლობაში უკვე ღია ბრძოლა უწევს.
„როგორ ხასიათზე დადგება გერმანია, თუკი საქართველოს ელჩი მათი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერევა, თუკი ჩვენი ელჩი გერმანიაში მიმდინარე შიდა პროცესებზე საჯარო განცხადებებს გააკეთებს და პოზიციას დააფიქსირებს? რა თქმა უნდა, ეს მათთვის მიუღებელი იქნება. საქართველო ვერ წარმოუდგენიათ, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს. თურმე საქართველოს საკუთარი სუვერენიტეტი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენს ხელისუფლებას ე.ი. არა აქვს უფლება, რომ ქვეყნის ინტერესები და თავი დაიცვას. გერმანიის ელჩს ხომ არ ავიწყდება, ქართველი კაცის დამსახურებაა, დღეს გერმიანია რომ გაერთიანებულია?!
მაშინ შევარდნაძემ ძალიან დიდი შეცდომა დააუშვა ქართველი ხალხის წინაშე, როდესაც ქვეყნებს მეგობრებს უწოდებდა. პოლიტიკაში არსებობს ინტერესები და ამ ინტერესებიდან გმომდინარე მოქმედებს ყველა და ამას ძალიან კარგად ვხედავთ. ამიტომ, რაც დაავალეს გერმანიის ელჩს, იმას ლაპარაკობს. ანუ ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება თავში ყველას ადვილად წამოსარტყამი ჰგონია და რასაც უნდა იმას ლაპარაკობენ. თუ მათ დირექტივებს შევასრულებთ ვუნდივართ, თუ არა და აღარ ვუნდივართ, ესაა მეგობრობა?!“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვის გეგმა ჩაუვარდა, ჩვენს ხელსიუფლებაზე არნახულ წეზოლას ახორციელებენ. რუსეთის დისკრედიტაციისთვის ქართველი ხალხის გაწირვა უნდოდათ, რაც არ გამოუვიდათ.
„დასავლეთში ფიქრობდნენ, რომ „ოცნება“ ისეთი ყურმოჭრილი მონა იქნებოდა, როგორი ყურმოჭრილი მონაც მიხეილ სააკაშვილი იყო. მან დაუკარგა ქვეყანას ტერიტორიების კიდევ დიდი ნაწილი და ქართველი ბიჭები მიწაში ჩააწვინა. ამიტომ დასავლეთში ვერ ინელებენ ჩვენი ხელისუფლების პრინციპულობას. კანში ვეღარ ეტევიან და გაბრაზებულები ხან ვითომ კანონს მიახტებიან, რომელიც თავად უფრო მკაცრი აქვთ მიღებული და ხან რას. „ქართული ოცნების“ შანტაჟი და დაშინება მაინც ვერ გამოუვათ“,-ამბობს გვენეტაძე.
თბილისის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ დამოუკიდებლობისთვის იმიტომ იბრძოდა ქართველი ხალხი, რომ სუვერენიტეტული სახელმწიფო ვყოფილიყავით, გადაწყვეტილებები თავად მიგვეღო. ბოჟაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას საზოგადოების მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა და ახლაც ასეა.
„რაც შეეხება ელჩების თემას, გერმანიის ელჩის განცახდებები შეგვიძლია პირდაპირ ქვეყნის საშინაო საქმეში ჩარევად აღვიქვათ. მერე მისი კომენტარი, რომელიც გერმანიის კანცლერის განცახდებას უკავშირდებოდა, თითქოს, ეს საქართველოსთან მიმართებაში მოიაზრებოდა. სხვა ელჩების განცახდებები და შეფასებებიც ასევე ქვვეყნის შიდა საქმეში ჩარევაა. ვნახეთ, ასევე, სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა და მიტინგზე მისვლა, საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების ჩამოსვლა და ასევე ქვეყნის საშინაო საქმეებში ღიად ჩართვა, რაც, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელი იქნებოდა.
თქვენ წარმოიდგინეთ, ილია დარჩიაშვილი ან ნიკოლოზ სამხარაძე რომ ჩასულიყვნენ ვილნიუსში და იქ ოპოზიციის მიტინგებს დასწრებოდნენ. ეს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მიუღებელი იქნებოდა და მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვისაც“,-ამბობს ბოჟაძე.
მისივე თქმით, საქართველო არ არის მხოლოდ ის სახელმწიფო, სადაც მსგავსი კანონი იქნა მიღებული. საფრანგეთში ასეთ კანონში სისხლის სამართლის დევნაც კი ჩაწერეს და პასუხისმგებლობის დაკისრება 3 წლიდან 6 წლამდე გაზარდეს.
„მსგავს კანონზე მუშაობს კანადა, უახლოეს მომავალში თურქეთი აპირებს მიღებას, არაფერს ვამბობ ევროკავშირზე. ის რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს, - ბუნებრივია ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. მადლობლები ვართ ჩვენი პარტნიორების და მეგობრების, ეს ურთიერთობა გაგრძელდება, რადგან ჩვენი ევროპისკენ სვლა ურყევია. ჩვენმა ხელისუფლებამ ჩაწერა კონსტიტუციის 78-ე მუხლში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსი, რომელსაც ოპოზიციამ მხარიც კი არ დაუჭირა“, - ამბობს ბოჟაძე.
რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას, ბოჟაძე ამბობს, რომ სანქციებთან დაკავშირებით მოლოდინი ოპოზიციამ გააჩინა და ისინი ამ თემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას ცდილობენ.
„აღმოჩნდა, რომ ქართველი დეპუტატების ნაცვლად დავით კეზერაშვილია დასანქცირებული და ვიზას მას არ აძლევენ. მისი ტელევიზიის ჟურნალისტებსაც ვიზაზე უარი უთხრეს. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის მოლოდინს ოპოზიცია აჩენს და მათი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ ჩანს კიდევაც. მიუხედავად ყველაფრისა, ევროკავშირისგან დადებითი მოლოდნი გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ დაიწყება დეკემბერში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, რაც ამ თანამშრომლობას უფრო გააღრმავებს. ჩვენ ვაპირებთ ცხრა ნაბიჯის შესრულებას და ველით მათგან საპასუხო ნაბიჯებს“, - ამბობს ბოჟაძე.