გურამ მაჭარაშვილი: თუ ამერიკის მხარე გააკეთებს იმ შეთავაზებას რაც თქვა ფრენებთან და ვიზასთან დაკავშირებით და პარტნიორულ ურთიერთობას მისცემს პრაქტიკულ მაგალითს

გურამ მაჭარაშვილი: თუ ამერიკის მხარე გააკეთებს იმ შეთავაზებას რაც თქვა ფრენებთან და ვიზასთან დაკავშირებით და პარტნიორულ ურთიერთობას მისცემს პრაქტიკულ მაგალითს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის გუშინდელ კონგრესის სხდომას ეხმიანება. დეპუტატი აღნიშნავს, მსგავსი საჯარო სხდომები ლუსტრაციას ახდენს და ქართველ ხალხს არჩევანის გაკეთება გაუმარტივდება. როგორც მაჭარაშვილმა განმარტა, კონგრესმენებმა პირდაპირ თქვეს, რომ იმ შეხთხვევაში თუ საქართველოში ხელისუფლება არ შეიცვლება, მათ რევოლუციის მოწყობა სურთ.  დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველო მზადაა ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობები გააგრძელოს, თუ აშშ პარტნიორული ურთიერთობებს პრაქტიკულად შეასრულებს, საუბარია პირდაპირ ფრენებსა და ვიზალიბერალიზაციაზე.

„ასეთ ლუსტრირებულ საჯარო სხდომებს რაც უფრო მეტს ვიხილავთ, მით უფრო მარტივი იქნება ქართველი ხალხისთვის 26 ოქტომბერს არჩევანის გაკეთება. გლობალური და ლოკალური ომის პარტია, რომლებზეც გვეკითხებოდნენ აბა სად არისო, ვნახეთ ერთობლივად ამ ფორმატში სადაც პირდაპირ და დაუფარავად ამბობენ - საქართველო უნდა იყოს უკრაინიზაციის პროცესში და მაშინ ვიქნებით დემოკრატიის გზაზე, ეს თქვა ერთ-ერთმა კონგრესმენმა. თუ საქართველო ამ გზას არ დაადგება, მაშინ ასევე პირდაპირი მუქარა იყო, რომ რევოლუციური გზით ისინი შეეცდებიან შეცვალონ და მოიყვანონ ის ხელისუფლება, რომელიც ომს დაიწყებს - ანუ სააკაშვილის ხელისუფლება. ჩვენ გვახსოვს, დაახლოებით 1 წლის წინ ათქმევინეს უკრაინის ხელისუფლებას - თქვენ არ ხართ ომის მთავრობა და სააკაშვილი რომ იყოს ომს დაიწყებდითო. ახლა, ამერიკის კონგრესმენებმა თვითონ თქვეს, პირდაპირ, თუ გვინდა ამერიკამ დაინახოს დემოკრატია, საქართველოში უნდა მოხდეს უკრაინიზაცია სხვა შემთხვევაში, დაგვემუქრნენ რევოლუციით. კიდეც ერთხელ ვიმეორებ, ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ხალხის ძალამ გამოვაქვეყნეთ, პასუხი გაცემულია. ჩვენ ვამბობთ, რომ ვიყავით და ჯერ კიდევ  ვართ უცხოური ძალის დღის წესრიგით - საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნის უკრაინიზაცია. დემოკრატია როგორი ძლიერია უკრაინაში ამას ვხედავთ ასი ათასობით დაღუპული მოქალაქე, 20% -ზე მეტი დაკარგული ტერიტორია, მილიონობით ლტოლვილი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ბუნდოვანი მომავალი და ნატოში გაწევრიანებაზე პირდაპირი უარი. რისთვისაც უკრაინას ომი დააწყებინეს, იმაზე უარს ეუბნებიან. ეს არის მოცემულობა და ვიმეორებ, რაც მეტი იქნება ლუსტრირებული სხდომები, მით მეტად მარტივად მიიღებს გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი, თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი 26 ოქტომბერს.

მოლოდინი ერთადერთი გვაქვს, რომ ჩვენს სუვერენიტეტს დავიცავთ. თუ ამერიკის მხარე, ერთი წლის განმავლობაში, გააკეთებს იმ შეთავაზებას რაც თქვა ფრენებთან და ვიზასთან დაკავშირებით და პარტნიორულ ურთიერთობას მისცემს პრაქტიკულ მაგალითს, ჩვენ მზად ვართ,ვიყავით და ვიქნებით პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელებისთვის. ერთის მხრივ, რუსეთი აქედან იარაღით მემუქრება და ოკუპაციის პირობებში ვარ, მეორეს მხრივ, მეგობარი, პარტნიორი ქვეყანა, რომელიც წესით უნდა დამეხმაროს  დეოკუპაციის პროცესში,  კი არ მეხმარება, სანქციებით მემუქრება და საერთოდ ყველა პარტნიორული ურთიერთობის ზღვარს გადადის. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელია. რაც შეეხება თეორიულ შანსებს ე.წ ინდივიდუალურ სანქციებზე, რით ვერ მიხვდნენ - არჩევანის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ავირჩევ ეროვნული დროშით საქართველოში სიარულს და არა ლგბტ დროშით ამერიკაში.“- აღნიშნა მაჭარაშვილმა.