სანქციებმა ადრესატებამდე ვერ ჩამოაღწია

სანქციებმა ადრესატებამდე ვერ ჩამოაღწია

სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების ახალი პოლიტიკა გამოაცხადა. როგორც პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებიათ, თუმცა მათ დაწესებაზე არ იყოყმანებენ და აქვე დასძენს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე აშშ-ს პასუხს განიხილავენ.

„ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ. ეს კანონი საქართველოს დემოკრატიული კურსიდან აშორებს და შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს. ეს ქმედებები რადიკალურად ცვლის აშშ-ის ურთიერთობას საქართველოსთან, რის გამოც ჩვენი ურთიერთობების გადახედვა დავიწყეთ და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ჩვენს პასუხს განვიხილავთ“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

მიუხედავად აშშ-ს ადმინისტრაციის განცხადებისა, რომ ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების წინააღმდეგ სანქცია არ არის დაწესებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ ივანიშვილის პარტიის გარკვეულმა პირებმა უკვე მიიღეს ვიზების შეზღუდვაზე შეტყობინება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს პარალელურად ევროკავშირის ქვეყნებმა ინდივიდუალურადაც მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება.

„ეს არის სამოგზაურო შეზღუდვა. მე რამდენადაც ვიცი, ეს შეზღუდვა მათი ოჯახის წევრებსაც შეეხება. საქართველოში ამგვარი ინფორმაცია არ იმალება და დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაც მალე გაიგებს ამ პირების შესახებ, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმადგენელმა ისაუბრა, რომ სავარაუდოდ სანქციებს, არამარტო სამოგზაურო სახით, არამედ უახლოეს მომავალში, ფინანსური სანქციების სახითაც ვიხილავთ. სწორედ ამაზე ისაუბრა მილერმა“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სანქციებზე საუბარი არასერიოზულია, თუ ვინმე საუბრობს, ეს არის კონტრპროდუქტიული იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ. რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ჩვეულებრივი ტყუილია.

„სანქციებზე საუბარი ჩვენთვის არასერიოზულია თუ ვინმე საუბრობს, ეს არის კონტრპროდუქტიული სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ. რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს ჩვეულებრივი ტყუილია და, როდესაც თემა არასერიოზულია, ასეთ თემას ვერ ჩავუღრმავდებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სანქციებით მუქარა არის ქართველ ხალხთან რუსული სტილით საუბარი. როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ქართველები მხარდამხარ იბრძოდნენ ავღანეთში და თუ ამის პასუხად არის ის, რომ ხალხის ხელისუფლებას და ამ ხალხს სანქციის ენით ელაპარაკო, ეს, საერთო ჯამში, აზიანებს მხოლოდ იმას, ვინც ამ ენით ესაუბრება ქართველ ხალხს. პაპუაშვილის თქმით, არასწორია, საერთოდ იმაზე ფიქრი, საკუთარი დღის განრიგის, საკუთარი დღის წესრიგის თუ განწყობის გამო, სხვა ქვეყანა შენთან მიმართებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

„თქვენ ხართ დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქე, მე ვარ დამოუკიდებელი ქვეყნის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე. დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეები, პარლამენტის თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები არ იყურებიან და თავიანთ გადაწყვეტილებებს არ აწყობენ სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნების განცხადებებზე და ასევე, გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის დაკვეთით და მანდატით. ჩვენი ამოცანაა ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესით.

თუკი წარმოვიდგენთ, რომ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც აწყობილი იქნება სხვა ქვეყნების ხელისუფლებების გადაწყვეტილებებზე, შანტაჟზე, მუქარაზე ან არ ვიცი, რაიმე სხვაზე, მაშინ, რად გვინდა ასეთი ხელისუფლება?! ასეთი ხელისუფლება ჩვენ გვყავდა 2012 წლამდე, რომელიც ერთ რამეს უყურებდა, ტაშს დაუკრავდნენ თუ არა გარედან, წითელ ხალიჩას დაუგებდნენ თუ არა და რა ეპითეტებით შეამკობდნენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მთავარია ის, ვინ დაუსვა კითხვა მეთიუ მილერს. მისი თქმით, ეს არის ადამიანი, რომელიც დაქირავებულია და ხელფასს იღებს კონკრეტულად „ნაცმოძრაობის“ ფორმატიდან.

„საკმაოდ ყუათიან ხელფასს იღებს იმისათვის, რომ ასეთი პროვოკაციული შეკითხვები დასვას. ეს ადამიანი მაგალითია იმისა, რომ იგი მოწყვეტილია საქართველოს რეალობას და განცხადებებს აკეთებს იმისთვის, რათა ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინოს. პასუხიც მიიღო შესაბამისი, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით თუ საჭიროა, ამერიკა თავს არ შეიკავებს. მთავარი გამაღიზიანებელია ის უტიფრობა, რომელსაც ამ შესაძლო გადაწყვეტილებისადმი პოლიტიკური ჯგუფები იჩენენ. სანქციები იქნება შეუსაბამო, არასწორი და უსამართლო საქართველოსთან მიმართებით“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ვოლსკიმ.

სანქციების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია პარლამენტის წევრს გურამ მაჭარაშვილს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ ისეთი სანქციებია მოსული, რომ ვერც ხედავს და ვერც გრძნობს, მაშინ შეიძლება მიიღო. მაჭარაშვილის განცხადებით, შავი სიზმრები ოპოზიციის ფანტაზიაა და მოუწოდებს, რომ ნაკურთხ წყალს მიმართონ.

„როდესაც გვიმტკიცებს ოპოზიცია, რომ სანქციები ჯერ გზაში იყო და ახლა, წესით, ჩვენამდეა მოსული, თუ ისინი სიზმარში არიან, ჩვენ ცხადში ვცხოვრობთ და რეალურად, ეს სანქციები არ არის. რაც შეეხება მომავალ ურთიერთობას, თავად ამერიკის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ერთგვარად გადაიხედოს და მომავალში გვქონდეს პარტნიორული ურთიერთობები, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, თანაბარი ურთიერთობების პირობებში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, ჯინ შარფი, აკერმანი, სოროსები, კელი დეგნანი, ო’ბრაენი, დევიდ კრამერი, ქართველმა ხალხმა ერთ კალათაში მოათავსა და გაუშვა გაურკვეველი მიმართულებით, ხოლო მათ ადგილობრივ ქვეწარმავლებს ასევე მალე მიაცილებს მოუსავლეთისკენ. ქართველიშვილის თქმით, უცხოელებს შეეძლოთ, რადიკალებისთვის „დაცვენილი ნასუფრალის“ მიცემის სახით, ხელისუფლებისთვის სანქციები დაეწესებინათ, თუმცა, ჯერჯერობით ამასაც ვერ იმეტებენ. მისივე თქმით, სანქციების გაცვეთილ თემას უკვე მთელი მსოფლიო დასცინის.

„ბოლოს იტყვიან: „მეილზე არა. წერილობით შეატყობინებენ სანქციების შესახებ. ოღონდ, ვისაც ზუსტად ექნება მითითებული საფოსტო ინდექსი. ვისაც არაზუსტად ექნება, მათი წერილები უკან დაბრუნდება. და მხოლოდ იმათ მიუვა, ვისაც სახლში შემორჩენილი აქვს კორესპონდენციის მისაღები, საბჭოთა დროინდელი „პრარეზიანი“ ყუთი წარწერით Почта...

ეს ის არაა, თქვენ რომ გგონიათ - იჯდე ფანჯარასთან და მოთმინებით ელოდო, როდის ჩამოატარებს მდინარე შენი მტრის გვამს. ესეც ჩინურია. არა და, რაღაცას მაინც ხომ გადმოუგდებდა ამათ კაცი, სახარებისა არ იყოს: „ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან დაცვენილ ნასუფრალს“. ეს „დაცვენილი ნასუფრალი“ კი - სანქციებია! მაგრამ, ამასაც ვერ იმეტებენ.

მთელი მსოფლიო დასცინის უკვე ამ გაცვეთილ თემას. რუსეთის დაქცევა სურდათ სანქციებით - დააქციეს ევროკავშირი, ხოლო რუსეთი და მისი სატელიტები ააყვავეს. სანქციების ქვეშ აქვთ აყვანილი ვენესუელა, რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა - ისინი კი ერთმანეთთან ვაჭრობით უსაშველოდ მდიდრდებიან. ხოლო მხიარული „ვარსკვლავთ ბიჭუნა“ კიმ ჩენ ინი კი იმით ერთობა, რომ პერიოდულად ნაგვითა და ფეკალიებით სავსე კალათებს ააფრენს ხოლმე საჰაერო ბუშტებით სამხრეთ კორეის მიმართულებით“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

პროფესორი თემურ მაისურაძე ფიქრობს, რომ პროცესები, რომელსაც ახლა ვაკვირდებით, არის ნაპერწკლები იმასთან შედარებით, რაც იყო. მისი თქმით, ამერიკა ცდილობს, რომ არ ჩააგდოს საქართველოში თავისი დღის წესიგი, რადგან ასეთ შემთხვევაში დამარცხებულის პოზიციაში გამოდის.

„ამიტომ, რაღაცას ხმაურობენ. გამორიცხულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას შანტაჟით, ან თუნდაც სანქციების გზით რამე შეეცვლევინონ, უბრალოდ, გამორიცხულია. ამერიკა მიდის თვითდაზიანებაზე, მაგრამ ცდილობს ეს ვითარება შეინარჩუნოს აშშ-ის არჩევნებამდე, რადგან აქ შეიძლება რაღაცა მომენტში დასჭირდეს სიტუაციის არევა, ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი. ანუ, იმ ტვინგამორეცხილების შენარჩუნებისთვის, რომ ჩვენ აქ ვართ და ნუ გეშინიათ, თქვენი დრო ჯერ კიდევ წინ არის, თქვენ ხელისუფლებაში მოხვალთ და ა.შ. რეალურად, ეს მათთვის იქნება თვითდაზიანება, მაგრამ სხვა არჩევანი არ აქვთ, ყველა ტოტი მოჭრეს, რომელზეც იჯდნენ.

ჩიხური მდგომარეობა აქვთ აშშ-ში, შიგნით საკმაოდ დიდი დაპირისპირებაა საპრეზიდენტო არჩევნების თვალსაზრისით. ზოგადად, ამერიკაში, რასობრივი, ლგბტ თემის მიმართულებით, ეროვნების მიხედვით ისედაც ძალიან დიდია დაპირისპირება და პლუს აშშ-ში მოქალაქეების უმრავლესობას აქვს იარაღი, ასე რომ, ძალიან რთული სიტუაცია არის. საბოლოო ჯამში, ყველა მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მათ ეს დაიმსახურეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თემურ მაისურაძემ.

 

მერაბ.g 5ლე მოგვჭამე იქ შენ და აქ ბოკუჩავამ
5 თვის უკან
ლაზი ეს კანონი საქართველოს დემოკრატიული კურსიდან აშორებს და შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს-ო.
წარმოგიდგენიათ? ესენი და სტიგმატიზაცია. აბა კაცო, მორცხვობისაგან, სულ ოფლი სდით კბილებიდან.
5 თვის უკან