ისრაელმა დააფინანსა გავლენის კამპანია, რომლის ფარგლებშიც ამერიკელ კანონმდებლებს შორის და ამერიკულ საზოგადოებაში პროისრაელური გზავნილები უნდა გაევრცელებინა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, კამპანიის მიზანი იყო ღაზაში ისრაელის ქმედებებისადმი მხარდამჭერი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
როგორც NYT-ს ოთხმა ისრაელელმა წყარომ განუცხადა, ფარული კამპანია ისრაელის დიასპორის საკითხთა სამინისტრომ დაუკვეთა. ოპერაციის განსახორციელებლად 2 მილიონი დოლარი გამოიყო და მისი განხორციელება თელ-ავივში მდებარე პოლიტიკური მარკეტინგის ფირმა Stoic-ს დაევალა.
კამპანია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს X-ის პლატფორმაზე. კამპანიის პიკზე ათასობით ყალბი ანგარიშის შექმნელები X-ზე თავს ამერიკელებად ასაღებდნენ, მათ სამიზნეებს შორის იყვნენ წარმომადგენელთა პალატის წევრი ჰაკიმ ჯეფრისი და ჯორჯიის შტატის სენატორი რაფაელ უორნოკი. ყალბი X-მომხმარებლები მოუწოდებდნენ მათ, გააგრძელონ ისრაელის ჯარის დაფინანსება.
X-პოსტების უმრავლესობის დასაწერად ჩატბოტი ChatGPT გამოიყენებოდა. კამპანიის ფარგლებში ასევე შეიქმნა სამი ყალბი ინგლისურენოვანი საინფორმაციო სააგენტო, რომლებიც პროისრაელურ სტატიებს აქვეყნებდნენ.