პარლამენტში „ლგბტქ+“ პროპაგანდის აკრძალვის განხილვას იწყებს

პარლამენტში „ლგბტქ+“ პროპაგანდის აკრძალვის განხილვას იწყებს

„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. „ლგბტქ+“ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დააინიცირა. კანონების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონისგან და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში. ამ საკანონმდებლო პაკეტით მოწესრიგდება 8 საკითხი, რომელიც ეხება ქორწინებას, შვილად აყვანას, სქესის შეცვლის პროცედურებს, ლგბტ პროპაგანდას, სექსუალური უმცირესობების შეკრებას.

მაშ ასე, 19 კანონისგან შემდგარი პაკეტი, საიდანაც ერთი ძირითადი კანონია და 18 გამომდინარე კანონი, პირველი არის ქორწინების საკითხი. კონსტიტუციით ჯერ კიდევ 2017 წელს მოწესრიგდა ქორწინების საკითხი, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში ისმის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ქორწინების ალტერნატიული ფორმები იქნეს შემოღებული, ამიტომ მმართველი გუნდის ინიციატივით კანონით მოწესრიგდება, რომ დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინების დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება, ანუ თუ არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის.

მეორე საკითხი ეხება შვილად აყვანის საკითხებს და აქაც დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომლებიც თავის თავს თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები, საუბარი გვაქვს მათ შორის მარტოხელა ადამიანებზე, რომლებსაც სურთ შვილად აყვანა. მესამე საკითხი ეხება სქესის შეცვლის ოპერაციას, კერძოდ აკრძალული იქნება პირისთვის სქესის შეცვლის მიზნით, ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება.

რაც შეეხება მეოთხე საკითხს, ეს არის სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხი, რომლის თანახმად აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.

მეხუთე, ეს არის პროპაგანდის აკრძალვის საკითხები განათლების სექტორში. კერძოდ, დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება, კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

მეექვსე საკითხი არის ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის, ეს ეხება მაუწყებლებს და დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა, რაც მაუწყებლის შემთხვევაში გულისხმობს, რომ თავად ეს სცენები დაუშვებელი იქნება, რომ გადაცემული იქნას მაუწყებლის ეთერში.

მეშვიდე საკითხი ეხება შეკრებისა და მანიფესტაციების საკითხებს. აქ დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. და ბოლო, მერვე საკითხი ეხება შრომით ურთიერთობებში, როგორც კერძო ისე საჯარო დაწესებულებებში, რომ ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობების ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ.

ეს არის ის 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება 19 კანონის მეშვეობით და გარდა ამისა, თავად ძირითად კანონში, ისევე როგორც შრომის კოდექსში, 17 მაისი დაწესდება როგორც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ და გამოცხადდება უქმე დღედ. რაც შეეხება პროცედურებს, მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში უმრავლესობა ამ კანონპროექტს განიხილავს და პირველი მოსმენით მიიღებს, ხოლო საშემოდგომო სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელება მაუწყებლებს აეკრძალებათ, შეზღუდვა შეეხება კინოთეატრებში გასულ ფილმში მსგავსი შინაარსის კადრებსაც. როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი დღეს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ აინიცირებს, რითაც რიგ კანონებში შევა ცვლილებები და ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების პროპაგანდის შეზღუდვა, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც შეეხებათ.

„რაც შეეხება საგანმანათლებლო სექტორს, აქ საკითხი ეხება პროგრამებში პროპაგანდას. ეს ეხება პოპულარიზაციას, რეკლამირებას, პროპაგანდას, რომ ერთი სქესის წარმომადგენელმა ადამიანმა თავი მიაკუთვნოს საპირისპიროს ან სხვა სქესს. პროპაგანდაა, რომ ერთი სქესის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა და ეს არის ინცესტის პროპაგანდა. თუ იქნება ამ სამი საკითხის პოპულარიზაცია და პროპაგანდა, ეს იქნება შეზღუდული საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მაუწყებლებში.

რაც შეეხება მაუწყებლებს და შემოქმედებით პროგრამებს თუ მასალებს, აქ დათქმა არის გაკეთებული სპეციალურად, რომ ეს ეხება იმდენად, რამდენადაც შეეხება თავად ინტიმური სცენების არგაშვებას, არა თემატურად, შინაარსობრივად შეზღუდვას, არამედ თავად სცენების, რაც არის ასევე ჩვეულებრივი პრაქტიკა.

დავაზუსტებ, ეს ეხება მაუწყებლებსა და კინოჩვენებას. არ ეხება სხვა მხრივ კულტურულ ღონისძიებებს. ამ შემთხვევაშიც მაუწყებლებს შეზღუდვა ეხება იმ ფარგლებში მხოლოდ, რომ პირობითად, თუ ტელევიზიით გადის რაიმე ფილმი და არის ინტიმური სცენა ამ შინაარსის, ეს სცენა უნდა იყოს შეზღუდული. ეს შეზღუდვა ეხება კინოთეატრებსაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მაშ ასე, საქართველოს პარლამენტი მორიგი ხმაურიანი კანონპროექტის „ლგბტქ+“ პროპაგანდის აკრძალვის განხილვას იწყებს. მმართველ გუნდში თვლიან, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართულ პროპაგანდას სახელმწიფო კანონის ძალით უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად ცხოვრების წესისა, პრინციპულად იქნება დაცული. აღსანიშანავია, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის 27-დან 25 ქვეყანაშია დაკანონებული. არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. 9-პუნქტიანი რეკომენდაცია პირდაპირ ითვალისწინებს ლგბტქ+ თემის მხარდაჭერას, რაც ზრდის საფრთხეს, რომ დიდი ალბათობით, საქართველოს ოფიციალურად დაავალდებულებენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თვლის, რომ ლგბტ პროპაგანდა საკანონმდებლო ჩარჩოში ნამდვილად არის მოსაქცევი. მისი თქმით, სწორედ მაშინ, როდესაც პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში გამოვლინდა ამის მსგავსი შემთხვევებები. კერძოდ, ბავშვები ათამაშეს და ეჭვს იწვევს, რომ განზრახვით არის გაკეთებული.

„საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ძალიან პოზიტიურია, რადგან რასაც ჰქვია პროპაგანდა და უკავშირდება აღნიშნულ თემებს, ეს ნამდვილად არის საკანონმდებლო ჩარჩოში მოსაქცევი. სწორედ დღეს იყო საბავშვო ბაღში რაღაც ამის გამოვლინებები - ბავშვები ათამაშეს და ცოტა ამოვარდნილია და ეჭვს იწვევს, რომ რაღაც განზრახვით არის გაკეთებული“, - განაცხადა მამა ანდრიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანის უფლება, განურჩევლად მისი ცხოვრების წესისა, უნდა იყოს დაცული, მაგრამ პროპაგანდა არის მიუღებელი. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, ეხება სწორედ პროპაგანდას. მისი განმარტებით, პირველ რიგში, ერთმანეთისგანვე ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ადამიანის უფლებების დაცვა და პროპაგანდა.

„საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული და მომავალშიც, მკაცრად უნდა იყოს დაცული. ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად ცხოვრების წესისა, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, პროპაგანდა არის მიუღებელი და ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, ეხება სწორედ პროპაგანდას. მანამდე დაინიცირდა შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტი, ახალა უკვე ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტში და, რა თქმა უნდა, ამ მოწვევის პარლამენტი ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს.

გავიმეორებ, ადამიანის უფლებები უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა. ნებისმიერი ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული განურჩევლად ცხოვრების წესისა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, მაგრამ პროპაგანდა შეიცავს კონკრეტულ საფრთხეებს, აქედან გამომდინარე, კანონით პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

უკვე ცნობილია, რომ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიცია, რომელმაც ხელი მოაწერა ლგბტქ+ უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებას. მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მიუღებელია გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისთვის. მაიკლ როთი, რომელიც სწორედ ლგბტ თემს წარმოადგენს, წერს, რომ რუსული სტილის თავდასხმა კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის.

„უცხოური აგენტების კანონით“ კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმის შემდეგ საქართველოს მთავრობა სექსუალურ უმცირესობებს იღებს სამიზნეში. LGBTI-ზე რუსული სტილის თავდასხმა კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის. მმართველმა პარტიამ საქართველოს მომავლის განადგურებისთვის ინიციატივები უნდა შეწყვიტოს“, - წერს მაიკლ როთი.

 

 

მერაბ.g ახალი ინფორმაციაა - მ როთი ქმარს შორდება თურმე და ვანია ჩხიკვაძეს მიყვება ცოლად, როთს უთქვამს, დავინახე თუ არა მიცხვდი, რომ იმისთვის ვიყავი გაჩენილიო; ხელმოწერა თვის ბოლოსაა გერმანიაში დაპატიჟებული არიან ხაზარაძე, გვარამია, ბ პატარაია, ჯაყელი, თაბაგარი, გიგაური და ლომჯარია
5 თვის უკან