„ხალხის ძალა“ ნატოს წესდების მეხუთე მუხლზე: ქართულ თარგმანში გამქრალია წესდების ორიგინალის მთავარი დათქმა, რომ ყველა ქვეყანა თავად წყვეტს, გამოიყენოს ან არ გამოიყენოს სამხედრო დახმარება

„ხალხის ძალა“ ნატოს წესდების მეხუთე მუხლზე: ქართულ თარგმანში გამქრალია წესდების ორიგინალის მთავარი დათქმა, რომ ყველა ქვეყანა თავად წყვეტს, გამოიყენოს ან არ გამოიყენოს სამხედრო დახმარება

გუშინ, ამერიკის კონგრესში, უსამშობლო "ქართველების" მონაწილეობით მოწყობილმა სიბოროტით და რევანშიზმით აღსავსე კლოუნადამ კიდევ ერთხელ, ამჯერად ყველაზე მკაფიოდ ახადა ფარდა საქართველოსთან დაკავშირებით, დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის ცხოველურ ინტერესებს, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ნებისმიერი ფორმით მოიშორონ და მმართველობაში მათი აგენტურა დააბრუნონ, - ამის შესახებ ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

პარტიის განცხადებაში წერია, რომ „მეგობარი აქტის“ განხილვის პროცესში რამდენიმე მთავარი ფაქტორი გამოიკვეთა, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი რევოლუციით მუქარა და ქვეყნის განადგურება, ანუ უკრაინიზაცია გახლავთ.

„ხალხის ძალა“ აღნიშნავს, რომ ამ აქტის მოკლე მიმოხილვა მთავარი სათქმელისთვის გახდა საჭირო, მთავარი სათქმელი კი ნატოს წესდებას ეხება მეხუთე მუხლზე.

„ნათლად გამოჩნდა, რომ გადაკვეთეს ყველა წითელი ხაზი და ამ მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევენ. ცინიკურად, ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის დასაცინად, საქართველოზე მსჯელობას "მეგობარი აქტი" დაარქვეს და როგორც მოსისხლე მტრებს, ისე მოგვექცნენ. ყველაზე ტრაგიკული ამ ამბავში კი ის იყო, რომ მოწმეებად ორი უსამშობლო, გვარით ქართველი, აზროვნებით და ცნობიერებით კი მანქურთი საბანაძე და ჩხიკვაძე დაისვეს წინ და ფორმალურ, მაგრამ მაინც საკუთარ ქვეყანაზე ათასგვარი სისაძაგლე და ბოროტება ალაპარაკეს. აქვე შეგახსენებთ, ეს ის ვანო ჩხიკვაძეა სოროსის ფონდიდან, რომელმაც ევროგაერთიანებას მოუწოდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ, რადგან თურმე არ ვიმსახურებდით და პირველ ჯერზე ასეც მოხდა - უკრაინასა და მოლდოვაზე ათი თავით წინ მყოფი ჩვენი ქვეყანა დასაჯეს და მხოლოდ პერსპექტივას დაგვაჯერეს.

საქართველოსადმი "მტრული აქტის" განხილვის პროცესში რამდენიმე მთავარი ფაქტორი გამოიკვეთა, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი რევოლუციით მუქარა და ქვეყნის განადგურება, ანუ უკრაინიზაცია გახლავთ. კარგად დააკვირდით რას ამბობს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი: „უკრაინაში მოხდა ნარინჯისფერი რევოლუცია, 2014 წელს მოხდა მეორე რევოლუცია - მაიდანი. ჩვენ ვხედავთ ძლიერ დემოკრატიას უკრაინაში, რომელმაც მიიღო სარგებელი და აღმოცენდა ამ ორი რევოლუციის საფუძველზე. საქართველო ახლა არის გზაგასაყარზე, როგორც 2014 წელს უკრაინა. თუ გაყალბდა არჩევნები მასიურად, შეიძლება მოხდეს ასევე რევოლუცია საქართველოში“... უკრაინის დემოკრატიით აღფრთოვანებული დიპლომატი პირდაპირ რევოლუციით და ჩვენი ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევით გვემუქრება. არადა ყველა ვხედავთ, რა ხდება დღეს უკრაინაში. ქვეყანა განადგურებულია, ასიათასობით ადამიანი გარდაცვლილი, ტერიტორიები დაკარგული და ამ სისხლისმღვრელ ომს ბოლო არ უჩანს. ქვეყნის გადარჩენილი მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქვეყნიდან არის გასული და მათი უკან დაბრუნების პერსპექტივა, სამწუხაროდ, ბუნდოვანია. განადგურებულია უკრაინის გენოფონდი, პრეზიდენტი ზელენსკი კი შექმნილ ვითარებაში სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა ადანაშაულებს კოლექტიურ დასავლეთს. სწორედ უკრაინის ბედის გაზიარებით გვემუქრებიან და თან, უტიფრად გვარწმუნებენ, რომ რაც უკრაინაში ხდება ეს დემოკრატიის გამარჯვებაა.

წარმოუდგენელი ტყუილი იკადრა კონგრესმენმა სტივ კოენმა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება მათი ნომრიანი აგენტის, სააკაშვილის წამებაში დაადანაშაულა: „ბატონი სააკაშვილი ახლა ციხეშია, უკვე საკმაო ხანია. მას საკმაოდ საშინლად ეპყრობიან. ის ცუდ მდგომარეობაში იყო და მისი სიცოცხლე შესაძლოა, საფრთხის ქვეშ იყოს". ახლა უკვე გასაგებია საიდან იყო ინსპირირებული ცილისმწამებლური კამპანია „სააკაშვილის წამებასთან“ დაკავშირებით, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვა. შედეგად სააკაშვილმა კვება გააგრძელა და ახლა, ვივამედის ლუქს პალატაში მოთავსებული ( და არა ციხეში, როგორც ეს კონგრესმენმა თქვა ) იღებს მითითებებს პატრონებისგან და აქტიურად მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში. საქართველოსადმი „მტრული აქტის“ განხილვის პროცესის კიდევ ერთ პასაჟზე გავამახვილებთ თქვენ ყურადღებას. კონგრესმენმა ჯო უილსონმა სიხარულით ამცნო საზოგადოებას, რომ განხილვის ოქმს თან დაურთავს შალვა ნათელაშვილის მიერ გაგზავნილ წერილს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. იმ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, სადაც თავის დროზე დემოკრატიის აკვანი დაირწა, კონგრესმენი ქართველ ხალხს ეუბნება, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ მეძავად ქცეული, 0% - იანი კლოუნის მოსაზრებებს ასახავს მიღებულ დოკუმენტში.

გუშინდელი „მტრული აქტის“ მოკლე მიმოხილვა კი მთავარი სათქმელისთვის დაგვჭირდა. ვიტყვით იმას, რაც აქამდე დიდი ხანია ვიცოდით, მაგრამ მაინც ვცდილობდით, რომ ჩვენი „სტრატეგიული პარტნიორებისათვის“ როგორმე სახე შეგვენარჩუნებინა. საქმე ეხება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, ნატოს და მის მეხუთე მუხლს. აქამდე ქართულ საზოგადოებას მუდმივად აბრუებდნენ, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ნატოში გასაწევრიანებლად და რომ ეს არის ერთადერთი ხსნა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენც, ცდა არ დაგვიკლია ამ მიზნის მისაღწევად. უფრო მეტიც, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ალიანსთან პარტნიორობით იყო ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი სხვადასხვა მისიებში. ამის პარალელურად, ათეულობით წელია ვისმენთ ტყუილ, არაფრისმომცემ დაპირებებს, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო და ასე შემდეგ. ამ კუთხით, ნიჰილიზმის კიდევ ერთი საფუძველი აშშ - ის პრეზიდენტის გუშინდელი მკაფიო განცხადებაა, რომელმაც პირდაპირ თქვა: „მე ადრეც მითქვამს, რომ არ ვარ მზად, მხარი დავუჭირო უკრაინის „ნატოიზაციას“... რაც შეეხება უშუალოდ მეხუთე მუხლს, კითხვაზე, არის თუ არა ნატოს წევრობა ასპროცენტიანი გარანტია უსაფრთხოების, პირდაპირ გიპასუხებთ, რომ არა. აქამდე ქართულ საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ წევრობის შემთხვევაში მესამე ქვეყნის მხრიდან სამხედრო აგრესია მომენტალურად გამოიწვევდა ამერიკული ჯარის ჩართვას კონფლიქტში და უპირობო, გარანტირებულ თავდაცვას. ვნახოთ გავაანალიზოთ რა წერია ალიანსის მეხუთე მუხლში. „ალიანსზე თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოზე. ხოლო ამ დანარჩენ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, ისე და იმ ფორმით დაეხმარონ აგრესიის ობიექტს, როგორც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ და თუ საჭიროდ ჩათვლიან, მხოლოდ მაშინ გამოიყენონ საკუთარი შეიარაღებული ძალები“
(იხილეთ დამადასტურებელი ბმული https://www.nato.int/cps/en/natolive/official_texts_17120.htm )

ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, აქამდე გადარჩენის და უსაფრთხოების მთავარ იარაღად შერაცხული მეხუთე მუხლი სულაც არ არის უსაფრთხოების და თავდაცვის გარანტი. უფრო მეტიც, ეს მანიპულაციური ჩანაწერი ალიანსის წევრ ყველა ქვეყანას აძლევს სრულ უფლებას, იხელმძღვანელონ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით და მათივე წესდებით, თავი აარიდონ ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას.
ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ნატოს წესდების, განსაკუთრებით მეხუთე მუხლის ქართული თარგმანი მიზანმიმართულად არის გაყალბებული. ორიგინალისგან განსხვავებით, ქართულ ვერსიაში ამოღებულია მთავარი ნაწილი, სადაც საუბარია სამხედრო ძალის გამოყენებაზე. თარგმანში გამქრალია წესდების ორიგინალის მთავარი დათქმა, რომ ყველა ქვეყანა თავად წყვეტს, გამოიყენოს ან არ გამოიყენოს სამხედრო დახმარება, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. ქართულ ვერსიაში ისეა წარმოჩენილი, რომ ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში ყველა ქვეყანა ვალდებულია, ჩაერთოს სამხედრო დაპირისპირებაში და დაიცვას მოკავშირე სამხედრო აგრესიისგან.
(იხილეთ დამადასტურებელი ბმული
https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_17120.htm?selectedLocale=ka )

ჩნდება კითხვა, ვის და რაში დასჭირდა, წლების განმავლობაში ეწარმოებინა სიცრუეზე დაფუძნებული პროპაგანდა და დაერწმუნებინა ქართველი ხალხი, რომ ნატოს წევრობა აპრიორი ნიშნავს უსაფრთხოებას და გარანტირებულ სიმშვიდეს, ან სამხედრო აგრესიის შემთხვევაში უპირობო დაცვას? პასუხი მარტივია - წლების განმავლობაში, ევროკავშირისა და ნატოს საკითხს გლობალური ომის პარტია ხალხზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებს. და რადგან მეტ-ნაკლები წარმატებით მოახერხეს და საზოგადოება დააჯერეს, რომ ჩვენი ხსნა მხოლოდ ამ გაერთიანებებში გაწევრებაა, ამ ინსტრუმენტს ხელისუფლების წინააღმდეგ, ხალხის მანიპულირებისათვის ასევე მეტ-ნაკლები წარმატებით იყენებდნენ.

საქართველოს წინააღმდეგ ამ ვერაგული გეგმის მიუხედავად, დღეს ქართული საზოგადოება მზად არის, გაუძლოს ნებისმიერ ზეწოლას და გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას. მთავარია მუდმივი სიფხიზლე და პროცესების ცივი გონებით გაანალიზება. ყველაფერი ხელის გულზე დევს. როდესაც გეუბნებიან, რომ ორმა რევოლუციამ უკრაინაში დემოკრატია მოიტანა - არადა ამ დროს ვხედავთ განადგურებულ, ომის უბედურებაში გახვეულ ქვეყანას, არჩევანი მარტივია. როდესაც გეუბნებიან, რომ უმძიმესი ცოდვებით დამძიმებული ნაცმოძრაობა თურმე დემოკრატიული პოლიტიკური პარტიაა, არჩევანი მარტივია. როდესაც გეუბნებიან, რომ დაჯილდოვდები მეორე ფრონტის და საქართველოს უკრაინიზაციის სანაცვლოდ, არჩევანი მარტივია. როდესაც გეუბნებიან, რომ თუ გვსურს კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა შეგვაქონ, ამისათვის საქართველო უნდა გავწიროთ და ომში ჩავრთოთ - არჩევანი მარტივია. საქართველოსადმი „მტრული აქტის“ ყველა ავტორსა თუ სულისჩამდგმელს კი, პასუხს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გასცემს!“, - ნათქვამია განცხადებაში.