შალვა პაპუაშვილი აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენაზე: ჩვენ ვნახეთ ორი მოღალატე და არცერთი მეგობარი. ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში

შალვა პაპუაშვილი აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენაზე: ჩვენ ვნახეთ ორი მოღალატე და არცერთი მეგობარი. ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში

ძალიან მძიმე სანახაობა იყო. ჩვენ ვნახეთ ორი მოღალატე და არცერთი მეგობარი, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის კონგრესში გუშინ გამართულ მოსმენას.

„ეს არის საბოლოო დასკვნა, რაც შეიძლება გამოვიტანოთ გუშინდელი განხილვიდან. ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და რომლებმაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს დაკითხვის დროს სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება შეეყაროს ადამიანს, არ ვიცი. ასეთი შემთხვევები ვიცით ისტორიიდან და მაშინ ჩუმად ჩადიოდნენ სხვა გავლენიანი ქვეყნის დედაქალაქებში, სახეს იმალავდნენ, ღამით გადაადგილდებოდნენ. ჩუმად ჩაიპარებოდნენ, რომ საკუთარი ქვეყანა სხვა ქვეყნების მმართველებთან დაებეზღებინათ. დღეს ეს ყველაფერი ღია ეთერში ხდება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

„საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდაჭერა“ - ამ სახელწოდებით აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოსმენა გაიმართა, სადაც ე.წ. მოწმის სახით „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი იყვნენ მიწვეული. სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იმსჯელეს.