შალვა პაპუაშვილი: როდესაც ნატოს ბევრი წარმომადგენელი ავღანეთში შტაბიდან ცხვირს არ ყოფდა გარეთ, ქართველები ამერიკელებთან ერთად წინა ხაზზე იბრძოდნენ. სამწუხაროა ამის საპასუხოდ რომ ვხედავთ საქართველოს დამცირების მცდელობას

შალვა პაპუაშვილი: როდესაც ნატოს ბევრი წარმომადგენელი ავღანეთში შტაბიდან ცხვირს არ ყოფდა გარეთ, ქართველები ამერიკელებთან ერთად წინა ხაზზე იბრძოდნენ. სამწუხაროა ამის საპასუხოდ რომ ვხედავთ საქართველოს დამცირების მცდელობას

კონგრესში ვნახეთ ანტიქართული განცხადებების ნიაღვარი. ეს ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ამერიკელებთან ერთად იბრძოდნენ.

„ჩვენ ამერიკელ ხალხს 30 წელია ვაჩვენებთ მეგობრობას და გვერდში დგომას. ჩვენ ამერიკელი ხალხისთვის ბევრი გვაქვს გაკეთებული და ქართველი ხალხი გვერდში დაუდგა ამერიკელ ხალხს, მათ შორის საერთაშორისო მისიებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მაშინ, როდესაც ნატოს ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ავღანეთში შტაბიდან ცხვირს არ ყოფდა გარეთ, ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად წინა ხაზზე იბრძოდნენ. ამის საპასუხოდ რომ ვხედავთ საქართველოს დამცირების ასეთ მცდელობას, ეს რა თქმა უნდა არის სამწუხარო. როცა ვხედავთ დეზინფორმაციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის სამწუხარო და როდესაც ვხედავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ დაამცირონ საკუთარი სამშობლო უცხო ქვეყანაში მისი დასმენით და მისი გასამართლების პროცესის მოწყობით, ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამწუხარო, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები სწორედ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იქნება დასაცავი. მან 2020 წელს პარალელური დათვლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ უცხოელმა დონორმა იცოდა PVT-ს გაყალბების შესახებ, თუმცა ამ ინფორმაციას ქართველ ხალხს უმალავდა.

„მაშინ პირადად მქონდა შეხვედრა USAID-ის წარმომადგენელთა და მან პირდაპირ მოგვატყუა ჩვენ, რომ ყველაფერი იყო სწორი და არაფერი შეცდომა არ იყო. შემდეგ, 3 დღეში ISFED-მა აღიარა, რომ ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას PVT-სთან დაკავშირებით. ამიტომ, ქართველი ხალხი ამ არჩევნებზე მიდის ძალიან მტკიცედ და ცხადი წარმოდგენით თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ გვინდა გვქონდეს ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ გვინდა ვიყოთ ვასალური სახელმწიფო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.