„არის ქვეყნები, სადაც „გამჭვირვალობის კანონის“ გამოჩენამ ვიღაცები დააფრთხო, თუმცა არსებობს შემოვლითი გზებიც, რითაც ფინანსდებიან არასამთავრობოები, მათ შორის, ბიტკოინებით თანხის გადახდის საშუალება. დაახლოებით ეს იგივეა, ქურდობა რომ ავკრძალოთ, ეს რამე შედეგს მოიტანს? რა დროიდანაც გამკაცრდა კანონი ქურდების წინააღმდეგ, იმ დროიდან კანონის გვერდის ავლას ცდილობენ ქურდები“, - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას.
„გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ ამოქმედდა. არასამთავრობოებმა 60 დღეში უნდა წარადგინონ დეკლარაცია, თუ საიდან ფინანსდებიან. 16 სექტემბრის შემდეგ უკვე გვექნება ნათელი სურათი, ვინ და როგორ ფინანსდება. თუკი გავითვალისწინებთ, რომ უცხოელი რევანშისტები ჩვენს ქვეყანაში აფინანსებენ შიდა რევანშისტებს და არასამთავრობოებს, მოსალოდნელია თუ არა არასამთავრობო სექტორის გაცხრილვა, რადგან ცალკეულ არასამთავრობოს შეიძლება არც კი სურდეს საკუთარი დაფინანსების წყაროს და მავნე მიზნების გამჟღავნება? კიდევ რა უნდა გავიგოთ ახალი 16 სექტემბრის შემდეგ, რაც აქამდე არ ვიცოდით არასამთავრობოების მიზნების შესახებ?
- მიზანი, რაზეც ლაპარაკობს ხელისუფლება, იდეალურია, რათა არ მოხდეს საეჭვო დაფინანსების გადმოსროლა საქართველოში და აქ უკვე ამ დაფინანსების მიღება. ზოგადად, ყოველთვის მოიძებნება დიდი ზომის ჩემოდანი, რომლის საშუალებითაც ნატურალურად ფული გაკეთდება, რეალური ქეში რასაც ჰქვია. არის კიდევ ბიტკოინებით თანხის გადახდის საშუალება, რომელიც არ რეგისტრირდება. ცხადია, არსებობს არასამთავრობოთა დაფინანსების შემოვლითი გზები, ასე ხდება ყველა კანონდარღვევის დროს. თუმცა როცა რაღაცას კრძალავ, ეს არ არის გარანტია, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას დანაშაული. ქურდობა ავკრძალოთ და, დავუშვათ, შემოვიღეთ ამკრძალავი კანონი, რა გარანტია გვაქვს, რომ საერთოდ აღარ იქნება ქურდობა. რა დროიდანაც კანონი გაჩნდა, იმ დროიდან გვერდის ავლის გზებზე ფიქრობენ ქურდები და, როგორც წესი, უფრო ჭკვიანებიც არიან. ცხადია, შეზღუდვის რაღაც ხარისხს მოიტანს „გამჭვირვალობის კანონის“ შემოღება. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ არასამთავრობოები თავს აარიდებენ მეტისმეტად მოუკრეფავში გადასვლას. ამის მაგალითია, რომ ყირგიზეთში სოროსის ფონდმა დაიხურა ქუდი და წავიდა. ანუ არის ქვეყნები, სადაც ამ კანონის გამოჩენამ ვიღაცები დააფრთხო. ანალოგიურად შეიძლება მოხდეს საქართველოშიც. თუმცა ეს არ არის პანაცეა, ყველა საეჭვო შემთხვევისგან დაცვა, უბრალოდ, რაღაც ხარისხით გამჭვირვალობის კანონი უთუოდ დაგვიცავს.
თუკი გაირკვევა არასამთავრობოთა დაფინანსების მოტივი, ნაწილობრივ, ეს იქნება არჩევნების წინ რევანშის აღება ჩვენს ოპოზიციასა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ არასამთავრობოებზე, რომლებიც ჯერ კიდევ შარშანდელი 7-9 მარტიდან მოყოლებული, რევოლუციურ ეიფორიაში ამყოფებდნენ ქვეყანას, მაგრამ რა იქნება დასავლეთის პასუხი ამ კანონის ამოქმედების შემდეგ? დასჯადი იქნება თუ არა ეს ქმედება ურჩი „ქართული ოცნებისთვის“, რომელმაც ნეოკოლონიალისტები გაანაწყენა?
- დასავლეთში არიან ნეოკონსერვატორებიც, ანუ იგივე ნეოკონებიც და სხვებიც, რომლებსაც არ აწყობთ საქართველოს ურჩობა, მაგრამ დასავლეთის გაბრაზებაზე საუბარი ცოტა ნაჩქარევი მეჩვენება, რადგან ჩვენ რევოლუცია კიდევ წინ გვაქვს. ალბათ, დევს უკვე სადღაც ოთახებში სცენარი, რომლის მიხედვითაც, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და გააპროტესტოს, რომ თურმე არჩევნები გაყალბდა. არჩევნების გაყალბება კი, როგორც წესი, რევოლუციებს ლეგიტიმურს ხდის. თუ ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს, ხალხს ეძლევა უფლება, ხელისუფლება გადააგდოს. გარკვეულ ძალებს ეს ნანატრი რევოლუციური გადაგდება სჭირდებათ, რაც შეიძლება სწორედ ამ არჩევნებზე შემოგვთავაზონ. რევოლუციის კონტური რახან იკვეთება, მაინც სასურველია, ხელისუფლებამ თავისი მხრიდან გადასადგმელი ყველა ნაბიჯი არ გადადგას და დაიტოვოს რაღაც სვლები.
2012 წელს ციხის კადრებმა განაპირობა, რომ ხალხმა ბიძინა ივანიშვილს დაუჭირა მხარი ყოველგვარი რევოლუციების და სისხლის გარეშე. ამჟამად ხელისუფლების მიზანია არასამთავრობოებს ამოფარებული ოპოზიციისთვის ნიღბის ჩამოხსნა და გაშიფვრა, თუ რას წარმოადგენენ ისინი, თუმცა ეს გამოაშკარავება თავისი სიმწვავით ვერ შეედრება მაშინდელი ცოცხების კადრებს. კიდევ რა უნდა დაიტოვოს ხელისუფლებამ ბერკეტად, რაც მას არჩევნების წინ გამოადგება?
- ცხადია, სხვადასხვა სიმძიმის წერტილი იყო ციხის კადრები, ანუ ის საშინელი სიუჟეტი „ნაციონალების“ დროს, ზნეობას რომ ურტყამდა. სწორედ ამიტომ იმ პერიოდში ახალგაზრდებით გაივსო ქუჩა, „ქართული ოცნების“ პირობებში კი რომ ატეხეს ოპოზიციონრებმა ერთი ამბავი, არჩევნები გაყალბდაო, ეს უფრო პოლიტიკური პროტესტი იყო და არა ზნეობის შელახვის გამო გამოხატული პროტესტი.
გამოდის, ხელისუფლებამ არჩევნებისთვის უნდა შემოინახოს ვიდეოკადრები ან აუდიოჩანაწერები, რაც რევანშისტების ქმედებას ფარდას ახდის ზნეობრივ ჭრილშიც?
- იცით, არის კიდევ გამწარების ხარისხი. თუ ხელისუფლებამ ახლა დაიწყო ამ ფონზე რეპრესიები, თვითონ რეპრესიები გააჩენს გამწარების რეაქციას არჩევნების შემდეგ, უფრო მეტ უკმაყოფილებას ცალკე ეს რეპრესიები წარმოშობს, მიუხედავად იმისა, არჩევნები გაყალბდება თუ არა. სხვა ფაქტორების დამატება არ სჭირდება რევოლუციებს.
რაც შეეხება ე.წ. დასავლელ მეგობრებს, ანუ ნეოკოლონიალისტებს, რამდენად გაუჭირდება ხელისუფლებას ფსევდო მეგობრების მოგერიება?
- რეალობას უნდა შევხედოთ იმ თვალსაზრისით, რომ კარგია ახლა რაც ხდება, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ პოლიტიკაში არ არიან მეგობრები, პოლიტიკაში არის ინტერესები. თუ უარყოფითი ინტერესი იქნება იმ ქვეყნების მხრიდან, ვისაც მეგობრებად ვთვლით, რა თქმა უნდა, ისინი გადაგვივლიან. ეს არ არის წარმოუდგენელი მოვლენა. მთავარია, ინტერესთა ბალანსი მოვახდინოთ. ჯერჯერობით ახლა ვახდენთ იმის ბალანსს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე საქონლის გატანის ინტერესია ჩინეთის მხრიდან. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, მე არ ვიცი. პარალელურად, რუსეთის მხრიდან დაბალანსებულია ინტერესი, რომ საქართველოზე არ გაიაროს სატრანზიტო ხაზმა, ყოველ შემთხვევაში, რუსეთი ხმას არ იღებს. ამერიკა ჩვენ გვეჩხუბება, რადგან ჩინეთთან ჩხუბს თავს არიდებს. თუკი საქართველოს დაიცავს ჩინეთი, მაშინ, ალბათ, ამერიკაც უფრო ზრდილობიანი იქნება. ამ ცვლილებების იმედი უნდა გვქონდეს, თორემ მეგობრობის იმედი - ნაკლებად.
ჩინეთი თუ დაგვიცავს და ჩინეთის ქოლგის ქვეშ ვიქნებით, ალბათ, დასავლელი „მეგობრები“ ასე დაჟინებით აღარ მოგვთხოვენ უკრაინის ომში ჩართვას და მეორე ფრონტის გახსნას.
- ჩინეთს რახან ჩვენი ტერიტორია ტრანზიტისთვის უნდა, სატრანზიტო ტერიტორიაზე ომის წარმოება შეუძლებელია. ომის პირობებში საქართველოს ტერიტორიაზე საქონელს არავინ გაატარებს. აქ ისევ ინტერესთა დამთხვევაა და არა ჩინეთთან მეგობრობა.
დიახ, ჩინეთთან მიმართებაში გეთანხმებით, ხოლო, სავარაუდო რევოლუციის თაობაზე გავიმეორებ, რომ მაიდანები აღარ განმეორდება, ისტორიის ეს ციკლი ჩამთავრდა.