საქართველო თუ თავს თავისუფალ ქვეყნად გრძნობს, ეს არის ავტორიტარიზმისადმი ხალხის წინააღმდეგობის და სულისკვეთების დამსახურება, რასაც დღეს ნათლად გამოხატავენ, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ აშშ-ის კონგრესში განაცხადა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე ე.წ. მოწმის სახით იყო მიწვეული.
მისი თქმით, „პასუხად, საქართველოს სულ უფრო და უფრო დაუცველი მმართველი რეჟიმი სტალინური მეთოდების აღდგენას ცდილობს, ნადირობს მოღალატე აგენტებზე ქვეყნის შიგნით და გლობალურ მტრებზე ქვეყნის გარეთ“.
„დღეს საქართველოს დემოკრატია ნადგურდება საპარლამენტო უმრავლესობის ხელით. ერთი უპასუხისმგებლო კაცის ბრძანებით, საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს ხანგრძლივი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ანგრევს, ის ანგრევს 30 წლის მიღწევებს და მეგობრობას ისეთი კანონების მიღებით, როგორიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ის აფერხებს საქართველოს დიდი ხნის ოცნების ასრულებას, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს მაშინ, როცა ამას ხმამაღლა უარყოფენ და ამბობენ, რომ მსგავსი რამ არ ხდება. საქართველოს მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პრინციპებს, კარგია ჩვენთვის. ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებების, საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრის მიუხედავად, ისინი ამტკიცებენ, რომ ეს მხოლოდ გააუმჯობესებს და არ დაანგრევს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვენეციის კომისიისა და ეუთო-ს უარყოფითი და დეტალური შეფასების წაკითხვის შემდეგ, საქართველოს მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ახალი კანონმდებლობის წინააღმდეგ არცერთი დასაბუთებული არგუმენტი არ აქვთ მოსმენილი. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება გარდაიქმნება თვითნებური დევნის საშუალებად. ამ ბრძოლაში, ქართველი ხალხი და მისი მთავრობა სხვადასხვა მხარეს დგანან. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი „მეგობარი აქტი“. ქართველებმა ეს ბრძოლა საკუთარი თავისთვის უნდა იბრძოლონ, როგორც ვაკეთებთ, მაგრამ მეგობრები გვჭირდება. საქართველო, როგორც ქვეყანა, იმსახურებს თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას, მაგრამ პიროვნებები, რომლებმაც გადაწყვიტეს საქართველო რუსეთის ნაცრისფერ ზონად გადაექციათ თავისი საეჭვო ბიზნესგარიგებებისთვის, უნდა დაისაჯონ. ეს გლობალური ბრძოლის ნაწილია“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.