ჩემი ქვეყანა და ხალხი ახლა დგას გზაგასაყარზე – ან საქართველო განაგრძობს, გახდეს თავისუფალი და წმინდა სამყაროს ნაწილი, ან კვლავ გახდება რუსეთის ნაწილი, როგორც ეს იყო საბჭოთა დროს, – ამის შესახებ „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ვანო ჩხიკვაძემ აშშ-ის კონგრესში განაცხადა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე ე.წ. მოწმის სახით იყო მიწვეული.
მისი თქმით, ქართველი ხალხი საქართველოს მომავალს ევროკავშირსა და ნატო-ში ხედავს.
„მადლობას გიხდით ამ მნიშვნელოვანი მოსმენისთვის. მსურს, ყურადღება გავამახვილო საქართველოში არსებულ უახლეს მოვლენებზე და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიის უკან დახევაზე რუსული სტილის კანონით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ, რომელიც ახლახანს იქნა მიღებული მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ. ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი ახლა დგას გზაგასაყარზე. ან საქართველო განაგრძობს, გახდეს თავისუფალი და წმინდა სამყაროს ნაწილი, ან კვლავ გახდება რუსეთის ნაწილი, როგორც ეს იყო საბჭოთა დროს.
ქართველი ხალხის არჩევანი ნათელია, ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ვხედავთ საქართველოს მომავალს ევროკავშირსა და ნატო-ში. მაშინ, როცა ქართველი ხალხის ხმამაღალი ხმა გაგებული იქნა აქ, ვაშინგტონში, ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო ეს ხმა. კანონი სრულად წაშლის კრიტიკულ ხმებს და უკან დახევს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების გულუხვი მხარდამჭერით იყო შექმნილი, მათ შორის აშშ-ის მხარდაჭერით“, – განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.
ვანო ჩხიკვაძესთან ერთად, კონგრესში ე.წ. მოწმეების სახით მიწვეული იყვნენ ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი, რომლებმაც შეკითხვებს უპასუხეს.