ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. ანაკლიის პორტის მშენებლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება შუა დერეფნის და საქართველოს დამაკავშირებელი ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით. ისტორიულად საქართველო ერთმანეთს აკავშირებდა ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ამ პორტის მშენებლობით, მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყანა ახალ განსაკუთრებულ რესურსს შეიძენს.
„საბოლოო წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომელთანაც შესაბამის პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება საპარტნიორო შეთანხმება, დაიდება საკონცესიო ხელშეკრულება. მინდა შეგახსენოთ, რომ ხელშეკრულების დადების შემდგომ დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო კომპანიის წილი იქნება 51%, ხოლო კონსორციუმის წილი იქნება 49%.
ასევე, პარალელურად, უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით და ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები უკვე ძალიან მალე დაიწყება. პირველი ფაზის საორიენტაციო-საინვესტიციო მოცულობა არის 600 მლნ დოლარი და ამ ფაზის დასრულების შემდეგ პორტი 600 000 კონტეინერს მიიღებს. ეს არის 7,8 მლნ ტონა ტვირთის გატარების რესურსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აშშ-ის ორი უწყების მხრიდან ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს არ ნიშნავს სანქციას. კომპანიას არ ეზღუდება ფინანსური გადარიცხვა, ტრანზაქცია, პროექტის განხორციელება. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტთან მიმართებით იყო გადაჭარბებული ემოციები და პროექტთან დაკავშირებით პროცესების პოლიტიზების მცდელობა.
როგორც დავითაშვილი აცხადებს, მთავრობა გეგმაზომიერად განავითარებს პორტს, თუმცა ახლა გასავლელი იქნება რამდენიმეთვიანი პროცედურა, სადაც საქართველოს ექნება დიალოგი პრეტენდენტთან, იქამდე, სანამ საბოლოოდ მოხდება პარტნიორთა შორის შეთანხმების გაფორმება.
„სამწუხაროდ, საქართველოში არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება პოლიტიზების გარეშე არ ხდება ხოლმე. გვესმის, რომ პოლიტიკურ ძალებს სჭირდებათ თითოეული თემის პოლიტიზება თავისი კონკრეტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს ხშირ შემთხვევაში არ არის თანხვედრაში ქვეყნის საერთო მიზნებთან. სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტთან მიმართებით, ჩვენ დავინახეთ გადაჭარბებული ემოციები და პროექტთან დაკავშირებით პროცესების პოლიტიზების მცდელობა. ბუნებრივია, ეს არაფრის მომცემი არ არის, ჩვენ გეგმაზომიერად განვავითარებთ პორტს და ეს იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, სტრატეგიული პროექტი, რადგან, იცით, რომ ტრანსპორტი, დაკავშირებადობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენს ეკონომიკაში. ზოგადად, ეს სექტორები უდიდეს როლს ასრულებენ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაში“, - აცხადებს მინისტრი.
ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანეს საჯარო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციის ზრდას შეუწყობს ხელს და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ე.წ. შუა დერეფნის ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ იქნება მიმართული. თავის დროზე, როდესაც პროექტის განვითარებაზე იყო საუბარი, პირველ ეტაპზე, მაშინაც მოიაზრებოდა, რომ ეს იქნებოდა საერთაშორისო პროექტი, სადაც ჩართული იქნებოდა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური სუბიექტი, მათ შორის, ჩინეთის და არა მხოლოდ ჩინეთის, მათ შორის საუბარი იყო ირანზე. დავითაშვილის განმარტებით, ის, რომ პროექტში ჩართული იქნება ჩინური მხარე, ეს დამატებით უპირატესობას შექმნის.
„ჩინეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოთამაშეა რეგიონში. რაც შეეხება კომპანიას, ეს არის ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სახელმწიფო კომპანია. მე გეუბნებით კონსორციუმის ერთ-ერთ წევრზე, თორემ კონსორციუმში ჩვენ გვყავს რამდენიმე კომპანია და მოიაზრება, რომ ჯამში, პროექტის განვითარების პირობებში, დამატებით კონსორციუმს შეემატება სხვა კომპანიები, რომლებიც დამატებით წვლილს შეიტანენ პროექტის კონკურენტუნარიანობაში. იცით, რომ ამ პროცესში ჩვენ გვყავს საერთაშორისო წამყვანი იურიდიული კონსულტანტები ჩართული და მათთან ერთად გვექნება გასავლელი პროცესები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება კომპანიის სანქციების საკითხს, ეს არის კომპანია, რომელიც შედის ე.წ. „Fortune 500“- ში, ეს არის მსოფლიოს 500 წამყვან ყველაზე მსხვილ კომპანიას შორის ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც აქვს ამ პროექტის საქართველოში თავისუფლად განხორციელების საშუალება და ასევე, მსგავსი პროექტების მსოფლიოს, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში განხორციელების საშუალება. კომპანიას ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები აშშ-ის ორი უწყების მხრიდან დაწესებული.
ეს იყო ვაჭრობის სამინისტროს ვაჭრობის ბიუროს სია, რაც გულისხმობს ერთადერთ რამეს, რომ ამ კომპანიასთან კონკრეტული სტრატეგიული პროდუქტების ან მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, ამერიკულმა კომპანიებმა უნდა მიიღონ თანხმობა ვაჭრობის სამინისტროს ამ ბიუროს მხრიდან და სხვა არაფერი. ამ კომპანიას არ ეზღუდება არანაირი ფინანსური გადარიცხვა, ტრანზაქცია, პროექტის განხორციელება, რაც ცხადია, არ ნიშნავს სანქციას და მკაფიოდ არის განსაზღვრული, მათ შორის, იმ იურიდიულ დასკვნაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში არის წარმოდგენილი.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, რუსეთს არ სურს თანამედროვე, დასავლეთთან პარტნიორობით აშენებული პორტი საქართველოში და ამიტომ მიეცა ეს შესაძლებლობა ჩინურ კომპანიას. „ლელოს“ ლიდერმა ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ წაართვეს ქართველ ხალხს პერსპექტივა, ასობით ათასი სამუშაო ადგილი, რომელსაც ანაკლიის პროექტი ევროკავშირთან და აშშ-თან პარტნიორობით იძლეოდა.
„რომ არა თქვენი თავდასხმა ჩვენზე და პროექტზე, 2020-ში ანაკლიაში პირველი გემი უკვე შემოსული იქნებოდა, საქართველო კი სხვანაირი ქვეყანა. სწორედ ამისთვის ვმუშაობდი წლების განმავლობაში და ზუსტად ამიტომ არის ანაკლიის პორტის აშენება „ლელოს“ პროგრამაში, როგორც პრიორიტეტი, მაგრამ შენმა „რუსულმა ოცნებამ“ ვერაგული განზრახვით დაბლოკა ეს პროექტი, რადგან თქვენს პატრონ პუტინს, არ სურს თანამედროვე, დასავლეთთან პარტნიორობით აშენებული პორტი საქართველოში.
ამიტომ აძლევთ ამ პროექტს ჩინურ კომპანიას, რომელიც მხილებულია კორუფციაში, შრომითი უფლებების დარღვევასა და პროექტების ჩაგდებაში. გპირდები, ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოგეთხოვება, ხოლო ქვეყნის ღალატის გამო შენ და დანარჩენებს ჩვენი ხალხი და მომავალი გაგცემთ მკაცრ პასუხს!“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძის კრიტიკა მიუღებელია ხელისუფლებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანი, რომელიც თაღლითობაზე იყო ნასამართლევი, დღეს რატომღაც ფიქრობს, რომ მორალური უფლება აქვს პოლიტიკაში იყოს და მოქალაქეების ხმები მიიღოს. შალვა პაპუაშვილის თქმით, თაღლითობა ბიზნესში და თაღლითობა პოლიტიკაში, ალბათ, ერთმანეთისგან შორს არ დგას.
„თაღლითობა ბიზნესში და თაღლითობა პოლიტიკაში ალბათ, ერთმანეთისგან შორს არ დგას. ამიტომ, ეს ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც თაღლითობაზე არიან ნასამართლევი. არ ვიცი, ეს თაღლითობა იყო თუ რა, თავის დროზე ანაკლიის საკითხი ხომ ყველას გვახსოვს, ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვუყურებდით, რაც ხდებოდა! მამუკა ხაზარაძეს ჩააბარეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი. იძლეოდა დაპირებებს, რომ შემოიყვანდა სხვადასხვა ინვესტორს. საერთოდ ვერავინ ნახა - ყველა მოდიოდა იმ პირობით, რომ ჰქონოდათ უშრომელი ფული. ეს იყო, რაც საბოლოო ჯამში ვნახეთ. სახელმწიფომ მათთვის ვალდებულების შესრულება რამდენჯერმე გადაავადა, თუ არ ვცდები, 10-ჯერ მეტი იყო გადავადება“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, ხაზარაძე ითხოვდა, რომ თუკი ანაკლიის პორტი არ მისცემდა იმ მოგებას, რომელზეც მას ჰქონდა გათვლა, საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ჯიბიდან უნდა ამოეღოთ ფული და მიეცათ მამუკა ხაზარაძისთვის, რათა მას ბევრი მოგება ჰქონოდა.
„ამას ამბობდა ადამიანი, რომელიც შემდეგ თაღლითობაზე იყო ნასამართლევი და დღეს რატომღაც ფიქრობს, რომ მორალური უფლება აქვს პოლიტიკაში იყოს და მოქალაქეების ხმები მიიღოს. ამის პასუხი მან მოქალაქეებისგან მიიღო. გახსოვთ, არჩევნებში მის მიმართ მხარდაჭერა 3%-მდე იყო. ეს არის პასუხი იმაზე, როდესაც ადამიანი გეუბნება, რომ უნდა ჰქონდეს უშრომელი ბიზნესი და წაგებულ ბიზნესში მოგება ნახოს მოქალაქეების ხარჯზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თბილისის მერის განცხადებით, ხაზარაძეს დაავალეს, რა უნდა თქვას და იმას იმეორებს. როგორც კახა კალაძე აცხადებს, ანაკლიის პორტის პროექტი, ხაზარაძის ჩართულობით, თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის. მისი თქმით, ხაზარაძეს სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა და ვადების გადაწევის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ანაკლიის პორტის პროექტში ვერც ერთი ბიზნესჯგუფი ვერ შემოიყვანა.
„მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობის საკითხს აკრიტიკებს, თუმცა, თავის დროზე, თავადაც ჰქონდა სურვილი, რომ ჩინური კომპანიები შემოეყვანა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. არადა საკმარისი დრო, შესაძლებლობა, სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა, ვადების გადაწევის შესაძლებლობა ჰქონდა ამისთვის. მან ვერ შეძლო ვერც ერთი ბიზნესჯგუფის შემოყვანა. აღნიშნული პროექტი, მისი ჩართულობით, თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის.
თქვენ წარმოიდგინეთ, ჩინეთს ევროკავშირთან, დაახლოებით, 800 მილიარდის ოდენობის სავაჭრო ურთიერთობები აქვს. ამის გარკვეული ნაწილი თუნდაც საქართველოს გავლით რომ წამოვიდეს, რამხელა შეღავათია და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, განვითარებისთვის. ჩვენ ამას, მხოლოდ და მხოლოდ, მივესალმებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შექმნილ ახალ რეალობაში ორიენტირი ჩინეთზე სწორია. ევროპას, ჩვენ, ყველა ვარიანტში ვჭირდებით, სხვა გამოსავალი არ აქვს, თავად გახდა მძევალი საკუთარი ენერგოპოლიტიკის - ვერ ასრულებს მწვანე დღის წესრიგს. ორივე მხრიდან მაქსიმუმი სარგებელის მიღებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ეს არის დღეს ჩვენი დღის წესრიგი, რომელსაც შესასრულებლად "მშვიდნი, გონივრულად მდუმარენი, გულწრფელნი, უბრალონი" სჭირდება. ეს ეკლესიურად, საეროდ, შეიძლება, სხვაგვარი სლოგანი შეესაბამებოდეს მიმდინარე მომენტს - "კადრები წყვეტენ ყველაფერს".