ჰილარი კლინტონთან შეხვედრის პატივი, ოპოზიციიდან მხოლოდ, „ქრისტიან დემოკრატების“ და „ჩვენი საქართველო –თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს ხვდათ წილად. თბილისში ჩამოსულ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადოსლავ სიკორსკისთან შეხვედრაზეც ირაკლი ალასანია და გიორგი თარგამაძე იყვნენ მიპატიჟებულები. რაც შეეხება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბერნარ კუშნერთან ოპოზიციის შეხვედრის დეტალებს, როგორც გავარკვიეთ ალასანია ამჯერადაც შეუცვლელი აღმოჩნდა, თუმცა გიორგი თარგამაძეს მოუნახეს შემცვლელი – ნინო ბურჯანაძე.
წინა ორ ვიზიტთან დაკავშირებით, ხელისუფლება და დიპლომატიური კორპუსი ხაზს უსვამდა, რომ უცხოელ სტუმრებთან შეხვედრისას ალასანიაზე და თარგამაძეზე არჩევანის გაკეთება, მათი პარტიების მხრიდან, ადგილობრივ არჩევნებზე მიღწეული შედეგებით იყო განპირობებული. თუმცა, კუშნერთან შესახვედრად ოპოზიციის ლიდერთა სიაში კორექტივების შეტანამ მცირეოდენი ინტრიგა შეიტანა. თუ უცხოელი სტუმრები მხოლოდ არჩევნების შედეგებით ხელმძღვანელობენ, მაშინ, გაუგებარია, ნინო ბურჯანაძე რა შუაშია, ხოლო თუ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია დადასტურდა, მაშინ იმის მტკიცებაც ძნელია, რომ უცხოელებთან წარსადგენი ოპოზიციის სიას საქართველოს ხელისუფლება კარნახობდეს საელჩოებს.
თუ ამერიკა–პოლონეთისთვის ალასანია და თარგამაძის ტანდემი დიპლომატიური ეტიკეტის დასაცავად საკმარი აღმოჩნდა, რუსეთის უფრო დიდი მეგობარი საფრანგეთი, კონკრეტული სახელით და გვარებით დაინტერესდა და საერთაშორისო არენაზე ცნობილ პოლიტიკურ სახეებზე გააკეთა არჩევანი – კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პრესა.გეს ხელთ არსებული ინფორმაცით, ბერნარ კუშნერი ირაკლი ალასანიასგან და ნინო ბურჯანაძესგან შეეცდება, როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე გაიგოს უფრო მეტი, ისე მათი აზრი მოისმინოს საქართველოს სამომავლო ორიენტირებზეც.
წინა ორმა ვიზიტმა დაადასტურა, რომ დასავლეთისთვის ირაკლი ალასანია საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ როგორც ჩანს, იგი რუსეთთან საურთიერთოდაც მნიშვნელოვან ფიგურად ესახება დასავლეთს, ისევე, როგორც ნინო ბურჯანაძე, რომელსაც, მეტნაკლებად, დასავლეშიც აქვს შენარჩუნებული საკუთარი წონა და რუსეთისკენაც თამამად გადადგა ნაბიჯი.
–„ნინო ბურჯანაძე მაშინაც კი, როცა ოპოზიციაში გადავიდა, არა თუ ცალკეული პოლიტიკური მოღვაწე, უცხოელი დელეგაციების დიდი ნაწილი სავალდებულოდ თვლიდა მასთან გასაუბრებას. ბურჯანაძეს ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს ჰქონდა კონტაქტები და ამის საფუძვალზე, მას ენდობოდნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს მდგომარეობით იყვნენ დაინტერესებულები. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ უცხოელ სტუმრებს, როგორც მაშინ, ახლაც აღმოაჩნდეთ მასთან დიალოგის სურვილი“, – ამბობს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე.
უკვე იმაზეც შეიძლება საუბარი, რომ საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ ვიზიტებს ერთი მიზანი, მაგრამ სხვადასხვა დატვირთვა აქვს და იგი აშკარად სცილდება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს. უკვე საკამათო აღარაა, რომ ჰილარი კლინტონის ტურნეს მიზანი ყველა იმ ქვეყნისთვის ამერიკის მხარდაჭერის აღიარება იყო, მაგრამ ბუნებრვია, ამერიკისთვის რუსეთ–საქართველოს მომავალი ურთიერთობებიც მნიშვნელოვანია რამეთუ, მისი მოწესრიგების გარეშე, რეგიონში სტაბილურობაც რთული მისაღწევი იქნება და რუსეთთან გარიგებაც.
ჰილარი კლინტონთან და რადოსლავ სიკორსკისთან ირაკლი ალასანიას და გიორგი თარგამაძის შეხვედრა, შესაძლოა, ნაკლებად იძლეოდეს კრიტიკის საბაბს, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართული ოპოზიციის ლიდერების შერჩევისას, ერთ–ერთი ფაქტორი, შესაძლოა, მართლაც ყოფილიყო ადგილობრივი არჩევნების თემა, მითუმეტეს, რომ კლინტონი შეიძლება ითქვას, არც კი დაინტერესებულა ქვეყნის შიდაპოლიტიკით და მას არა თუ დიდი ყურადღება არ დაუთმო, არამედ, ის მინიმალური ყურადღებაც არ დაუთმო, რასაც დიპლომატიური ეტიკეტი ითხოვდა.
ამის გამო, ექსპერტები მიანიშნებენ, რომ კლინტონმა შიდაპოლიტიკური შეცდომები დაუშვა აზერბაიჯანში, სომხეთში და საქართველოშიც, როცა ოპოზიციასთან შეხვედრის ამ ფორმატზე დათანხმდა.
–„ამერიკამ ალბათ, იცოდა, რომ საქართველოში ოპოზიციური სპექტრი უფრო ფართეა, ვიდრე არჩევნებში გამარჯვებულთა რაოდენობა. იცოდა ისიც, რომ დიდია მათ უკან მდგარი საპროტესტო მუხტი და შესაბამისად, ამ მუხტის გამო, მხარდაჭერაც, მაგრამ მათ ინტერესებში ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არ შედიოდა და ამაზე უცხოელი ექსპერტებიც საუბრობენ. თუმცა, როგორც ცნობილია, სამომავლოდ, კიდევ ველოდებით საერთაშორისო სტუმრებს და ნუ გამოვრიცხავთ, რომ მათ სხვა კრიტერიუმებით აირჩიონ პარტნიორები – დაწყებული იქედან, რომ ამ თუ იმ ქართველი პოლიტიკური ფიგურის სახელები უფრო იციან, დამთავრებული იმით, რომ ფორმალურად გააფართოონ ოპოზიციური სპექტრთან შეხვედრის ფორმატი“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
თითქმის, ჰილარი კლინტონის შეხვედრების იდენტური იყო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისთან ოპოზიცის ლიდერებთან შეხვედრის ფორმატიც – იგივე ლიდერები და იგივე განცხადებები:
–„თავისუფალ დემოკრატებს“ ისეთ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევენ, რომელსაც შეუძლია, მომავალი არჩევნების შემდეგ ხელისუფლებასა და ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა შევცვალოთ ფუნდამენტალურად საარჩევნო გარემო, რაშიც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სრული მხარდაჭერა მივიღეთ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ აღმოსავლეთის თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყოს ახალი პროექტის შემუშავება, რომელიც კონკრეტულად საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე იქნება მიმართული. უკვე გვაქვს ამერიკული მხარის ინიციატივა. სავარაუდოდ, გვექნება ევროპული მხარის ინიციატივაც. ეს ინციატივა გულისხმობს კონკრეტულ მხარედაჭერას მედიის თავისუფლების, ტრანსფარანტულობის გაზრდისთვის, აგრეთვე, შეიქმნას გარემო ოპოზიციისთვის თანხების მოზიდვის და ოპოზიცია ჩართული იყოს პოლიტიკურ პროცესში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავად რადოსლავ სიკორსკიმ ქართული ოპოზიციის ხედვას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა: „ჩემი ვიზიტის ფარგლებში მე ვხვდები მოქმედ და შესაძლო მომავალ ხელისუფლებებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოვისმინო ქართული ოპოზიციის ხედვა. პოლონეთი ყოველთვის უჭერდა და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედეგიანი და პოზიტიური თანამშრომლობა შედგა, რომლის შესახებ მიამბეს ჩვენი საელჩოს წარმომადგენლებმა, ასევე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა, თუმცა ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრია ამ მიმართულებით გასაკეთებელი, მათ შორის - საარჩევნო სიებთან და მედიასთან დაკავშირებით. საქართველო მთლიანობაში სწორი მიმართულებით მიდის და პოლონეთი შეეცდება, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით სვლაში წაახალისოს“.
ჯერ არ ვიცით რა განცხადებები გაკეთდება კუშნერის ვიზიტის დროს, მაგრამ თუ მედიაში წინასწარ დაანონსებული მისი ვიზიტის განრიგით და ფორმატით ვიმსჯელებთ, გარკვეული პროგნოზები შეიძლება გაკეთდეს.
„ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, რომელიც საფრანგეთის საელჩოს მიერ იყო სააგენტოსთვის მიწოდებული „კუშნერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 22:00 საათზე დაეშვება. იგი ჩამოსვლისთანავე პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართება, სადაც შედგება ოფიციალური ვახშამი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.
ვიზიტის მეორე დღეს, 15 ივლისს, 09:00 საათზე კუშნერი საუზმეზე ოპოზიციის ლიდერებს უმასპინძლებს. 10:00 საათზე კი, მინისტრი „ევროპის სახლში“ გამართავს დიალოგს დიპლომატიური კორპუსის, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან თემაზე: „ევროპა: წარსული და მომავალი გამოწვევები“.
ამავე დღეს 11:30 საათზე კუშნერი ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მოგვიანებით, კუშნერი კავკასიის ფრანგული სკოლას და კრწანისის რეზიდენციის ტერიტორიაზე საელჩოს მომავალ შენობას დაათვალიერებს. კრწანისიდან დელეგაცია კოდაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკის დასათვალიერებლად გაემართება. ბანაკში სტუმრებს მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი, გაერო-ს ლტოლვილთა ფონდის წარმომადგენელი პიტერ ნიკოლაუსი, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი, ჰანსიორგ ჰაბერი და მისი მოადგილე, გენერალი ჟილ ჟანვიე“.
ყველა ამ ინიფორმაციაზე დაყდნობით ალბათ, შესაძლებელია ითქვას, რომ საფრანგეთის საგარეო მინისტრის თბილისში ვიზიტი რუსეთ–საქართველოს მომავალ ურთიერთობაზე საუბრით იქნება გაჯერებული და მათ შორის, აქტუალური იქნება გალში და ახალგორში დევნილების დაბრუნების საკითხიც.
რამაზ საყვარელიძე ფიქრბს, რომ დევნილების თემა აუცილებლად იქნება ერთ–ერთი მთავარი თემა, რადგან კუშნერი არის ერთ–ერთი თანაავტორი იმ ხელშეკრულებისა, რომელსაც სარკოზი–მედვედევის ხელშეკრულებას ვეძახით.
–„გვახსოვს, როგორ იდგა კონფლიქტის რეგიონში კუშნერი მარტო, მაშინ, როცა მტრის თვითმფრინავები დაფრინავდნენ საქართველოს ცაზე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კუშნერის ჩამოსვლის მიზეზი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხელშეკრულების ჭრილში მოძრაობა იქნება“.
შესაძლოა, ჯერ ნაადრევიც კია რამის მტკიცება, მაგრამ პოლიტიკურ მოვლენათა განვითარებას თუ ჩავუკვირდებით, აშკარად იკვეთება, რომ საქართველო–რუსეთის თემა მკვდარი წერტილიდან დაიძრა. ეს კიდევ უფრო თვალშისაცემი გახადა კუშნერის საქართველოში ვიზიტმა, რომელიც სხვათაშორის, მეორე პოლიტიკური პირია, ვინც საფრანგეთის პოლიტიკური ელიტიდან, სარკოზის შემდეგ, ქართულ მხარესთან კონტაქტზე გამოვიდა. მაგრამ ამ ფრანგული კონტაქტების და ამერიკული ინტერესების გარდა, თვითონ რუსული მხარეც აღარ არის ისე გაბუტული, როგორც ადრე იყო და დღეს იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე აქამდე ამბობდა.
რა იქნება მომავალში არავინ უწყისს, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით, რუსულ–ამერიკული გადატვირთვა მუშაობს და თანაც, არცთუ ცუდად. მხარეებმა უკვე მიიღეს გარკეული გარანტიები და სხვათაშორის, ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ გაზსადენის თემაც, რომელიც ყველასგან მოულოდნელად სწორედ მაშინ გააქტიურდა, როცა ყველაზე ნაკლები ფინანსური შედეგი შეიძლება მოუტანოს საქართველოს. სწორედამიტომ, რამაზ საყვარელიძეს ლოგიკა კარნახობს გარკვეული ანალიზი გააკეთოს.
–„თუ გაზსადენის ერთ–ერთი მთავარი ფუნქცია რუსეთ–სომხეთის დაკავშირება და სომხეთის კრიზისიდან გამოყვანა უნდა იყოს, თუმცა რეალურ ინფორმაცია არ არის საამისოდ, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ სომხეთის მხარდაჭერაზე ამერიკული მხარეც იყოს თანახმა. როცა ისმის კითხვა, რატომ არ ჩაერია ამ საკითხში ამერიკული მხარე, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა, შესაძლოა, ამის მიზეზი ისაა, რომ გაზსადენის გასხვისების იდეის თანაავტორი ამერიკა იყოს.
ვინაიდან სომხური თემა დღეს ამერიკისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამის გამო, აზერბაიჯანთან იუარესებს მდგომარეობას, არ გამოვრიცხავ, რომ თუ სომხური მახრე მოისურვებს, ამერიკამ ხელი შეუწყოს მის ენერგომატარებლებით მომარაგებას. ამდენად, ვინაიდან, ამისთვის მნიშვნელოვანია გაზსადენის მიყვანა სომხეთამდე, შესაძლოა, ამერიკა თვითონ აღმოჩნეს დამხმარე. თუმცა, ეს ყველაფერი გადაუმოწმებელია კონკრეტული ფაქტებით, მაგრამ მაინც მგონია გაზსადენის თემა უფრო პოლიტიზირებული და მსხვილ მოთამაშეებს შორის გარიგებად ქცეული თემაა“.
მოკლედ, რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, კლინტონის ვიზიტს სომხურ–ამერიკული ურთიერთობების ფონზე თუ განვიხილავთ, შეიძლება იქაც იყოს ძაღლის თავი დამარხული. ეს კი თავისთავად გულისხმობს ამ თამაშში რუსეთის მონაწილეობასაც და ბუნებრივია, კუშნერის და სიკორსკის ვიზიტებიც ამ კონტექსტში უნდა იქნას განხილული. ასეა თუ ისე, ვარაუდებისთვის საკმაოდ ბევრი მასალა დაგროვდა და რაც დრო გადის, ისინი სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიო წესრიგში საქართველოს საკუთარი ადგილი აქვს მოსაპოვებელი.