რეპრესიების და დიქტატურის დამყარების მცდელობა - ოპოზიციამ ასე გაიგო გურამ მაჭარაშვილის განცხადება

რეპრესიების და დიქტატურის დამყარების მცდელობა - ოპოზიციამ ასე გაიგო გურამ მაჭარაშვილის განცხადება

რამდენიმე დღეა განხილვის საგნად იქცა პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში. ამასთან, როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება. მის ამ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ეს ერთგვარი მუქარაა, რაც მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თავისი არსით რეპრესიების გატარებას გულისხმობს.

ოპოზიციაში თვლიან, რომ „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ატარებს საქართველოში, მას სურს ქვეყანაში დიქტატურის გაფორმება. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით და თუკი ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, რა თქმა უნდა, ის პირი უნდა გასამართლდეს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ თუკი ისტორიას გადავხედავთ, საქართველოში დიქტატურის დამყარება ვერავინ შეძლო და ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ შეძლებს ამას. მისი შეფასებით, დღეს ქვეყანაში რეპრესიების გატარების რესურსი არ არსებობს და თუკი მმართველ პოლიტიკურ ძალას რეპრესიების განხორციელება მართლაც სურს, საქართველოში უცხო ძალა უნდა შემოიყვანოს.

„მაჭარაშვილს რეალურად არავინ არაფერს ეკითხება. უნდა შეფასდეს არა მაჭარაშვილის განცხადება, არამედ ის, რაც ბიძინა ივანიშვიმა მიტინგზე ისაუბრა, როდესაც თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ისინი მიხედავენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და რაც აქამდე ვერ გააკეთა, ამის შემდეგ გააკეთებს - ეს განცხადება უფრო სახიფათოა, ვიდრე მაჭარაშვილის განცხადება.

ასეთი განცხადებები პოლიტიკოსმა არ უნდა გააკეთოს, რადგან არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მსგავსი ტიპის განცხადებები ნაწილია იმ წინასაარჩევნო კამპანიის, რის წარმართვასაც „ქართული ოცნება“ აპირებს. პროტესტანტების დაშინების ჭრილში შეიძლება განვიხილოთ მსგავსი განცხადებები. ზოგადად, საბოლოო გადაწყვეტილებას ივანიშვილი მიიღებს.

საქართველოში რეპრესიების განხორციელების რესურსი არ არსებობს. თუ ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ რეპრესიები უნდა განახორციელოს, ირიბად ან პირდაპირ, უცხო ძალა უნდა შემოიყვანოს ქვეყანაში. რეპრესიული სისტემა გაცილებით მკაცრად ჰქონდა ჩამოყალიბებული „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილს, ვიდრე დღეს არის გომელაურის მეთაურობით - სააკაშვილმაც კი ვერ შეძლო ამის განხორციელება, მიუხედავად იმისა, რომ მცდელობები იყო. ვიხილეთ დაშინება და მუქარა, რომ რეპრესიები იქნებოდა, მაგრამ არ გამოვიდა და არც გამოვიდოდა. ივანიშვილმა რაც არ უნდა თქვას და რაც არ უნდა სურდეს, ერთადერთი ვარიანტი იმისა, რომ რეპრესიები განახორციელოს საქართველოში, არის ის, რომ ცხინვალიდან რუსის ჯარი შემოყვანოს, ან რუსულ ფორმაში ან ქართულ ფორმაში - სხვა რესურსი საქართველოში არ არის, რომ რეპრესიები დაიწყოს და დიქტატურა ჩამოაყალიბოს. დავით აღმაშენებელმა ვერ შეძლო და დღეს ეს ვინმეს მოუნდეს, როდესაც ადამიანის უფლებებზეა საუბარი, უნდა ითქვას, რომ ყველაფერი ბლეფია“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

კიდევ ერთი ანალიტიკოსი, ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ღალატისთვის სასჯელი უნდა არსებობდეს და ყველა გასამართლდეს, ვინც უცხოური გავლენებს ატარებს საქართველოში. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეცდომა დაუშვა იმით, რომ თავის დროზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი არ გაასამართლა.

„ქვეყნის ღალატისთვის უნდა არსებობდეს დასჯა. ადამიანები, რომლებიც მეხუთე კოლონას წარმოადგენენ საქართველოში და უცხოეთიდან ფინანსდებიან, უცხოური ინტერესების გამტარებლები არიან. არავითარი რეპრესიები არაა - კანონს ნუ დაარღვევენ, ნუ დააშავებენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს ნუ შეუტევენ და რამდენი ხანიც სურთ, გააპროტესტონ. სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა კანონით ისჯება.

გურამ მაჭარაშვილის განცხადება არ მიმაჩნია ბიძინა ივანიშვილის განცხადების გაგრძელებად. ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დააშავა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დროზე არ გაასამართლეს, როდესაც გასასამართებელი იყო - უნდა ითქვას, რომ ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა არ გაასამართლებინეს“.

„ნაციონალური მოძრაობა“ ისეთივე დამნაშავე იყო მაშინაც და დღესაც, როგორც ფაშისტები იყვნენ. ისინი პოლიტიკურ-სამართლებრივად უნდა გასამართლდნენ და ამის შემდეგ, ეს პარტია აუცილებლად უნდა აიკრძალოს, რადგან ვხედავთ, როგორ ბულინგს ახორციელებენ ადამიანების მიმართ“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან საუბარში.

 

 

 

მერაბ.g როცა უკრაინა მისი ოკუპანტი რუსული ნავთობის გატარებით წელიწადში იღებს 8 მლრდ დოლარს იღებს(ოთხჯერ მეტს ვიდრე საქართველო რუსეთთან ყველანაირი ვაჭრობით) როცა ლიტვას რუსეთში შეაქვს სამჯერ მეტი ღვინო, ვიდრე ჩვენ , როცა ლატვიას მსოფლიოში ყველაზე მეტი ვისკი შეაქვს რუსეთში, როცა ესტონეთის პრემიერის მეუღლეს აქვს უზარმაზარი ბიზნესი რუს პარტნიორებთან ერთად და ესტონეთი არის რუსული ხე-ტყის მეორე იმპორტიორი ჩინეთის შემდეგ და როცა ხარკოვის ქარხნის მიერ სამხედრო დანიშნულების მიკრონაწილაკები შემოვლითი გზებით რუსეთში შედის, ეს ვითომ არაფერი? რუსისთვის ტერიტორიების გადამცემი, მწამებელი, მძარცველი, დამრბევი ნაცმოძი დემოკრატიულია და დღევანდელი ხელისუფლებაა რუსული? რა გამოდის? რა და თუ ჩვენს მითითიბებს შეასრულებ, ყველაფერი გეპატიება, და თუ ომში არ ერთვები, გამჭვირვალობის უწყინარ კანონს იღებ, პუტინის ვასალი ხარ??? ან პუტინს საქართველოს დამონება უნდა, რაში სჭირდება ამისთვის გიგაურების გამშიფრავი კანონი? "რუსული" სტიგმატიზაციისათვის მოგონილი ტერმინია და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან!
5 თვის უკან