დღეს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ პარაოლიმპიური მეგობართა კლუბის პრეზენტაცია გაიმართა. პარაოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, მეგობართა კლუბი პარასპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა.
პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო. მან მსგავსი ღონისძიებების წამოწყება და მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეაფასა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფო ნათლად ხედავს იმ პრიორიტეტს, რომ ნებისმიერ პირობებში მყოფ ადამიანს უნდა მიეცეს საკუთარი თავის გამოვლენის მაქსიმალური შესაძლებლობა.
პარას მეგობართა კლუბის პრეზენტაციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც იმყოფებოდნენ. ირაკლი გეგეჭკორმა საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პარას მეგობართა კლუბის შექმნა დადებითად შეაფასა: „ეს წამოწყება უაღრესად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ემსახურება ISAF-ის მისიაში და არა მარტო საერთაშორისო მისიაში დაჭრილი მეომრების როგორც ფიზიკურ რეაბილიტაციას, ასევე მათ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში. ამ მხრივ ვთვლით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. გავაგრძელებთ ამ კომიტეტთან თანამშრომლობას, ყველანაირად ხელს შევუწყობთ. ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები უკვე გაწევრინებულები არიან და 2014 წელს სხვადასხვა სახის შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას” .
პარაოლიმპიურ კომიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები არიან გაწევრიანებული. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პარაოლიმპიურ კომიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები რეგიონული და ეროვნული მასშტაბის სპორტულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
მემორანდუმის ფარგლებში, დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ფარიკაობაში ინტენსიურ მომზადებას უკვე გადიან. ისინი იანვარში გერმანიაში დაგეგმილ პარასპორტის მსოფლიო თასის ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.