ყბადაღებული განათლების რეფორმა რომ ჩავარდა, წლევანდელი ეროვნული გამოცდების შედეგებმა ცხადყო. ქვეყანაში არსებული საგანმანათლებლო სისტემის გაუმართაობისა და მოსწავლეთა თუ პედაგოგთა უცოდინარობის შედეგებს ვიმკით... ამავდროულად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კორუფციული გარიგებებისა და გაფლანგვების ქარცეცხლშია გახვეული.
სამინისტროში ჩატარებული შიდააუდიტორული შემოწმებით გაირკვა, რომ გია ნოდიას მინისტრობის პერიოდში 600.000 ლარი "აორთქლებულა". მასალები სამინისტროდან პროკურატურაში გადაგზავნეს, 2010 წლის 31 აგვისტოს კი განათლების და მეცნიერების სამინისტროს საფინანსო და საბიუჯეტო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით მამარდაშვილი და სამეურნეო სამმართველოს ყოფილი უფროსი ზვიად კიკვაძე დააკავეს. საქმე ეხება 2008 წლის შესყიდვებს. წავა თუ არა გამოძიება უფრო შორს, დრო აჩვენებს. სხვათა შორის, დავით მამარდაშვილი ყოფილი მინისტრის, კახა ლომაიას კადრია.
განათლების "გრანდიოზულმა რეფორმამ" იმედი პირველად 2007 წელს გაგვიცრუა. აშკარა გახდა, რომ განათლების სისტემაში კორუფციული გარიგებები უცხო ხილი არ იყო. მაშინ საზოგადოება პარლამენტარ გია ნუცუბიძისა და ტენდერში (რომელიც სკოლების რეაბილიტაციისთვის გამოცხადდა) გამარჯვებული ბიზნესმენის, დავით სიხარულიძის დაპატიმრების მოწმე გახდა. დავით სიხარულიძემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარე ბევრ საინტერესო ამბავს ახადა ფარდა.
დავით სიხარულიძე, ბიზნესმენი, ამჯერად პატიმარი: "2006 წელს ნაციონალური პროგრამა "იაკობ გოგებაშვილის" თაობაზე დიდი ამბავი დაიწყო. სახელმწიფო ჩინოვნიკებმა საჯაროდ ამცნეს საზოგადოებას, რომ ქვეყანაში უპრეცედენტო პროექტს იწყებდნენ, რომელიც მილიონების მოტეხითა და უდანაშაულო პირების ციხეში ჩასმით დასრულდა. პროექტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თემურ სამადაშვილი კურირებდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება დაავალეს ორგანიზაციას, რომელიც არაფორმალურად დაკავშირებული იყო შპს-სთან, სადაც ლომაიას ცოლისძმა და სამადაშვილის მეუღლის ბიძაშვილი მუშაობდნენ. მათი მეშვეობით გააყალბეს სატენდერო დოკუმენტაცია, კერძოდ, გაზარდეს სამუშაოების მოცულობა. ამის მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ მათთვის არასასურველ კომპანიას ტენდერში არ გაემარჯვა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ლომაიას სამინისტროში "ატკატების" სისტემა დაინერგა".
დავით სიხარულიძე ერთადერთი არ ყოფილა, ვინც განათლების სისტემაში არსებულ კორუფციულ გარიგებებსა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე დაიწყო ლაპარაკი. 2007 წელს კონტროლის პალატამ, საკმაოდ სკანდალური შემოწმების მასალები წარმოადგინა. ლაპარაკი იყო მილიონობით ლარზე, რომლის შესახებ დოკუმენტაციის წარდგენას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვერ ახერხებდა.
მაშინ მინისტრმა კახა ლომაიამ კონტროლის პალატის რევიზორებს იქით შეუტია, მუშაობის სტილი და პროფესიონალიზმი დაუწუნა. პოზიცია არც კონტროლის პალატამ დათმო და ლომაიას ბრალდებებს კონკრეტული ციფრებით უპასუხა.
კერძოდ, სამინისტროში არ იყო დოკუმენტაცია 40 მილიონ ლარზე(!), საიდანაც 31 მილიონი გრანტი იყო, დანარჩენი კი საბიუჯეტო სახსრები. 2005 წელს 7 მიზნობრივი პროგრამიდან სამინისტრომ რევიზორებს ვერ წარუდგინა დამტკიცებული პროგრამა და ხარჯთაღრიცხვა ერთ პროგრამაზე. ასევე ვერ წარადგინა დოკუმენტაცია ჩატარებული 9 ღონისძიებიდან 8-ზე (ამ ღონისძიებათა შესასრულებლად გამოყოფილმა საბიუჯეტო სახსრებმა 7,7 მლნ ლარი შეადგინა, ანუ 2005 წელს გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების 90,5%).
ეს სკანდალური დასკვნა გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნა, მაგრამ მაშინ სათანადო ეფექტი რატომღაც ვერ მოახდინა სამართალდამცველებზე.
მერაბ ჯიბლაძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, პროფესორი: ის, რაც დღეს ხდება, ლოგიკური შედეგია რეფორმისა. სახელმძღვანელო არ ვარგა, სასწავლო პროგრამა არ ვარგა, მასწავლებელი თავად ვერ აბარებს გამოცდებს და ბავშვებს საიდან ექნებათ ცოდნა?
სხვათა შორის, ეს მარტო საქართველოს უბედურება არ არის, მთელ მსოფლიოში საყოველთაო გამოთაყვანება დაიწყო. როდესაც საფრანგეთში შევჩივლე განათლების განყოფილების ერთ-ერთ მთავარ მუშაკს, ჩემი მთავარი პრობლემა მასწავლებლების დონეა-მეთქი, გაეცინა, 35 ათასი ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი გვაკლიაო. ამერიკაში კი ერთ-ერთ საშუალო სკოლაში ვნახე, რომ ფიზიკას მერვეკლასელებს ეკონომისტი ასწავლიდა (რომელიც ეკონომისტადაც კი არ ვარგოდა).
გამოდის, არ ყოფილა საშველი...
- საშველი ყოველთვის არის, მაგრამ ამას სჭირდება გააზრებული და კარგად შემუშავებული სტრატეგია და არა ისეთი პიარაქციები როგორიც ეს ვითომდა რეფორმა და პროგრამები იყო. როდესაც პრეზიდენტი, ხელისუფლება და ხალხი პროფესორსა და მეცნიერს დაცინვით უყურებს, როცა მეცნიერის ხელფასი ნაკლებია კანცელარიის დამლაგებლისაზე, მასწავლებელი ვიღას დაჰკარგვია? დაკნინდა ეს პროფესია, დაკარგა ავტორიტეტი და ახლა რას ვითხოვთ მისგან? სამწუხაროდ, დიდი ნაწილი ბავშვებისა გონებაჩლუნგია. არა მარტო აზროვნების, არამედ მახსოვრობის უნარიც აღარ შესწევს.
ჩვენს ბავშვებს წაართვეს მაღალი დონის განათლების მიღების უფლება და აბა, რას ველოდით?