ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების გარანტიები - რას მიიღებს საქართველო ჩინეთთან ურთიერთობის გარღმავებით

ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების გარანტიები - რას მიიღებს საქართველო ჩინეთთან ურთიერთობის გარღმავებით

საქართველო ისტორიულ როლს იბრუნებს და რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ ანაკლიის პორტის ინვესტორი ცნობილია. მასშტაბურ პროექტში ჩინურ-სინგაპურული კომპანია ერთვება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. ამის პარალელურად, საქართველოში ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციების და დაპირისპირების კიდევ ერთ მიზეზად იქცა. რა დატვირთვა აქვს ანაკლიის პორტს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რის გამოც ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ჯერ არდაწყებული პროექტის ირგვლივ კრიტიკული განცახდებები არ წყდება?!

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ანაკლიის პორტში ჩინური ინვესტიცია ერთადერთი მიმართულებაა, რაც იცავს ანაკლიის პორტს, ასევე ჩვენს ინტერესებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და, როგორც მინიმუმ, ახალი კონფლიქტის არგამოწვევის მხრივ. მათი თქმით, ვინც ამ პროექტს ებრძვის, ებრძვის არა ჩინურ ინვესტიციას, არამედ ამ ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან წახნაგებს.

სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენებული პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, 49% კი ჩინურ მხარეს გადაეცემა. ტენდერში მონაწილე ოთხ კომპანიას და მათ მიერ წარმოდგენილ წინადადებებს შორის არჩევანი საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით გაკეთდა. როგორც ირკვევა, შერჩევის ორეტაპიან პროცესში ჩინურ-სინგაპურული და შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანიების სახით ორი პრეტენდენტი გამოიკვეთა, თუმცა მოთხოვნილი წინადადებები ბოლო ეტაპზე მხოლოდ ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა წარმოადგინა.

საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაში კიდევ ერთი წინ გადადდგმული ნაბიჯი შუა დერეფნის პროექტში ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდაა – ჩინეთიდან წამოსული ტვირთი საავტომობილო გზით ჩვენს ქვეყანაში პირველად უკვე 29 მაისს შემოვიდა. თუ მანამდე ევროპის მიმართულებით გადაზიდვები საზღვაო და სარკინიგზო გზებით ხორციელდებოდა, ახლა ახალი მარშრუტი გაჩნდა, რომელიც გადაზიდვის დროს მკვეთრად ამცირებს. ჩინეთიდან საქართველომდე ტვირთმა დაახლოებით ორ კვირაში ჩამოაღწია. გზის დატესტვა და ტვირთის ავტოტრანსპორტით პირველად გადაზიდვის საცდელი რეისი წარმატებული აღმოჩნდა. შემდგომი გეგმა ტვირთის თურქეთში და მოგვიანებით უკვე ევროპის ქვეყნებში გატანაა. ჩინეთთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლეა. საქართველოს მოქალაქეებს დღეიდან სიდიდით მეორე ეკონომიკის ქვეყანაში უვიზოდ ჩასვლა შეუძლიათ.

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელებით, საქართველოში მეხუთე კოლინის პარპაში დასრულდება. გვენეტაძე ამბობს, რომ ე.წ. ოპოზიცია და ენჯეოები ამას მწვავედ იმიტომ განიცდიან, რომ მათი პატრონები ფულს უფრო ნაკლებს გადმოურიცხავენ.

„ოპოზიციას ჰქონდა კონკრეტული დავალება პატრონებისგან, რომ საქართველოში სხვა ქვეყანა არ უნდა შემოსულიყო. თუ შემოვა, მისი გაშავების კამპანია უნდა აწარმოონ. ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება ნიშნავს იმას, რომ მათ ეს დავალება ვერ შეასრულეს. თინა ტაივანშიკი-ხიდაშელი, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო და ვიღაცა არაღიარებული ქვეყნის მიერ ფინანსდება - ასე როგორ უნდა დაეცე ადამიანი, რომ ისაუბრო იმ ქვეყნის სასარგებლოდ, შენი ქვეყნის ინტერესები ფულის და საკუთარი მერკანტელური მიზნების გამო დააზიანო?! იმიტომ საუბრობს ეს ქალბატონი ამ საშინელებას, რომ დოლარების და ევროების ხაზი გადაეკეტება.

რაც შეეხება ჩინეთის საქართველოს შემოსვლას და რას იღებს ამით ჩვენი ქვეეყანა - მსოფლიოში დაიწყო ახალი გადანაწილება. ამ გადანაწილების პროცესში საქართველოს ხელისუფლებამ ამ ორი წლის განმავლობაში, ძალიან დიდი წინდახედულება გამოიჩინა. ამის პირველი შედეგი ისაა, რომ ჩვენ ომში არ ვართ ჩართული და საქართველოში ეს უდიდესი და ისტორიული პროექტი ანაკლიის პორტი აშენდება“, - ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, საქართველო უბრუნდება იმ დიდ ისტორიულ მისიას, რომელიც მას მე-12 და მე-13 საუკუნეებში, აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი ხაზის სახით ჰქონდა. უფრო მეტიც, ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველო აზია-ევროპის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი იქნება.

„ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა ყოველთვის იყო ბალანსირების პოლიტიკა და ამ დიდ გეოპოლიტიკურ გიგანტებთან და ვეშაპებთან თამაშის პოლიტიკა. სხვაგვარად ჩვენ ვერ გადავრჩებოდით. ახლაც ასე დგას საკითხი, ვისგანაც რა სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყანა, ის უნდა მივიღოთ. ვივაჭროთ ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობის დერეფნით, მდებარეობით, რა არის ამაში ცუდი? დღეს ქართული დიპლომატია ამას ახერხებს. ჩინეთი ჩვენი მეშვეობით ევროპას 50 დღის მაგივრად 12 დღეში დაუკავშირდება.

ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ჩვენს პატარა ქვეყანას ძალიან მალე დაეტყობა. არაა გამორიცხული, რომ ჩინური ბანკებიც კი შემოვიდნენ და ის იმხელა საპროცენტო განაკვეთი, რომლითაც ჩვენს საწყალ მოსახლეობას ტყავს აძრობენ, წარსულს ჩაბარდეს. თუკი ქართველი ხალხი ამით იხეირებს და ეკონომიკურ მოგებას ნახავს, ამაში ცუდი რატომ უნდა დავინახოთ?“, - ამბობს გვენეტაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ დასავლეთის ეჭვინობა ჩინეთზე საქართველოსთან მიმართებაში გასაგებია და ეს ახალი არ არის. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ჩინეთია ის სახელმწიფო, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის არენაზე და ახლა უკვე პოლიტიკურშიც ამერიკას ეცილება.

„საქართველოში ჩინეთის აი, ამ სატრანზიტო გზით შემოსვლა, დიდ შანს იძლევა იმისას, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ევროპისკენ სანტრაზიტო გზის ჩვენით გაჭრა, რა თქმა უნდა, კონკურენციას ზრდის დასავლეთთან და არავის უნდა ჩვენი ქვეყნის ასე მარტივად დაკარგვა. ამერიკასაც საკმაოდ დიდი რესურსი აქვს ჩვენს ქვეყანაში ჩადებული და ის ეჭვიანობს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობით მისი ჩანაცვლება ხომ არ მოხდება. ამ ორ ცეცხლშუა გაჭედილები ვართ. ამერიკა უდავოდ ისეთი პარტნიორია, რომლის დაკარგვა არ შეიძლება, მეორე მხრივ, ჩინეთის პერსპექტივა ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სრულიად ახალ შანსებს უჩენს ჩვენს ქვეყანას. ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ხიდი ვხდებით, რაც ეკონომიკურად ჩვენთვის ძალიან მომგებიანი შესაძლებლობა იქნება.

პატარა ქვეყანაა საქართველო და ჩვენთან პრეტენზიები უფრო ადვილია. კომერციული თვალსაზრისით, ანაკლიის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე ბევრი კონკურენტი ჰყავს. ამიტომ ჩინეთის ჩართულობა აქ იყო მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თვითბრუნვის გაზრდა თავად ჩინეთს შეუძლია და მის ინტერესებშიც შევა ამ პორტის დატვირთვა. პრინციპში ანაკლიის თემა პოლიტიკურია და არ გამოვრიცხავ, ეს ჩინეთის მხრიდანაც პოლიტიკური იყოს. ამ დანახარჯში ჩინეთის მოგება იგულისხმებოდეს არა ფულში, არამედ პოლიტიკურ დივიდენდებში“, - ამბობს საყვარელიძე.

რა სახის დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს რუსეთს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებთან, საყვარელიძე ამბობს, რომ საინტერესო ფაქტი ისაა, რომ კრემლი ამაზე რეაგირებას არ ახდენს. მისი აზრით, ახლა პუტინს ჩინეთი ისე სჭირდება, რომ მას ყველა პრეტენზიებს უსრულებს.

„უკარინის ომის ფონზე, რუსეთისთვის ჩინეთი მთავარი მოკავშირეა, ამიტომ საქართველოსთან დაკავშირებით ხმას არ იღებს და პროცესებს თვალს შორიდან ადევნებს. შესაბამისად, არაა გამორიცხული და სწორიც იქნება, თუკი საქართველო ამ შანსს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით გამოიყენებს. ასევე, ჩინეთის მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების საკითხი უფრო დაცული გახდეს“, - ამბობს საყვარელიძე.