შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: კონსტიტუციას ის უბრალოდ არ აღიქვამს თავის კონსტიტუციად და მისთვის ფარატინა ქაღალდია

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: კონსტიტუციას ის უბრალოდ არ აღიქვამს თავის კონსტიტუციად და მისთვის ფარატინა ქაღალდია

როგორც იტყვიან, აღარაფერი წმინდა აღარ არსებობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისთვის. კონსტიტუციას ის უბრალოდ არ აღიქვამს თავის კონსტიტუციად და მისთვის ფარატინა ქაღალდია, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკაში ნებისმიერი ჩარევა ადამიანისგან, რომელსაც აქვს პრეზიდენტის პოზიცია, არის კონსტიტუციის დარღვევა.

„ისმის კითხვა, ამას საერთოდ დააფიქსირებენ თუ არა ადგილობრივი და საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლები. საინტერესო ტესტია ეს დამკვირვებლებისთვის - ამას თუ აღმოვაჩენთ ჩვენ ანგარიშებში, რომ ირღვევა კანონი და კონსტიტუცია, როდესაც პრეზიდენტი ერევა საარჩევნო ტაქტიკებში, კამპანიებში და ა.შ. ერთია, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ ვერაფერს ვერ იზამს. ეს სხვა საკითხია, მაგრამ საერთოდ ამ საკითხში რომ ჩაერთო, პრეზიდენტის თანამდებობა არის ზეპარტიული, აკრძალული აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობაც კი, მისი ნებისმიერი მონაწილეობა, საარჩევნო კამპანიაშიც კი, სტრატეგიების დასახვა. ამისთვის არ მიიღო ქართველმა ხალხმა ეს კონსტიტუცია. ქალბატონი სალომე ამბობს, რომ ქართველი ხალხი გავიგე, მაგრამ მე ცოტა ზემოთ ვდგავარ, ამიტომ ქართველი ხალხისგან დამოუკიდებლად, რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს. აქვე მინდა გავიხსენო კიდევ ერთი რამ, რაც ევროპამ გაგვიკეთა, ასეთი ევროპაც ვნახეთ: როდესაც იმპიჩმენტის საკითხი იდგა, მაშინაც შტურმი იყო. სხვადასხვა განცხადებები ელჩების, ევროპელი პოლიტიკოსების - არ გამოაცხადოთ იმპიჩმენტი, არ მიიღოთ გადაწყვეტილება. ძალიან მაინტერესებს, ვინ ეკითხება რომელიმე ელჩს, რომ საქართველოს პრეზიდენტი როდესაც არღვევს კონსტიტუციას და ეს დაადგინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რატომ უნდა აიღო ჩამოსულმა სტუმარმა შენს თავზე ეს პრეტენზია, რომ უთხრა მასპინძელს, რომ კი, დაარღვია, მაგრამ მოდი რა, არ ქნა. თავისი მიკროსაქართველო აქვს შექმნილი ძალიან ბევრ უცხოელს. არიან NGO-ები, რომლებსაც ისინი აფინანსებენ. ამით შექმნილი აქვთ ვიწრო წრე, რომლითაც იქმნიან ვიწრო წარმოდგენას საქართველოსთან დაკავშირებით. არ ცდებიან სამ კვარტალს ამ დედაქალაქში და ეს არის მათთვის საქართველო“, - აღნიშნა პაპაუაშვილმა.