"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ამერიკის მხრიდან NATO-ს საიუბილეო სამიტზე საქართველოს ხელისუფლების დაპატიჟებას და აცხადებს, რომ ასეთი მიპატიჟების წინ ამერიკამ ან საქართველოს ხელისუფლების წევრების დასანქცირების შესახებ საკუთარი პოზიცია უნდა განმარტოს, ან ბოდიში მოიხადოს, ან წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ქმედება სრულიად გაუგებარია.
"ეს კოგნიტიური დისონანსი გარდაუვალი იყო და ჩვენ ის მივიღეთ. როდესაც "დაუძინებელი მეგობრები" დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ არა ქვეყნის ხელისუფლებას, არამედ "ქართველ ხალხს", ყველანი ვხვდებით, რომ მათი მხრიდან იგულისხმება მოსახლეობის ის უმცირესობა, რომელსაც (კი ბატონო) აქვს უფლება განსხვავებული აზრი იქონიოს.
როდესაც "დაუძინებელი მეგობრები" მწყობრად უწოდებენ ხელისუფლებას "რუსულ რეჟიმს", იმედგაცრუებას გამოთქვამენ მის მიმართ, ვერ იკავებენ აღშფოთებულ შეშფოთებას და სანქციებით ემუქრებიან სახელისუფლებო სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს თავისი ოჯახის წევრებიანად, ესეც "გასაგებია".
მაგრამ ფსიქიატრია საქმეში ირთვება მაშინ, როდესაც "აშშ-ს სურს და ის იმედოვნებს, რომ საქართველო დაესწრება NATO-ს საიუბილეო სამიტს ვაშინგტონში" და აქ იწყებ ფიქრს - "საქართველოში" მათი ბოლოდროინდელი მიმართვების ობიექტები იგულისხმება და ვაშინგტონში რატი ამაღლობელს და ბაია პატარაიას ეპატიჟებიან? თუ საუბარია "რუსული რეჟიმის" დასანქცირებულ წევრებზე, დემოკრატიის დამაქცევლებსა და იმედგამცრუებლებზე - მაშინ ეს რანაირად უნდა მივიღოთ?
აქ, ასეთი დაპატიჟების წინ, როგორც მინიმუმ ან საკუთარი პოზიციების განმარტება უნდა მოვისმინოთ, ან პოზიციების შერბილება, ან საკუთარი განცხადებების უარყოფა, ან თუნდაც ბოდიშის მოხდა - წინააღმდეგ შემთხვევაში, დიახ კოგნიტიური დისონანსი სახეზეა. ასეთი "დაპატიჟება" ლავრენტი ბერიას მისთვის იმ უკანასკნელ პოლიტბიუროს სხდომაზე მოწვევას უფრო წააგავს, სადაც მისი დაპატიმრება იყო განზრახული..." - წერს ქართველიშვილი.