რა ხდება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ და რამდენად რეალური მათ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისსა და მოსკოვს შორის მიდის კომუნიკაცია, რა ფორმით შეიძლება ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს? ვინ ავრცელებს ხმებს, რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნის სანაცვლოდ, თითქოს დაწყებულია მოლაპარაკება აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების თაობაზე? აფხაზები წერენ, თითქოს რუსები მზად არიან აფხაზეთში გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ და საქართველოს, გარკვეული შეთანხმების სანაცვლოდ, ტერიტორია დაუბრუნოს. მათი ვარაუდით, შესაძლოა აფხაზეთის კონფედერაცია გადაწყდეს, სადაც აფხაზეთ-სამაჩაბლოს საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით ვეტოს უფლება ექნება. მეორე ვერსიით, აფხაზეთის სამი რაიონის გალის, ოჩამჩირეს, გულრიფშის გადაცემა უნდა მოხდეს, რათა საქართველოდან ოჩამჩირის ბაზის დაკანონებისა და რკინიგზის გახსნის პირობა მიიღონ. ეს ვერსიები აფხაზეთში ბოლო დღეების განმავლობში ვრცელდება და სრულ პანიკაში არიან. თუმცა რაზე ან ვიზე დაყრდნობით ავრცელებენ ისინი ამ ინფორმაციას უცნობია.
ფაქტი ერთია, რომ კრემლსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი გაათავისუფლა. ინალ არძინბა კრემლის კაცად ითვლებოდა. თუმცა აფხაზეთში ეჭვობენ, რომ მოსკოვმა თბილისთან კომუნიკაციის სანაცვლოდ, ის ბჟანიას გაათავისუფლებინა. დაპირისპირებაა ასევე რუსების უძრავი ქონების დაკანონებაზე. აფხაზებს ეჭვი აქვთ, რომ რუსები მათი პრობლემებით უკვე შეწუხებულები არიან და საქართველოსთვის მათ დათმობას აპირებენ. რა ფორმით დასჯის რუსეთი აფხაზ სეპარატისტებს, უცნობია, თუმცა მსგავს ინფორმაციას თბილისში არავინ ადასტურებს.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს მხოლოდ ის თვქა, რომ 2030 წელს უნდა ვიცხოვროთ აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად.
„1990 წელს ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, ხოლო 1991 წელს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მას შემდეგ საქართველო გადის ერთგვარ მოსეს გზას, რომელიც დარწმუნებული ვარ, აღთქმულ მიწამდე აუცილებლად მიგვიყვანს. ჩვენი აღთქმული მიწა, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე, 2030 წელს, ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად - ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის ამ განცხადებას მოკსოვიდან უმალვე გამოეხმაურნენ. „არ მესმის, როგორ აპირებს კობახიძე 2030 წლისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას“, - ამბობს რუსეთის დუმის დეპუტატი, დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი.
„არ ვიცი, რა შთააგონებდა საქართველოს პრემიერს, გარდა პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილისა. ნამდვილად არ მესმის, როგორ აპირებს ის 2030 წლისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვითარდებიან, იმყოფებიან რუსეთის მფარველობის ქვეშ და აღიარებულები არიან. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ გზით საქართველოს პრემიერ-მინისტრს სურს, კიდევ ერთხელ გამოაცხადოს თავი პოლიტიკოსად, რომელიც არანაირად არ დაუთმობს ოპოზიციას ევროკავშირში გაწევრიანების ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პრეტენზიებს“, - ამბობს ზატულინი.
ყოფილი სახელმწიფოფ მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რაიმე ოფიცილურ დონეზე მოსკოვსა და თბილისში შორის, აფხაზეთსა და ოსეთზე საუბარი არ მიმდინარეობს. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ეცადა თუნდაც ერთი წყაროს მოძიებას მაინც, რომელიც დაადასტურებდა ორ ქვეყნას შორის კულუარულ შეხვედრებს, მაგრამ ვერ იპოვა.
„ამ თემაზე საუბარი აფხაზურ და ოსურ მედიაში უკვე დიდი ხანია დაიწყო. მე მათი შიშის მესმის, რადგან ფიქრობენ, თუკი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დალაგდება, მაშინ აფხაზეთსა და ოსეთს ქართველებს გადასცემენ. არ ვიცი საიდან წამოვიდა და ვინ არის ამ ჭორების პირველწყარო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საუბარი მხოლოდ ექსპერტულ დონეზე მიდის. ყველაფერი მხოლოდ დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლების რაღაცა შიშებზეა დაყრდნობილი.
სხვა რაიმე ხელჩასაჭიდი, რომ ამაზე რუსეთსა და საქართველოს შორის საუბარი მიდის არ არსებობს. მე ვარ ძალიან დაინტერესებული და მყავს ძალიან ბევრი ნაცნობი, ვისთანაც ამ ინფორმაციის გადამოწმებას ვცდილობ, მაგრამ არავინ ადასტურებს, რომ ამაზე რაიმე სახის დისკუსია მიდის. თუნდაც კარს მიღმა რაღაცა დონეზე. კონფედერციის საკითხი გვახსოვს მხოლოდ რუსებთან დაახლოვებულმა ბიზნესმენმა ხიდაშელმა ახსენა გია ვოლსკისთან შეხვედრაზე. მასაც ვოლსკიმ აუხსნა, რომ ეს თემა არ განიხილება და ამაზე დისკუსია წარმოუდგენელია. სხვა რაიმე შეხვედრა ამ საკითხზე არ ყოფილა. ამიტომ მე ვვარაუდობ, რომ ეს არის ხელოვნურად შემოტანილი საკითხი ექსპერტების მიერ, შესაძლოა, ამის უკან კრემლიც იდგეს, რომელიც გარკვეულწილად, განწყობების მოსინჯვას ცდილობს“,-ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, რუსეთს რომ სურდეს ამ საკითხზე რეალური საუბარი, მაშინ ის ამაზე განცხადებას გააკეთებდა ოფიცილურ დონეზე და კონკრეტულ ნაბიჯებსაც გადადგამდა.
„რუსეთი თუ რეალურად არის დაინტერესებული, რომ საქართველოსთან ეს პრობლემა მოაგვაროს და ოკუპირებული საკითხი გადაწყდეს, მაშინ, პირველ რიგში, ამაზე ოფიცილური განცახდება თუნდაც ლავროვმა უნდა გააკეთოს. უნდა თქვს, რომ ვეღარ ვუვლით აფხაზებს და ოსებს. სულ პრობლემები აქვთ, ვერ შედგნენ, როგორც სახელმწიფო და ეს აღიარება უკან წაიღონ. შემდეგ ჯარი უნდა გაიყვანონ და ა.შ. ეს არის მთელი პროცედურები, რომლის წინაპირობაც არ ჩანს. ეს არის ზღაპარი, რომ რუსეთი ასე ხელის აღებით ვინმეს რამეს აჩუქებს, მით უმეტეს არაფრის გარშე. ამიტომ მაინც სპეციალურად შემოგდებული თემა მგონია, თუნდაც წინასაარჩევნოდ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ აფხაზებსა და ოსებში დაწყბეული ეს პანიკა შემთხვევითი არ არის. მაისაია for.ge-სთან ფიქრობს, რომ ასეთი ხმები რეალობაზე რომ არ იყოს დაყრდობილი, ტყუილად არ გავრცელდებოდა. მას პრემიერ კობახიძის განცხადებაც ყურში მოხვდა, როცა მან 2030 წელს აფხაზებთან და ოსებთან ერთად ცხოვრება ახსენა.
„მე ვფიქრობ, ამ ეჭვების საფუძველი არსებობს, რადგან ამ საგარეო კურსის ცვლილებას ყველა ხედავს და ავტომატურად, აფხაზებსა და ოსებს შორის ეს შიშიც გაჩნდა. როგორც ჩანს, ამ კანონის მიღების შემდეგ, აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე მოლაპარაკებები დაიწყება. მე ამის მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ ამას ვვარაუდობ. აფხაზები ამიტომ დილემის წინაშე დგებიან და მათ აქვთ უკვე რაღაცა ინფორმაციები ამაზე.
26 მაისს პრემიერმაც განაცხადა, კონფედერაციულ სახელმწიფოზე და მინიშნებაც გააკეთა. რუსებს ჭამა მადაში მოსდით და ახლა მისთვის აფხაზეთზე და ოსეთზე მეტად, ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკურ-ეკონომიკური პროექტი აინტერესებს. აქ საუბარია ჩრდილო - სამხრეთის პროექტზე, სადაც პუტინმა 500 მილიარი დოლარი ჩადო. ამ პროექტში საქართველოს როლი თუ არ იქნება ჩართული, წარმოუდგენელია მისი განხორციელება მოხდეს. აქედან გამომდინარე, მას სჭირდება მთლიანი საქართველო და ქართველებისთვის გულის მოგება. ამიტომ არაა გამორიცხული, ის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ვითომ დაბრუნებაზე წავიდეს. რაღაცა მოლაპარაკებებზე შესაძლოა თბილისთან წავიდეს, ფაქტია, რომ გარკვეულ დონეზე საუბარი მიდის“, - ამბობს მაისაია.