სამშაბათს ქსნის კოლონიაში ინფარქტით გარდაიცვალა რუსეთის მოქალაქე, რუსეთის „კონსერვატიული პარტიის“ წევრი ვალერი ფისუნი, რომელიც თენგიზ კიტოვანთან ერთად მონაწილეობდა ე.წ. „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის“ შექმნაში.
ჯერ კიდევ სასამართლო პროცესის დროს სამედიცინო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ფისუნს გულის იშემური დაავადება აწუხებდა და ორჯერ ჰქონდა გადატანილი ინფარქტი. ამდენად, არ არის გამორიცხული, სიკვდილის მიზეზი მართლაც “გულის შეტევა“ ყოფილიყო. ფისუნი უბრალოდ დარწმუნდა, რომ მოუწევდა კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ციხის პირობებში ცხოვრება და ეს პერსპექტივა ვერ აიტანა.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა პოლიტიკურმა მოღვაწემ (მაგალითად ირინა სარიშვილმა) უკვე გამოთქვა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ფისუნი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. კერძოდ, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის აზრით, არ არის გამორიცხული, გარკვეული ძალები დაინტერესებულნი ყოფილიყვნენ ფისუნის სიკვდილით. იგივე ძალები ემუქრებიან მეორე მსჯავრდებულს - თენგიზ კიტოვანსაც, „რომლის სიცოცხლე საფრთხეშია და სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რათა დაიცვან კიტოვანის უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ“.
ზემოთთქმულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ „გარკვეული ძალების მიერ ფისუნის მოშორების“ ვერსია სერიოზულ კრიტიკას ნამდვილად ვერ უძლებს. გაუგებარია, რაში უნდა დასჭირვებოდათ ამ ძალებს ფისუნის მოკვლა მას შემდეგ, როცა უკვე დამთავრდა სასამართლო პროცესი და ვალერი ფისუნმაც ყველაფერი თქვა, რაც სათქმელი ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, თუ კიდევ ჰქონდა რაიმე სათქმელი, სასამართლოზე უკეთეს „ტრიბუნას“ ქსნის კოლონიაში ნამდვილად ვერ მოიპოვებდა.
ირინა სარიშვილის განცხადება მაინც ნიშანდობლივია იმ აზრით, რომ იგი აშკარად მიმართულია თენგიზ კიტოვანის დასაცავად ზემდგომი „რეპრესიებისაგან“. საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს (ფისუნისაგან განსხვავებით) მართლაც ემუქრება გარკვეული „საფრთხე“. ყოველ შემთხვევაში, კიტოვანი ყოველთვის დარჩება მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად, რომელსაც ქართულ პოლიტიკაზე ზემოქმედება შეეძლება. „რეპრესირებული პოლიტიკოსის“ იმიჯი მას გარკვეულ ქარიზმასაც შესძენს.
ბუნებრივია, ხელისუფლება ყოველნაირად შეეცდება კიტოვანი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოუშვას გარეთ (არანაირი ამნისტია მას არ შეეხება), მაგრამ ქართული პოლიტიკური ელიტა (ყოველ შემთხვევაში, მისი ის ნაწილი, რომელსაც ძალაუფლებაზე რეალური პრეტენზია გააჩნია) მაინც ცდილობს, მმართველ პარტიას და პრეზიდენტს შეახსენოს, რომ კიტოვანი ჯერ კიდევ არსებობს და ჯერ კიდევ ძალუძს სიტყვის თქმა (როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით).
ქართულმა „პოლიტოკრატიამ“ კიტოვანთან ერთხელ უკვე ითანამშრომლა წარმატებით - 1991-92 წლებში. არ არის გამორიცხული, ეს თანამშრომლობა აღდგეს. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია ხელისუფლებას „მშიერი თვალებით“ შესცქერის და პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამ თითოეულს სიტყვას გაფაციცებით ელის.