ხევსურთა დეპუტაცია ნოე ჟორდანიასთან

ხევსურთა დეპუტაცია ნოე ჟორდანიასთან

გუშინ თეთრ დარბაზში ნაშუადღვეის 1 ს. და 25 წ. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს ნ. ნ. ჟორდანიას წარუდგა პირაქეთ და პირიქით ხევსურეთიდან ჩამოსული საგანგებო დეპუტაცია, რომელიც 80 კაციდან შესდგებოდა.

მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა მას საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და მოუწოდა მათ საქართველოს დასაცავად. დაპირდა, რომ მთავრობაც თავის მხრივ არავითარ საშუალებას არ დაზოგავს მათ დასახმარებლად.

კერძოთ, ქისტების თავდასხმის შესახებ მინისტრმა განუმარტა, რომ მიღებულია ზომები მათი თავდასხმის თავიდან ასაცილებლათო.

დასასრულ პრემიერ მინისტრმა იმედი გამოსთქვა, რომ იმ იარაღს, რომელიც მათ დღეს ურიგდებათ საქმეზე იხმარენ საქართველოს მტრების წინააღმდეგ.

ხევსურთა წარმომადგენელმა გოგოთურ ჭინჭარაულმა  გადასცა პრემიერ მინისტრს თვის ამხანაგების სიხარული საქართველოს თავისუფლების გამოცხადების გამო და ფიცი დასდო, რომ ხევსურეთი უკანასკნელ სისხლის წვეთამდე დაიცავს საქართველოს დამოუკიდებლობას.

დარბაისელმა ხევსურმა თხოვნით ბევრი აღარ შეაწუხა მთავრობის თავმჯდომარე. უთხრა მხოლოდ: „თქვენ უფრო კარგა მოგეხსენებათ ჩვენი გასაჭირიო“.

რაც შეეხება ქისტებისაგან უზრუნველ ყოფას, დასძინა გულ-ახდილმა ხევსურმა, ეხლა რაკი იარაღი გვიბოძეთ, ჩვენ ვიცით როგორც გავცემთ მათ პასუხსო.

მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ხევსურებს ერთგულობაზე და გამოემშვიდობა. ხევსურებმა „გაუმარჯოს“  ძახილით გააცილეს მთავრობის თავმჯდომარე თავის კაბინეტამდის. აუდენციას დაესწრნენ წარმომადგენელნი ეროვნულ საბჭოსი, ფრაქციების და სხვა.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას