რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიებათა ფედერალური ბიუროს თანამშრომლები. კერძოდ, FBI-ს დირექტორის მოადგილე მაიკლ პიჟუოკა (ამდენად ბუნდოვანი ეთნიკური წარმომავლობის ტიპაჟს მხოლოდ ამერიკაში თუ შეხვდებით) და ანკარის ბიუროს წარმომადგენლები.
პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრისას მათ განაცხადეს, რომ გადაწყვეტილი აქვთ თბილისში FBI -ს ბიუროს (მუდმივმოქმედი ოფისის) შექმნა.
ეს ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ნამდვილად არ არის. აქვე უნდა ითქვას, რომ ოფისის გახსნის მიზანი ქართველი კოლეგების წვრთნა და სწავლება ნამდვილად არ უნდა იყოს. განსხვავებით „კომანდოს“ ბატალიონისაგან, რომლის მსგავსი საქართველოს არასდროს ჰყოლია, უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა დიდ ნაწილს, „კაგებეს“ სკოლა აქვს გავლილი და პიჟუოკას ჭკუის სასწავლებელი არაფერი სჭირთ. პირიქით, იქით ასწავლიან ჭკუას, ვინაიდან „კაგებეს“ კონტრდაზვერვა (მისი ერთ-ერთი სამმართველო იყო) მსოფლიოში საუკეთესო სპეცსამსახურად ითვლებოდა.
აქვე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ამჟამინდელი ამერიკელი და ყოფილი საბჭოთა სისტემების კარდინალური სხვაობისა, გამოძიების ფედერალურ ბიუროს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით ისეთივე ადგილი უკავია, როგორც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს - საბჭოთა კავშირში. უფრო მეტიც - ყოფილ საბჭოთა მოქალაქისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ FBI-ს თანამშრომელს (აგენტს) აქვს უფლება, სამსახურეობრივი (საქმის) საჭიროებისთვის, ნებისმიერ ამერიკელს მოსთხოვოს ავტომანქანა, საცხოვრებელი სახლი, სხვა ქონება, თუნდაც ამ მოქალაქეს თვით საქმესთან არავითარი კავშირი არ ჰქონდეს.
კიდევ უფრო მეტი: „აგენტმა“ ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება აიძულოს, გაჰყვეს მას დამნაშავის დაკავების ოპერაციის ჩასატარებლად, თუნდაც ეს სიცოცხლისთვის საშიში იყოს. უარის თქმა კი 10 წლით (!) თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ასეთი საშინელი კანონი საბჭოთა კავშირშიც კი არ არსებობდა.
სამაგიეროდ, FBI ამერიკელებს შიშის ზარს სცემს. ამ უწყებასთან დაკავშირებით, ამერიკაში საოცარი პოლიტკორექტულობის ტრადიცია მოქმედებს. ვერ დაასახელებთ ჰოლივუდის ვერც ერთ ფილმს, სადაც FBI-ს თანამშრომელი უარყოფით ან (მით უმეტეს) კომიკურ ფიგურად იყოს გამოყვანილი. ბოროტმოქმედებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
ამერიკული დემოკრატიის სისტემაში გამოძიების ფედერალური ბიურო ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც მას ევროპულ და ისტორიულ ტოტალიტარულ რეჟიმებთან ანათესავებს. ეს ვითარება კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა უშიშროების სამინისტრო შექმნა.
მეორე მხრივ, არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ FBI დემოკრატიის ბასრი მახვილია – ვერავინ მოთვლის მისი აგენტების მიერ გადარჩენილ მძევლებს, მათ მიერ დაკავებულ და გაუვნებლებულ პირსისხლიან მანიაკებსა და ავაზაკებს. ამ უწყების თანამშრომლები არცთუ უსაფუძვლოდ ამბობენ, რომ თუ მათ მიეცემოდათ გაფართოებული უფლებები (მათ შორის ლუსტრაციის უფლება), 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედია არ მოხდებოდა, ხოლო ისლამისტ ფანატიკოსებს ჯერ კიდევ ფლორიდის „საფრენ სკოლებში“ დააკავებდნენ.
საქართველოში (კიევისა და მოსკოვის შემდეგ) FBI-ს ოფისის გახსნა შეიძლება მხოლოდ იმას ნიშნავდეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აუცილებლად მიაჩნია სპეცსამსახურის მუდმივი დაფუძნება საქართველოში თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად. თანაც, ამას აკეთებენ ღიად, რითაც ჩვენი ქვეყნისადმი კეთილგანწყობას და მოკავშირეობას ადასტურებენ. თორემ, სხვაგვარად, როგორც გამოძიებათა ფედერალურ ბიუროს, ასევე, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს თავისი რეზიდენტურები საქართველოში ისევე აქვთ, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რაც სავსებით ბუნებრივია და სულაც არ გულისხმობს მტრობას.
პირიქით, FBI-ს დაფუძნება ჩვენს ქვეყანაში შეიძლება მხოლოდ დადებითად წაადგეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული სპეცსამსახური უპირველესად ამერიკის ინტერესებზე იზრუნებს, თანაც, კონტრდაზვერვითი კუთხით. ამერიკის ადმინისტრაციას სურს, თბილისში ჰქონდეს დასაყრდენი იმ საფრთხეთა თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება კავკასიიდან (ახლო აღმოსავლეთის მიმდებარე რეგიონიდან) ემუქრებოდეს. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მომენტით არის საინტერესო: სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატები თანდათან აძლიერებს სამხედრო-სტრატეგიულ სტრუქტურებს. ამერიკელ ინსტრუქტორთა დამკვიდრებას FBI-ს ოფისის გახსნა მოჰყვება. ეს არის ნათელი მინიშნება, მკაფიო „მესიჯი“ არა მხოლოდ და არა იმდენად რუსეთის მიმართ, რამდენადაც - თურქეთისადმი.
ბოლო დროს ანკარაში ისლამისტთა (თუნდაც დემოკრატიულად ანგაჟირებულთა) გაძლიერებას არ შეიძლება ვაშინგტონი არ შეეშფოთებინა და არ გაეღიზიანებინა. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც თურქეთის მთავრობა აშკარად ეწინააღმდეგება ერაყის მიმართ ამერიკის გეგმებს, ჯერჯერობით, არ აძლევს მას უფლებას, გამოიყენოს ენჯირლიკის სამხედრო ბაზა და რეგიონული კოალიციის შექმნასაც კი ცდილობს ერაყის პრობლემის „მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის“, რაც ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორც კედელზე ცერცვის შეყრა.
FBI-ს ოფისი საქართველოს ინტერესებსაც დაიცავს. 1992 წლიდან გაუთავებლად ლაპარაკია ლუსტრირებასა და საქართველოს ხელისუფლებაში არსებულ რუსეთის აგენტებზე. ამგვარი აგენტების ნაკლებობას ქვეყანა ნამდვილად არ განიცდის და ბევრი პროცესი უეჭველად მათი პროვოცირებულია. მაგრამ მხოლოდ საქართველოს ძალებით მათი გამოვლენა შეუძლებელია. ამერიკულ სპეცსამსახურებს კი ამ თვალსაზრისითაც ფასდაუდებელი ინფორმაცია აქვთ, ვინაიდან აქტიურად „ურთიერთქმედებდნენ“ რუსული და ყოფილი სოციალისტური ბანაკის აგენტურასთან.
რაც შეეხება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, FBI-ს თბილისის ოფისი, ძირითადად, იმით იქნება დაკავებული, რომ „ევრაზიის დერეფნის“ განვითარებამ ნარკოტრაფიკსა და ექსტრემიზმს არ შეუწყოს ხელი იმავე დერეფანში.