ვიქტორია ნულანდთან შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში (ვიდეო)

ვიქტორია ნულანდთან შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში (ვიდეო)

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დღეს, ამერიკელი სტუმარი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და მათმა მოადგილეებმა მიიღეს.

შეხვედრის დასაწყისში თავდაცვის მინისტრმა ვიქტორია ნულანდს ამერიკული მხარის მიერ დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში საქართველო-აშშ-ს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ალასანიას თქმით, აგვისტოში მას ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის მხარესთან გაღრმავებული სამხედრო თანამშრომლობით გათვალისწინებულ მიმართულებებში მიღწეულ პროგრესზე, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე გამახვილდა ყურადღება. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე, სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, ვაშინგტონში 9-11 დეკემბერს დაგეგმილი თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების შეხვედრები. ამ მიზნით, თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიხეილ დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით, აშშ-ში თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მიემგზავრება.

„განვიხილეთ თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები, ამერიკის წვლილი და მონაწილეობა ამ რეფორმებში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ავღანეთში ჩვენს ერთობლივ ოპერაციებზე, ასევე, ამ ოპერაციის გაგრძელებაზე 2014 წლის შემდეგ. ამ დიდი მხარდაჭერისთვის ამერიკულმა მხარემ მადლობა გადაგვიხადა. ასევე ვისაუბრეთ ნატოს პერსპექტივებზე. იცით, რომ მომავალ წელს სამიტია. აშშ-ს პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქალბატონმა ნულანდმა, რომ საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერია“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ოქტომბერში ჩატარებულ პრეზიდენტის დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებს. ყურადღება გამახვილდა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და 2014 წელს დაგეგმილ ნატოს სამიტზე.

მხარეები საქართველო-ნატოს ურთიერთობებსაც შეეხნენ. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ქართული მხარე წარმატებით ახორციელებს ყოველწლიური ეროვნული პროგრამითა (ANP) და თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) შედეგად აღებულ ვალდებულებებს. განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო ასევე, ISAF-ის საერთაშორისო მისია, 2014 წლის შემდეგ საქართველოს ნატოს მხარდამჭერ ოპერაციაში ჩართულობა და 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან შეერთება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა თბილისში ოფიციალურ შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში, ვიქტორია ნულანდი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. დაგეგმილია ასევე, შეხვედრები იუსტიციის მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.