„აღორძინების ბლოკში“ განვითარებული მოვლენები საბოლოოდ გაირკვა ორშაბათს, როდესაც „ბლოკის“ ლიდერმა, ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ მან არაფერი იცოდა ჯუმბერ პატრიაშვილის კანდიდატურის წამოყენების თაობაზე.
ასლან აბაშიძის განცხადების თანახმად, თურმე, 18 თებერვალს (კანდიდატთა წარდგენის ვადის ამოწურვამდე 1 დღით ადრე) თბილისიდან გიორგი თარგამაძეს დაურეკია „აქოშინებულს“ და უთქვამს:
„ესენი ჯუმბერ პატიაშვილის კანდიდატურის წამოყენებას აპირებენ და თქვენ რას იტყვითო“.
„კისერი უტეხიათ, რაც უნდათ ის უქნიათო“ – იყო პასუხი.
ანუ ასლან აბაშიძე ამტკიცებს, რომ პატიაშვილის კანდიდატურის წამოყენება მასთან შეთანხმებული არ ყოფილა, უფრო მეტიც, მისი თქმით, ამ „მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ“ იგი, თურმე, საგონებელშიც კი ჩააგდო, ვინაიდან პატიაშვილის ავანტიურამ უდიდესი ზიანი მიაყენა ბლოკს (იგულისხმება, რომ პატიაშვილის ავანტიურა მისი ეგოიზმიდან და ამბიციურობიდან გამომდინარეობდა) და ეს გახდა პირველი ნაბიჯი დამარცხებისაკენ.
ანუ, თვით ასლან აბაშიძეს უკვე ეჭვი აღარ ეპარება 9 აპრილს ბლოკის დამარცხებაში და უმთავრესად სწორედ პატიაშვილსა და მამუკა გიორგაძეს ადანაშაულებს.
ამავე დროს, აჭარის ლიდერი პოლიტოლოგებსაც ტუქსავს – აქაოდა, რატომ ამტკიცებდით, თითქოს ორი კანდიდატის წამოყენება ბლოკის ეშმაკური ტაქტიკა იყო, როდესაც, სინამდვილეში, არავითარი წინასწარ შეთანხმება არ ყოფილაო.
ეს საყვედური მთლად სამართლიანი არ არის, ვინაიდან პოლიტოლოგთა ერთი ნაწილი ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს გამოთქვამდა ეჭვს, რომ რაღაც აირია „აღორძინების სამეფოში“ და მიმდინარე პროცესი უფრო „აღორძინების“ შიგნით წარმოშობილ ქაოსურ პროცესებს გამოხატავდა, ვიდრე რაიმე გააზრებულ ტაქტიკას.
„აღორძინებაში“ უბრალოდ, ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა და ყველაფერში ჯუმბერ პატიაშვილისა და მამუკა გიორგაძის დადანაშაულება სამართლიანი არ უნდა იყოს. ბლოკის ეს დაჯგუფება, უბრალოდ, იძულებული გახდა წამოეყენებინა მეორე კანდიდატურა, ვინაიდან 18 თებერვლამდე ბლოკის ლიდერისაგან ვერა და ვერ მიიღო ნათელი პასუხი (მამუკა გიორგაძის თქმით). აპირებდა თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
განსხვავებით ვახტანგ ბოჭორიშვილისა და მისი „ზვიადისტებისაგან“, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ აცხადებდნენ: „ნურავის ექნება იმედი, რომ ასლან აბაშიძე კანდიდატურას მოხსნისო“, ვახტანგ რჩეულიშვილი, მამუკა გიორგაძე და თვით ჯუმბერ პატიაშვილიც ასეთ პერსპექტივას ეჭვის თვალით უყურებენ.
ყოველ შემთხვევაში, მათ არ სურდათ აღმოჩენილიყვნენ სრულიად ტაკიმასხარულ ვითარებაში, როდესაც „დროგის ცხენებივით“ ენაგადმოგდებულნი ირბენდნენ მთელ საქართველოში და აგიტაციას გაუწევდნენ ასლან აბაშიძის კანდიდატურას მაშინ, როდესაც „აჭარის ლომი“ თვითონ ფეხსაც არ გადადგამდა „ჩოლოქს იქეთ“.
რა თქმა უნდა, ეს ამომრჩეველს გააღიზიანებდა. მით უმეტეს, რომ არც „მოქკავშირი“ დაჯდებოდა გულხელდაკრეფილი და შეეცდებოდა მაქსიმალურად წარმოეჩინა ამ ვითარების კომიკურობა. აგრეთვე დაემკვიდრებინა სტერეოტიპი: „ოპოზიციის კანდიდატი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ბათუმიდან აპირებს საქართველოს მართვას“ და ა.შ.
თუმცა, ჯუმბერ პატიაშვილის კანდიდატურის წამოყენების შემდეგაც, ასლან აბაშიძის გუშინწინდელი განცხადების გათვალისწინებით, პატიაშვილ-რჩეულიშვილ-გიორგაძის ტრიადა (ისევე, როგორც მთელი ბლოკი) მაინც ვერ გაექცა „გამასხარავებას“: ამოდენა საქმე წამოიწყეს (ზოგიერთმა ჯერ კიდევ 1979-1982 წლიდან) და ახლა არკვევენ ისეთ ელემენტარულ საკითხებს, იყო თუ არა ერთი ან მეორე კანდიდატურა ერთმანეთთან შეთანხმებული.
რაც შეეხება ასლან აბაშიძის კანდიდატურას, ეს საკითხი გაირკვევა აღორძინების პარტიის დღევანდელ ყრილობაზე. მიაქციეთ ყურადღება, არა „აღორძინების ბლოკის“, არამედ მხოლოდ საკუთრივ ასლან აბაშიძის პარტიის. შესაძლოა, ასლან აბაშიძემ მოხსნას კანდიდატურა, ოღონდ ისე, რომ ეს „აღორძინების“ ყოფილ პარტნიორებს დააბრალოს. შესაძლოა, არ მოსხნას კანდიდატურა და საერთოდ დააბნიოს „პროტესტული ელექტორატი“. თუმცა მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის 200 ათასი ხმა, რა თქმა უნდა, გარანტირებული აქვს.
მთავარი მიზეზი კი იმ ვითარებისა (ნუ აღვწერთ და ნუ დავარქმევთ სახელს), რომელშიც „აღორძინების ბლოკში“ შემავალი თბილისური პარტიები აღმოჩნდნენ, არის ელემენტარული: მათ არაფრის დიდებით არ სურდათ შეეგნოთ, რომ ასლან აბაშიძეს სინამდვილეში არც ოდესმე ჰქონია, არც აქვს და არც ექნება საქართველოს პრეზიდენტობის პრეტენზია – მისთვის სრულიად საკმარისია ის, რაც ამჟამად აქვს, ანუ აჭარის ხელისუფლება.