რისთვის დაისაჯა მუხროვანის სატანკო ბატალიონი

რისთვის დაისაჯა მუხროვანის სატანკო ბატალიონი

2009 წლის 5 მაისი. დილა. საქართველოს ხელისუფლება ტელემედით საზოგადოებას აცნობებს, რომ მუხროვანის სატანკო ბატალიონში ამბოხია. მუხროვანის აურაცხელი სამხედრო მანქანა გადაადგილდება. ერთსაათიანი ულტიმატუმის შემდეგ ამბოხებულები იარაღს ყრიან. მერე ტრადიციულად ფარულ ჩანაწერებს გვიჩვენებენ. ამას ასევე ტრადიციული, არცთუ დამაჯერებელი აღიარებითი ჩვენებები მოჰყვება.

ბოლო დროს იმდენი ფარული ჩანაწერის მხილველი აღმოვჩნდით, საზოგადოების დიდ ნაწილს აღარაფრის სჯერა. პოლკოვნიკი გია ღვალაძე ფარდებჩამოფარებულ ოთახში, როგორც პროფესიონალები ამბობენ, ორი კამერის თანხლებით ვიღაც ტიპებს ესაუბრება, რომელთა სახეები დაფარულია. იგი დიდი მონდომებით, ხმამაღლა და სხაპასხუპით ყვება ჯარში დაგეგმილ ამბოხზე, რომელმაც მერე ხელისუფლება უნდა დაამხოს.

დასახელდნენ კონკრეტული პირებიც. გენერალთა კლუბი: გია ყარყარაშვილი, ჯონი ფირცხალაიშვილი, დავით თევზაძე და, რაც ყველაზე გასაკვირია, ჯემალ გახოკიძე – კაცი, რომელიც წლების წინ, როცა უშიშროების მინისტრი იყო, ცნობილი ამბოხის დროს აკაკი ელიავას ჩაბარდა ტყვედ, დღეს თურმე ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს.

ხალხი, ვინც თავის დროზე ერთმანეთს თვალის დასანახად ვერ იტანდა, დღეს ერთი იდეით ყოფილა შეპყრობილი. ღვალაძის აღიარებით, ამბოხებულთა ნაწილს რუსეთთან აქვთ კავშირი და მათგან ფულსაც იღებდნენ. მისთვის ეროვნული გვარდიის ყოფილ სარდალს, კობა კობალაძეს უთქვამს, ეს კაცი, მიხეილ სააკაშვილი, მაინც წამსვლელია, მაგრამ ვინ მოვა, "ჩორტ ევო ზნაეტ", ამიტომ ჩვენ უნდა მოვიდეთო. "ჩვენ" ვინ არის, ესაა საინტერესო. ღვალაძე "გივი" უნდა ყოფილიყო, ანუ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. პრეზიდენტად ვის დაასახელებდნენ, საინტერესო ესაა.

იმავე დღეებში დაკავებული სამხედრო ექსპერტი, პროფესორი ვახტანგ მაისაია, ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში, ბევრი დაკვირვება არ უნდოდა, რომ წინ, სავარაუდოდ, კედელზე, გაკრულ ჩვენებას კითხულობდა სხაპასხუპით. წლების მანძილზე ნატო–ში საქართველოს წარმომადგენელი ყვებოდა, როგორ გადაიბირეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა, თუმცა, სახელმწიფო საიდუმლოს გადაცემაში იღებდა ფულს თუ ანალიტიკურ მასალაში, რასაც ჩვენში "ენჯეოშნიკები" ყოველდღიურად აკეთებენ, გაუგებარია.

ხელისუფლება გვეუბნება, საიდუმლო მასალები იყო და ცხინვალის ომის წაგებაც ლამის მისი ბრალიაო. რა წყაროებიდან იღებდა საიდუმლო მასალებს მაისაია, მაშინ გამოძიებამ ისიც უნდა გვითხრას.

ინფორმაცია, რომ მუხროვანის ბატალიონში ამბოხი იწყებოდა და მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო, ხელისუფლებას ორი კვირის წინ ჰქონია, მაგრამ 5 მაისამდე ხმა არ ამოუღია და არანაირი პრევენციული ზომები არ მიუღია. რატომღაც ტანკების ამოქოქვას ელოდა, რომ მერე ფაქტებზე დაეჭირა ამბოხებულები და საქვეყნოდ ეთქვა, ნატო–ს წვრთნების წინააღმდეგ მოღალატე ქართველები რუსებთან ერთად, ნახეთ, რას აკეთებენო.

კობა კობალაძე თბილისის ცენტრში, ჟურნალისტებთან საუბრისას დაიჭირეს. მოღალატედ წოდებული დამალვას არც შეეცადა, პირიქით, ჟურნალისტებთან ამბობდა, ამ ზღაპრების მოყოლას ხელისუფლებამ თავი დაანებოსო.

კობა ოთანაძე, გია კრიალაშვილი და ლევან ამირაძე ძებნილებად არიან გამოცხადებული. თითოეულის თავი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 50 ათას ლარად შეაფასა. საინტერესოა ერთი ფაქტიც. ერთ–ერთი სახელისუფლებო არხი აცხადებდა, რომ მუხროვანში 47 ტანკი იყო საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი, ერთ–ერთმა დაკავებულმა ოფიცერმა კი დიდი ფიქრის შემდეგ თქვა, 2–3 ტანკი იყო გამოყვანილიო.

ორ აღიარებით ჩვენებაში ოპოზიციაც დასახელდა ისე, ზოგადად. არსებული მოსაზრებებით. მუხროვანის ამბოხის მთელი ეს ალიაქოთი აზრს დაკარგავს, თუ გამოძიება ოპოზიციის ლიდერებზე არ გავა. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოპოზიცია "გაჩმახებას" თავს არ დაანებებს.

საქართველოში განვითარებულ მწვავე მოვლენებზე "სარკე" სამხედრო ექსპერტს, გენერალ გიორგი თავდგირიძეს ესაუბრა. მას "მუხროვანის ამბოხის" თავისი ვერსია აქვს:

- 4 მაისს ხელისუფლებამ გადაწყვიტა მუხროვანის ბატალიონის გამოყენება იმისთვის, რომ მომდენო დღეს არ დაეშვა ოპოზიციის მიერ კახეთის გზატკეცილის პიკეტირება. პრეზიდენტი რომ საყვედურობდა, ჩემი წარმომადგენლები რატომ არ მიიღეთო, სავარაუდოდ, ბატალიონში მისული იყვნენ არა სამხედროები, არამედ პოლიციის მაღალჩინოსნები. სავარაუდოდ, საუბარი იყო ასეთი: ჩვენ სამხედრო ნაწილი ვართ და სამხედრო ბრძანება უნდა მივიღოთ. მათ შორის გაუგებრობა მოხდა და ბატალიონმა ამ დავალების შესრულებაზე უარი თქვა.

ეს იყო გამორჩეული ბატალიონი, რომელმაც თავი გამოიჩინა ცხინვალის პროცესების დროს. ბატალიონის ხელმძღვანელი იყო ღირსეული ადამიანი, რომელმაც საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი მოიპოვა აგვისტოს მოვლენებისას. შესაბამისად, ხელისუფლებისთვის სამხედრო ნაწილის ეს უარი კატასტროფა და სისტემის რღვევის დაჩქარება იყო. ამიტომ წინა ღამეს შეიმუშავეს მოქმედების გეგმა და ამ ყველაფერს სამხედრო ამბოხი დააშენეს.

დარწმუნებული ვარ, ღვალაძე ხელისუფლების სამსახურში მყოფი ადამიანია. ეს არ იყო ფარული ჩანაწერი. სპექტაკლი იყო, რაც ვიდეომასალიდან ნათლად ჩანს: ჩამოფარებული ფარდები, სპეციალურად ასახელებს თარიღს - 3 მაისს ჩატარებულ თათბირს... შემდეგ ღვალაძესაც აერია სცენარი, იმიტომ რომ სცენარისტს ინფორმაციის ნაკლებობა ჰქონდა. არ იცოდა, რომ ჯონი ფირცხალაიშვილი არ იმყოფებოდა საქართველოში. კრიალაშვილის გვარი არ ახსოვდათ და მთელი დღე წკრიალაშვილს ამბობდნენ. ღვალაძეს აერია უჩავას და უჩაძის გვარები. რაც მთავარია, პრეზიდენტსაც წამოსცდა რეალობა, როცა თქვა, ჩემი წარმომადგენლები რატომ არ მიიღეთო. თავდაცვის მინისტრმაც თავიდან განაცხადა, ბატალიონმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადაო, შემდეგ სცენარის ტექსტი გაახსენდა და აჯანყებაო, დაამატა.

დაკითხულმა ოფიცრებმა თქვეს, დილის მოწყობაზე, თავდაცვის მზადყოფნაზე ბრძანება მივიღეთო. თუ შეტევას არ აპირებდნენ, თავდაცვის ბრძანება რატომ მიიღეს? შეტევას ელოდნენ?

- სამხედრო ქვედანაყოფის აჯანყება და ამბოხი ასე არ ხდება. სამხედრო გადატრიალებისას რამდენიმე ქვედანაყოფია ჩართული. ბატალიონის ბძანებით, ქვედანაყოფი გამოდის ტერიტორიიდან და ერთვება ამბოხში და მეორე, როცა სპონტანურად ხდება დაუმორჩილებლობა, რაღაც სიტუაციის გამო იღებენ იარაღს. თუ პირველ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, მაშინ ბატალიონი უნდა გამოსულიყო ტერიტორიის გარეთ და პროცესები უნდა დაწყებულიყო. ასეთი რამ თუ იყო, ხელისუფლებას ეს შეეძლო მოეპოვებინა კოსმოსური გადამღებების მეშვეობით. დაქოქილი ტანკის ბოქსში გაჩერება შეუძლებელია. აუცილებლად უნდა გამოვიდეს და ჩადგეს კოლონაში, რომ ნაწილის გარეთ გამოვიდეს. ასე მოქმედებას თუ ვერ დაამტკიცებს ხელისუფლება, მაშინ სპონტანური ამბოხის ვერსიაზე უნდა გადავიდეს. ასეთ დროს ჯარისკაცებს და ოფიცრებს გავეშებამდე მისული ემოცია უნდა ჰქონდეთ. ასე წყნარად არ იქნებოდნენ და იარაღსაც ასე არ ჩააბარებდნენ.

ამ შემთხვევაში ბატალიონის მოქმედება მეტყველებს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ყოფითი ინციდენტი, როცა ბატალიონმა არასწორად მიიღო ბრძანება და ბატალიონის მეთაურმა კანონიერად მოითხოვა, ბრძანება ყოფილიყო წერილობით, სადაც გაწერილი იქნებოდა მიზანი. არც ერთი ბატალიონის მეთაურს არ აქვს სიტყვიერი ბრძანების შესრულების უფლება. როცა ვიღაც, პრეზიდენტი თუ პრეზიდენტის წარმომადგენელი, ცდილობს, სიტყვიერი ბრძანება მისცეს ბატალიონს, ეს უკანონობაა და ბატალიონის მეთაური რომ არ დაემორჩილა, ეს ზუსტად ისაა, რომ სამხედრო გადატრიალებაში მისი ჩართვა შეუძლებელი იქნებოდა. ანუ ის სწორად იქცევა.

აღიარებითი ჩვენების კადრებმა წინააღმდეგობრივი შეგრძნება დამიტოვეს. სამხედროები ყვებიან, რომ დილას რვის ნახევარზე უნდა ყოფილიყო მოწყობა. ანუ არ ყვებიან არანაირ შეთქმულებაზე, რომ ხელისუფლების დამხობას აპირებდნენ. მათ პოლიციურ ქვეყანაში პოლიციის მაღალჩინოსნებთან მოუვიდათ ინციდენტი.

ბატალიონის მეთაურმა აღიარებითი ჩვენება მისცა.

- პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია და შეიძლება ცდილობს, გადაეფაროს თავის ბიჭებს, პასუხისმგებლობა თავზე აიღოს. ეს ხელისუფლება რომ წავა და რეალური გამოძიება ჩატარდება, მაშინ გავიგებთ სიმართლეს.

ანუ ეს იყო ბატალიონის დასჯა ურჩობისთვის?

- ეს იყო ბატალიონის დასჯა. ბატალიონმა დილით გაიღვიძა და ნახა, რომ ალყაშემორტყმულია. მეორე მხრივ, ეს იყო იმის გადავადება, რასაც ხელისუფლების ჩამოშლა ჰქვია. როგორც ამბობს მთავარსარდალი, არტილერისტები მყავდა გამზადებული, რომ ტანკისტები ჩამეხოცაო. სამარცხვინო, უზნეო ფაქტია. ამის გაკეთება რომც მოუწიოს პრეზიდენტს, თუ ჭკუაზეა, ამის აფიშირებას არ უნდა ახდენდეს. ეს ადამიანი ამით ამაყობს. წარმოიდგინეთ, მისთვის, რომელიც თვლის, რომ სამხედროებს უამრავი ფული დაახარჯა - როგორ დაახარჯა, კიდევ სხვა თემაა, მისი დიდი ნაწილი მის ჯიბეში მიდიოდა - როგორი გადასატანი იყო, როცა უთხრეს, დემონსტრანტების წინააღმდეგ არ გავალთო. უცებ "მისიანი" გამოვიდა კონტროლიდან. ეს მისთვის ბოლო დროს ყველაზე დიდი მორალური დარტყმა იყო.

არტილერია ამ დავალებას შეასრულებდა?

ეს ადამიანები აგვისტოს მოვლენების დროს რუსების წინააღმდეგ ერთად ომობდნენ. არა მგონია, არტილერისტები მზად ყოფილიყვნენ, დაებომბათ თავისი მძინარე ტანკისტი მეგობრები. გამორიცხულია.

ვინ არის პოლკოვნიკი ღვალაძე?

- ღვალაძეს თევზაძის მინისტრობისას თავდაცვის სამინისტროში შეაქმნევინეს სპეცრაზმი "დელტა", მაგრამ უშიშროების კადრია. მალე მას მოუწია სტრუქტურის დატოვება. ამის შემდეგ არსად ფიგურირებს, მაგრამ, როგორც ამბობენ, ჰქონდა მცდელობა მიტინგებზე სხვადასხვა ოპოზიციურ გაერთიანებაში ჩანერგვის. არავინ მიიღო სხვადასხვა მიზეზის გამო. ამბობენ, რომ უნახავთ ჩიტაძეზე იმ ცნობილ შენობაში შესული და ამის გამო არავინ იკარებდა. როგორც ვიცით, ამ ხელისუფლებას უყვარს ადამიანები, ვინც ყველაფერზე წამსვლელები არიან და ამოატივტივეს. ის ხელისუფლებასთან მოთანამშრომლეა. დააკვირდით, რა დაუღალავად და ხალისით ყვება სხვადასხვა სისულელეს.

რიალაშვილი, კობალაძე, ოთანაძე რატომ გახდნენ მთავარი პერსონაჟები? ოთანაძე და კრიალაშვილი მართლა იყვნენ მუხროვანში და გაიქცნენ?

- რას ამბობთ! სამოქალაქო პირები, რომლებიც ჯარისკაცებს ჰყავთ ნანახი, ალბათ სოდ–ის თუ კუდ–ის წარმომადგენლები არიან. კრიალაშვილი და ოთანაძე დიდი ხანია არ გამოჩენილან ქართულ რეალობაში და ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ იყვნენ საქართველოში. შვიდის ნახევარზე თბილისის თავზე უკვე ვერტმფრენები დაფრინავდნენ. ჯარისკაცები ყვებიან, რომ ოპერაცია რვის ნახევარზე უნდა დაწყებულიყო და როგორ გაიქცნენ?! მეორეც, დამერწმუნეთ, ქვედანაყოფებში ისეთი კონტროლის მექანიზმებია, ყველანაირ ამბოხს გამორიცხავს. მუშაობს კონტრდაზვერვა, შიდა უსაფრთხოების სამსახური.

ამბოხის მიბმამ  ნატო–წვრთნებსა და რუსეთზე როგორ იმუშავა?

- აბა, იმას ხომ არ იტყოდა, ჩემ წინააღმდეგ იყოო?! რეალური აჯანყებაც რომ იყოს, ეს დიდი სირცხვილი იქნებოდა. ამიტომ მოიგონა, ჩემ წინააღმდეგ კი არა, რუსული ფული ჩაიდო ნატო–ს წვრთნების წინააღმდეგო. თან ეს ნატო–ს წვრთნები არაა. ეს არის პროგრამა "პარტნიორობა მშვიდობისთვის", რომელშიც მონაწილოებენ, როგორც ნატო–ს ქვეყნები, ისე სხვა.

ვახტანგ მაისაიას ჯაშუშობაზე რას იტყვით?

- უბედურებაა, რომ ადამიანები ფსიქოლოგიური ზეწოლით აღიარებით ჩვენებებს იძლევიან. რასაც ვუყურებ, ერთი დასკვნის გაკეთება შემიძლია - მაისაია მუშაობდა სხვადასხვა ანალიტიკურ სამსახურებზე. იყო "ენჯეოშნიკი", მეცნიერი კაცი და პურის ფული ასეთმა კაცმა ანალიზით უნდა იშოვოს. ეს ყველა ქვეყანაშია მიღებული. ეს ჯაშუშობა არაა. ჯაშუშობაა, როცა გაქვს საშუალება, ფლობდე საიდუმლო მასალებს და მის ასლებს აწვდიდე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს. სამარცხვინო არის პრეზიდენტი. ადამიანს, რომლის ბედი მის კისერზეა, აბრალებს, ორ საათში ერთხელ აწვდიდა ოპერატიულ მასალას რუსებსო.

საინტერესოა, ნატო–ში თუ დაიჯერეს მათ წინააღმდეგ მიმართული ამბოხის შესახებ.

- კარგი, რა! სხეფერის განცხადება ხომ მოისმინეთ, როცა აღშფოთებით მოითხოვდა, რომ ნატო–ს სწავლებასთან დაკავშირებით მისი განცხადებები არ დამახინჯებულიყო. ამით დიპლომატიურად ყველაფერი, რა ისტერიაც ტრიალებს ნატო–ს სწავლებასთან დაკავშირებით, დაგმო.

დიღომში ოპოზიციასთან დაპირისპირებისას, პოლიციის სამმართველოსთან, სამართალდამცავებმა ფუნქციას გადაამეტეს თუ არა?

- როცა სპეცრაზმი პოლიტიზირებულია, ეს უკვე უბედურებაა. როცა სპეცრაზმი ყვირის "მიშა, მიშა!"–ს, ის მიშა უნდა დაფიქრდეს, რომ ეს ხალხი ხვალ "გივი"–ს იყვირებს და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება იოსებ ბესარიონის ძე გაიხსენონ. ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს არის არაპროფესიონალების ბრბო და არანაირი სამხედრო სტრუქტურა, ის უნდა დაიშალოს. რაც შეეხება მოქმედებას, მათ გამოიყენეს იმაზე მეტი ძალა, ვიდრე საჭირო იყო და ყოველგვარი წესების გარეშე, პირდაპირ დამიზნებით თავში ესროდნენ რეზინის ტყვიებს დემონსტრანტებს, ანუ ამ ხალხის მორალი და ფსიქიკაც არამდგრადია. პროფესიონალიზმს ემოციამ აჯობა და დასასჯელები არიან. იმ ადამიანებმა კი, ვინც დამიზნებით ისროდა, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ.