იოსებ სტალინი - ქართველთა სულიერი ერთობის სიმბოლო?

იოსებ სტალინი - ქართველთა სულიერი ერთობის სიმბოლო?

9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა, ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ იგი „თავის ვალად თვლის, მოინახულოს გორში სტალინის სახლ-მუზეუმი და პატივი მიაგოს უმაღლესი მთავარსარდლის ხსოვნას, რომლის დამსახურება (მიუხედავად მრავალი ნაკლოვანი მხარისა) - უდავოა ფაშიზმის დამარცხებაში“.

შევარდნაძის ეს ჟესტი (მას დიდი რეზონანსი ჰქონდა მთელ მსოფლიოში და, განსაკუთრებით, - რუსეთში) უაღრესად ნიშანდობლივი და სიმპტომატურია.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეროვნული მოძრაობა საქართველოში დამთავრდა - იგი დამთავრდა მარცხით და თანდათანობით მიმდინარეობს იმ ცნობიერი სისტემების აღდგენა, რომელიც ქართველ ერს ახასიათებდა „ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“ ყოფნისას.

თანაც, ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობს - ამ შემთხვევაში შევარდნაძე არ ქმნის პროცესს, იგი მას მხოლოდ ხელს უწყობს და „ტალღას მიჰყვება“, ანუ „გარემოების საყვირია“.

იოსებ სტალინს, ქართველთა ცნობიერებაში მართლაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ეროვნულ პატივმოყვარეობას სასიამოვნოდ „ელამუნებოდა“ იმის შეგნება, რომ „მსოფლიოს ბელადი“ ჩვენი თანამემამულე იყო. იქმნებოდა მითები, რომელთა ეროვნულ ცნობიერებაში „ჩაქსოვაც“ არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა, რადგან ყველა ეს მითი შეესაბამებოდა იმ ისტორიულ რეალობას (თავადაც მითად ქცეულს), რომლის თანახმად, ქართველი მამლუქები არაბულ სამყაროში მბრძანებლობდნენ, შაჰ-აბასის „ყულის ჯარი“ მთლიანად ქართველებისაგან შედგებოდა და ა.შ.

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება - მსოფლიოს უდიდესი და უძლიერესი არმიის მთავარსარდალი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილიც ხომ ნამდვილად ქართველია - ჩვენი სისხლი და ხორცი!

ეს ყოველივე პირდაპირ დაუკავშირდა სტალინის ფენომენს, თუმცა ქართული ეროვნული მსოფლხედვა მას ყოველთვის როდი აღიქვამდა ეროვნულ გმირად.

გავიხსენოთ „ჯაყო“ მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი რომანიდან. ეს აშკარად სტალინია, ოღონდ „ოსი“ და არა „ქართველი“. „ქართველად“ იგი უფრო გვიან იქცა - როდესაც მის მიერ შექმნილმა იმპერიამ მსოფლიო შეაზანზარა და სტალინის „ქართველობა“ მეტად მიმზიდველი გახდა დამარცხებული ერის თვითშეგნებისათვის.

1956 წლის 9 მარტს, ნიკიტა ხრუშჩოვმა ეს ხატი დაამსხვრია და, ამავე დროს, ქართული სისხლიც დაღვარა. აი, სწორედ მაშინ იფეთქა პირველად რუსოფობიამ საქართველოში, რომელიც არაცნობიერ დონეზე დღემდე არსებობდა და არსებობს.

ამავე დროს, „სტალინის“, „მამლუქის“ ფენომენს საერთო არაფერი აქვს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ცნობიერებასთან. ერი, რომელიც თავის იდეალად და ოცნებად აქცევს უნდილაძეს, სინჯიკაშვილს, ჯუღაშვილს, შალიკაშვილს (მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სხვა ქვეყანაში, სხვა სახელმწიფოში მიაღწიეს დიდ სიმაღლეებს, ძალაუფლების მწვერვალსა და დიდებას) თავად ვერ ქმნის და ვერც შექმნის სახელმწიფოს, ხოლო „გამსოფლიურობისაკენ“ სწრაფვა მისი შინაგანი არასრულფასოვნებისა და საკუთარი სახელმწიფოებრივი უსუსურობის გამოხატულებაა მხოლოდ.

ამდენად, ის პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც საქართველოს ჭეშმარიტ სახელმწიფოებრიობაზე ფიქრობს, არათუ უნდა ებრძოდეს „სტალინის ხატს“, არამედ ყველაფერი უნდა გააკეთოს მისი განადგურებისათვის.

ამ პოლიტიკოსმა თავის თავზე უნდა აიღოს გორში სტალინის ძეგლის აღების მისია, ხოლო „სხვა ქვეყანაში გვემული ქართველისადმი“ პატივის მისაგებად მისი ნეშტის სამშობლოში ჩამოსვენებაც იკმარებდა.

და პირიქით, - ის სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც „სტალინის ხატის“, „სტალინის ფენომენის“ გაძლიერებას უწყობს ხელს, ობიექტურად (შესაძლოა თავისდაუნებურად) უთხრის ძირს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ცნობიერებას, რადგან ამ ფენომენს (ვიმეორებ) საერთო არაფერი აქვს ჭეშმარიტ სახელმწიფოებრივ ფასეულობებთან.

ედუარდ შევარდნაძის მიერ სტალინის სახლ-მუზეუმის დემონსტრაციული მონახულება არის სიმბოლური გამოხატულება იმ პოლიტიკური კურსისა, რომელსაც იგი ატარებს საქართველოში. მეორეს მხრივ, ის ფაქტი, რომ ამას საზოგადოებაში უკვე არავითარი განსაკუთრებით ნეგატიური რეაქცია არ მოჰყოლია - უეჭველი დადასტურებაა საქართველოში ეროვნული მოძრაობის და ამ მოძრაობის თანამდევი სულიერი ფასეულობების საბოლოო კრახისა.

1992 წელს, მარტში, საქართველოში ჩამოსვლისთანავე, ედუარდ შევარდნაძე რომ გორში გამგზავრებულიყო სტალინისთვის პატივის მისაგებად - ამას ინტელიგენციისა და პოლიტიკური პარტიების ისეთი მძლავრი აღშფოთება მოყვებოდა, ალბათ კვლავ მოსკოვში უნდა დაბრუნებულიყო უმალვე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.

არც 1993 და არც 1994 წელს არ იყო ქვეყანა ჯერ კიდევ ამისათვის „მომწიფებული“.

მხოლოდ ახლაღა - 1995 წელს „მომწიფდა“ იგი და შევარდნაძემ, როგორც ნიჭიერმა პოლიტიკოსმა, ეს მომენტი ზუსტად შეიგრძნო, ზუსტად გათვალა - თუ როდის გახდებოდა შესაძლებელი გორში „სტალინთან მისვლა“ და როდის - „ჯერ კიდევ არ იყო ამის დრო“ დამდგარი.

თუ ამ შემთხვევაში (დავუშვათ) შევარდნაძე გულწრფელია და მართლაც სურს სტალინი აქციოს ქართველთა სულიერი ერთობის რაღაც სიმბოლოდ - ამ საქმიდან არაფერი გამოვა! სტალინი საქართველოს ისტორიის ყველაზე შავბნელ ხანათა სიმბოლოა - იგი არის განადგურებული, დამარცხებული, დამონებული ერის სიმბოლო და არა ერთიანი და ძლიერი ქვეყნისა.

ერი, რომელსაც მართლაც სურს თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა, დავით აღმაშენებელს უნდა თვლიდეს იდეალად და არა იოსებ ჯუღაშვილს, დავით აღმაშენებელზე უნდა ოცნებობდეს და არა სოსო ჯუღაშვილზე.