ხელისუფლების ძალა და გავლენა სპორტში სულ უფრო შესამჩნევია. ხელისუფლების წარმომადგენლებიც ძალის დემონსტრირებას სტადიონზე ცდილობენ. 30 სექტემბრის ინციდენტი ამის დადასტურება გახლდათ.
თვითმხილველთა მტკიცებით, ოთხშაბათს ბოლნისის სტადიონზე "ოლიმპი-სპარტაკის" შემდეგ ათეულობით მაყურებელმა, რომელთაც გვერდში დავით კირკიტაძე ედგა, სასტიკად სცემა მატჩზე მსაჯების დამკვირვებელი ამირან კაჭახიძე. ეს უკანასკნელი იმავე საღამოს დედაქალქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ტვინის სერიოზულ შერყევასა და სხვა შესაძლო გვერდით მოვლენებზე ინტესიურად მკურნალობენ.
ეს ამბავი პრესაში მხოლოდ მეორე დღის შემდეგ გაჟღერდა და კულუარებში მაშინვე კირკიტაძის თანამდებობიდან წასვლაზე დაიწყეს საუბარი. თავად რწმუნებული თანამდებობიდან წასვლას უარყოფს. როგორც სააგენტო "ინტერპრესნიუსს" კირკიტაძემ განუცხადა, თანამდებობიდან არ გადაუყენებიათ და ახლაც სამსახურშია.
გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ცნობას არ ადასტურებენ არც რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროში.
მალევე კირკიტაძემ საფეხბურთო ინციდენტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. იგი ამტკიცებს, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ ჰქონია კაჭახიძესთან. "ჩვენ შორის სიტყვიერი შელაპარაკება იყო. კაჭახიძე მსაჯების უფროსია და უკმაყოფილო ვიყავი მსაჯებით", - აღნიშნა კირკიტაძემ.
"ინტერპრესნიუსთან" საუბარში კაჭახიძის მოადგილე ავთანდილ შალამბერიძე კი ადასტურებს, რომ კირკიტაძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
იმ დროს, როდესაც საზოგადოების რიგებში მტყუან-მართალზე საუბრობენ, სპორტული გამოცემები კირკიტაძის კლუბ "რუსთავის ოლიმპის" ლობირებაზე ალაპარაკდა.
გაზეთი "ლელო" წერს, რომ გუბერნატორი ძალიან იყო დაინტერესებული ამ კლუბის ბედით და წარმატებით. "გუბერნატორ დავით კირკიტაძეს რუსთავის "ოლიმპთან" იურიდიული შეხება არა აქვს, თუმცა არ მალავს, რომ ამ კლუბის წარმატებით დიდად არის დაინტერესებული.
სისტემატურად ესწრება "ოლიმპის" მატჩებს და ხშირად საჯაროდაც აფიქსირებს გუნდის მიმართ თავის სიმპათიას", - ნათქვამია სტატიაში.
მსაჯებისა და გუბერნატორების ფიზიკური შეხლა-შემოხლის ფაქტს გუშინვე საპარლამენტო ოპოზიციონერი ლიდერებიც გამოეხმაურნენ. დეპუტატ გია ცაგარეიშვილს ბოლნისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას პოზიცია აინტერესებს.
ოპოზიციონერ დეპუტატს აინტერესებს, რა პოზიცია ექნებათ მსაჯის "ცემით სიკვდილის პირას მიყვანამდე" ინციდენტზე და ამ ინციდენტში ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძის მონაწილეობაზე როგორც სიჭინავას, ისე მის "ლობისტებს".
დეპუტატს ისიც აინტერებს, თუ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მომხდარზე და დაიკითხა თუ არა დავით კირკიტაძე. "ეს არის დაუსჯელობის სინდრომის შედეგი", - ასკვნის ცაგარეიშვილი.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ასანიძე კი მიიჩნევს, რომ კირკიტაძეს ეს ემოციებით მოუვიდა და მას აზრადაც არ მოსვლია ადამიანის დაჩაგვრა.
"ეს იყო ემოციები, რომელიც გულშემატკივარმა გამოთქვა. ეტყობა, ბატონი დავითი აჰყვა ემოციებს, მაგრამ არ ყოფილა ის ფაქტი, რომ კირკიტაძეს ვინმე დაეჩაგრა. ზედმეტი კი მოუვიდა, მაგრამ ეს არ იყო განზრახ გაკეთებული", - უთხრა "რეზონანსს" ასანიძემ.
მისივე თქმით, ეს ინციდენტი არის დანაშაული, რომლის დამნაშავეც აუცილებლად უნდა დაისაჯოს, თუმცა კირკიტაძის თანამდებობიდან წასვლას საჭიროდ არ მიიჩნევს, რადგან მან ქვემო ქართლისთვის ბევრი რამ გააკეთა.
"მე ვფიქრობ, არ არის საჭირო ამ ფაქტის პოლიტიზირება. რაც შეეხება გუბერნატორის თანამდებობიდან წასვლას, მიმაჩნია, რომ კირკიტაძე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, რადგან მან ძალიან ბევრი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის. ამიტომ, კარგი იქნება, თუ თავის გამოცდილებას თავის ქვეყანას მოახმარს", - განაცხადა ასანიძემ.
არასაპარლამენტო ოპოზიციონერი კახა კუკავა კი მიჩნევს რომ ხელისუფლება აგონიაში და მას არ აწყობს მის პოლიტიკურ წრებში გარღვევა.
"წესით, ეს ადამიანი აღარ უნდა იყოს თანამდებობაზე. ასეთი რამ იმიტომ მოხდა, რომ ზოგადად ხელისუფლების პოლიტიკა ამგვარია. ახლა ხელისუფლება აგონიაშია და ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება ამ ფონზე ადვილი არ არის. ნაციონალური მოძრაობა მაქსიმალურად ერიდება მის რიგებში რღევას", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში კახა კუკავამ.