ტფილისი, 8 იანვარი. მთავრობის თავმჯდომარის სახელზე მთავრობის საგანგებო რწმუნებულისაგან მიღებულია შემდეგი დეპეშა:
სოჭა, 6 იანვარი. დღეს მე გადმომცეს ქალაქ სოჭის საზოგადოებრივ-დემოკრატიულ ორგანიზაციების 1919 წლის 5 იანვარს, საერთო სხდომაზე მიღებული რეზოლუცია.
გაცნობებთ რეზოლუციის სრულ ტექსტს:
„დემოკრატიულ ორგანიზაციების საერთო კრებამ განიხილა რა სოჭის ოლქში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა, დაადგინა:
1. ეცნობოს საქართველოს მთავრობას და ინგლისელთა მისიას ტფილისში და ბათუმში, რომ მიუხედავად მათი კატეგორიული განცხადებისა, მოხალისეთა არმიის ნაწილი შემოიჭრა სოჭის ოლქის საზღვრებში და დემოკრატიას ავიწროებს.
2. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას ყოველგვარი ზომა იხმაროს, რათა მოკავშირეთაგან ნამდვილი და მტკიცე გარანტია მიიღოს, სოჭის ფრონტის ლიკვიდაციის მოსახდენათ, ვინაიდან იგი მცხოვრებთა მშვიდობიან-კულტურულ მუშაობას ხელს უშლის და მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს სოჭის დემოკრატიისათვის.
3. სხდომა განსაკუთრებით მოითხოვს დაუყოვნებლივ გაძევებულ იქმნას მოხალისეთა არმია სოჭის ოლქის საზღვრებიდან და მიღებულ იქმნას ზომები რათა მომავალში არ განმეორდეს ასეთი შემოჭრა.
4. ქართველთა ჯარი შესაძლებელია გაყვანილ იქნას სოჭის საზღვრებიდან იმ შემთხვევაში თუ დასტოვებენ დასახელებულ ადგილებში საკმაო ძალას არსებულ წესრიგის დასაცავად მცხოვრებთა გარეშე რეაქციონურ ძალებისაგან უზრუნველსაყოფად.
5. ქართველმა დემოკრატიამ თავისი მთავრობის სახით იხსნა ოლქი ორგვარი ხიფათისაგან: ანარქიისა და სამხედრო დიქტატურისგან. ენერგიული ღონისძიებით ოლქის შინაური ცხოვრება ჩააყენა საზოგადოებრივ წესიერების, ჭეშმარიტ დემოკრატიზმის და საღ სახალხო მმართველობის კალაპოტში.
საზოგადოებრივ დემოკრატიულ ორგანიზაციების საერთო სხდომა საჭიროთ სთვლის, რომ საქართველოს მთავრობამ მომავალშიც ხელმძღვანელობა გაუწიოს სოჭის ოლქის შინაურ ცხოვრებას, ვიდრე ეს საკითხი მთელ რუსეთის კითხვასთან ერთად, საბოლოოდ არ გადაწყდება საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციაზე.
ხელს აწერენ: სოჭის ოლქის მუშათა კავშირის გამგეობა, სოჭის ოლქის გლეხთა საბჭოს საოლქო კომიტეტი, სოჭის ქალაქის თვითმართველობის სოციალისტური ბლოკი, სოჭის სოციალისტური-დემოკრატიული კომიტეტი, სოციალისტ-რევოლუციონერთა კომიტეტი, საოლქო საერობო კომიტეტი“.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას