„გამოვედით, ვაპროტესტებთ, არ გავჩერდებით და არ დავიღლებით. ევროპა არის ჩვენი ოჯახი და ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ“, - პროტესტი გრძელდება, დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაკეტილია. აქციის წევრების მთავარი მოთხოვნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევაა. მიაჩნიათ, რომ სადავო ინიციატივის კანონად ქვეცა ქვეყანას ევროპულ მომავალს წაართმევს. ლექტორები და პროფესურა სტუდენტებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებენ, რომ დაანგრიონ „ტოტალიტარული რეჟიმი“.
საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტის ფონზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომის დამსწრე დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრებები არ ჰქონდათ და მათ პროექტს მხარი დაუჭირეს, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა, რაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპიებაში გადაიზარდა.
საერთო ჯამში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავა, რომელთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 2 ამერიკის და 1 რუსეთის მოქალაქეა. დაკავებულია ამერიკის მოქალაქე აკერმანის ინსტრუქტორი, ბრაიან ჯეი ბინგამი, რომელიც საქართველოში ამერიკიდან სწორედ რევოლუციის მოსაწყობად არის ჩამოსული.
ბინგამი შეურაცხმყოფელ ჟესტს იყენებდა პოლიციის მიმართ, ასევე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ცდილობდა დაპირისპირების პროვოცირებას. რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს პატრიკ ფერნანდესს, ისიც აკერმანის ინსტრუქტორია და მისი ფუნქცია იყო აქციაზე არეულობის დაგეგმვა და ორგანიზება. ასევე დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, კერძოდ, პოპოვიჩი, ნიკოლაი ლევშიცი, იგორ კუროპტევის ჯგუფის წევრი. დაკავებულთა შორის არიან უკაინიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებიც. ამერიკის მოქალაქეების დაკავებაზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია ამერიკის საელჩოს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ვერავინ შეუშლის ამას ხელს, თუმცა ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ბოთლების სროლა პოლიციელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. როგორც კალაძე აცხადებს, უკანონობას ყოველთვის მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში.
„პროტესტის მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა არაერთი დარღვევა, რაც ასახულია ვიდეომასალებშიც. ჩვენ ვნახეთ პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა. იქ იყო რამდენიმე ასეული ადამიანი და კონკრეტული ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ რადიკალურ, ექსტრემისტულ დაჯგუფებებს. რატომ სხვა ადამიანები არ იქცეოდნენ ისე, როგორც ის ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ისროდა ბოთლებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს?! ეს არ არის სწორი. ასევე, ერთ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. თუ გაქვს რაიმე პროტესტი, შეგიძლია ეს ნორმალური, ცივილური ფორმით გამოხატო, ამაში ხელს არავინ უშლის ადამიანებს, მაგრამ პარლამენტის პიკეტირება, ბლოკირება კატეგორიულად მიუღებელია. არავის აქვს ამის უფლება.
იქ იყო უამრავი ადამიანი, ვინც აპროტესტებდა კანონის ფარგლებში და აფიქსირებდა საკუთარ შეხედულებას, რაც აქვს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, მაგრამ პოლიციას ესროლო ბოთლი, ქვა, შეასხა წიწაკის სპრეი, მიაყენო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამას მოჰყვება რეაგირება. მერწმუნეთ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ. ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება დაკავებულ ამერიკის და რუსეთის მოქალაქეებს, უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ აყენებს ამერიკელი ინსტრუქტორი პოლიციას შეურაცხყოფას, რაც მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ აკერმანის სახელმძღვანელოში ამოკითხული პროვოკაციაც შედგა.
„აკერმანის კლასიკა“ - გავრცელებულ ვიდეოზე ძალიან კარგად ჩანს, როგორ აყენებს ამერიკელი ინსტრუქტორი პოლიციას შეურაცხყოფას, რითიც ინციდენტი იწყება და როგორი რეაქცია აქვთ მომიტინგეებს თავიანთი ინსტრუქტორის დაკავებაზე! აკერმანის სახელმძღვანელოში ამოკითხული პროვოკაციაც შედგა, საბედნიეროდ, არა ისეთი, რითიც საბოლოო შედეგზე გადიან ხოლმე. ამაზე მკაფიო და ნათელი არაფერი შეიძლება იყოს“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
for.ge-სთან საუბრისას უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ გლობალური დასავლეთი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე რევოლუციური პროცესისთვის თადარიგს იჭერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების დაფიქსირებისთანავე. რაშიც მისი თქმით, იყენებს ყველაზე გამოცდილ კადრებს, ფერადი რევოლუციების პროფესორებს: პიტერ აკერმანს, სერბული „ოტპორის“ მამას პოპოვიჩს, აშშ ელჩს, რობინ დანიგანს და ასევე რუსული ოპოზიციის აქტივისტებს ნიკოლაი ლევშიცსა და იგორ კუროპტევს.
„უამრავ ინსტრუქტორზე, რომლებიც საველე სამუშაოებს ასრულებენ ქართული სპეცსამსახურები ნელ-ნელა გამოამჟღავნებენ და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. დღეს მხოლოდ ორი მათგანი იქნა დაკავებული“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ანალიტიკოსის ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, ყველამ უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, განსაკუთრებით იმ ამერიკელებმა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში რევოლუციას გეგმავენ.
„დაკავებულია აკერმანის ორი ინსტრუქტორი, რომლებიც ასევე, არეულობის დასაგეგმად და დასაორგანიზებელად ჩამოვიდნენ. ყველამ უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, განსაკუთრებით კი იმ ამერიკელებმა, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში რევოლუციას გეგმავენ!“, - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.
საინტერესოა, ამ სურათის ნახვის შემდეგ, რა რეაქცია ექნება (ალბათ უკვე ნანახიც ექნება) ბატონ ობრაიენს. ნეტავ ვინმეს თუ უკვირს, მიღებაზე უარი რომ უთხრეს.
დაფირდით ხალხო, რას კადრებს, თქვენი მხარდამჭერი, თქვენს სუვერენულ ქვეყანას.