ქართველები და უცხოელები აბაშიძე-იაშვილის ობიექტივში - „გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ რომ იდენტური ცნებებია, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა“

ქართველები და უცხოელები აბაშიძე-იაშვილის ობიექტივში - „გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ რომ იდენტური ცნებებია, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა“

ბლოგერ უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სხდომას ესწრებოდა ორივე ბრალდებული. უმძიმეს საქმეზე ბრალდებულებმა სასამართლო პროცესზე მათ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრეს. უჩა აბაშიძის განცხადებით, ჩხრეკის დროს მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა განხორციელდა. ასევე, სავარაუდო დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრა მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმაც, რომლის განცხადებით, იყო ძალით შებოჭვის, ხელების გადაგრეხისა და ტელეფონის წართმევის მცდელობა.

საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა პროცესი დახურა. გამოძიების ინფორმაციით, მარიამ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს.

ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში.

რაც შეეხება აუდიო-ვიდეომასალებს, რომელიც გამოძიების მიერ არის ამოღებული, სკანდალური საქმის პროკურორის ანი ხახანაშვილის განცხადებით, ბრალდებულმა უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლე, მარიამ იაშვილმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ ერთ-ერთ ბრალდებულსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს.

დაკავებული ბლოგერის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის გადაწყვეტილება აბაშიძისა და მისი მეუღლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე უსამართლო და დაუსაბუთებელია.

ადვოკატმა განმარტა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ახალი ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ არ უნახავს, თუმცა მიაჩნია, რომ არასწორია, როცა ადვოკატებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი და ამ დროს პროკურატურა ინფორმაციებს აქვეყნებს.

„სამწუხაროდ, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უსამართლოა. ცხადია, საქმის მასალები უნდა დავამუშაოთ და გადავწყვეტთ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

დუმილის უფლებას იყენებს ბარლდებული მარიამ იაშვილი. ადვოკატ ნათია კორკოტაძის განცხადებით, პროცესზე მან 1000 - ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია არ გაიზიარა და დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.

„საქმეში ჩავერთე გუშინ საღამოს, გვიან. გაუთქმელობასთან დაკავშირებით ხელწერილზე ხელი გვაქვს მოწერილი. მარიამ იაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. ვნახოთ, პოზიციებს შევაჯერებთ ჩემთან კონსულტაციის შემდეგ. იმ კვირაში აუცილებლად ვინახულებ მას“, - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

არაოფიციალური ინფორმაციით გამოძიების მიერ ამოღებულ აუდიო-ვიდეომასალებში ფიგურირებენ როგორც ოპოზიციის წევრები, ასევე შოუ ბიზნესის, სპორტის სფეროს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. სკანდალურ საქმეზე კომენტარს არ აკეთებენ ოპოზიციის ლიდერები.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ რომ იდენტური ცნებებია, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

„ვიდეოჩანაწერების რაოდენობის გათვალისწინებით, მათ ფალსიფიცირებაზე საუბარი ვერც იქნება. საუბარია ისეთი ტიპის სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია გარყვნილების უმაღლეს ხარისხთან. თქვენ გახსოვთ ეს გარყვნილება ამ პოლიტიკური პარტიისგან. ეს ადამიანები იყვნენ სწორედ, ვინც კასრებში ინახავდა ათასობით კომპაქტდისკს, რომლებზეც ადამიანების პირადი ცხოვრება იყო ასახული. ეს სავარაუდო დანაშაული, რაც ამ შემთხვევაში არის სახეზე, იმეორებს ზუსტად იმ ხელწერას, რომელიც დამახასიათებელი იყო „ნაცმოძრაობისთვის“. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ეს კონკრეტული სავარაუდო დამნაშავე, უჩა აბაშიძე, არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, აქტიურად მონაწილეობდა შესაბამისი აქციების ორგანიზებაში, ეს არის აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკური მოვლენა. დანარჩენი გამოძიების საქმეა, მაგრამ რეალურად მე რა ინფორმაციაც მაქვს, იმ რაოდენობის ვიდეოჩანაწერზეა ლაპარაკი, რომ ამის ფალსიფიცირებაზე ვერც იქნება საუბარი, აქ არის უბრალოდ წარმოუდგენელი მასშტაბი გარყვნილებისა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არასამთავრობო სექტორში აკეთებს იგივეს, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდა - აგროვებდა ინტიმური შინაარსის კადრებს მომხრეებზე, ოპონენტებზე და შემდეგ შანტაჟისთვის იყენებდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს არის არასამთავრობო სექტორში გადაბარგებული „ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითი.

„ნაციონალური მოძრაობა“ რაც ხალხმა ჩამოაცილა ხელისუფლებას, გადაბარგდა არასამთავრობო სექტორში. ეს ადამიანი ვნახეთ, რომ იყო ამ აქციების ერთ-ერთი ლიდერი. არასამთავრობო სექტორში აკეთებენ იგივეს, რასაც აკეთებდნენ, როცა იყვნენ ხელისუფლებაში. აგროვებდნენ ინტიმური შინაარსის კადრებს ყველაზე - მომხრეებზეც და ოპონენტებზეც, ქართველებზეც და უცხოელებზეც და შემდეგ იყენებდნენ შანტაჟისთვის, მათვის სასურველი ქმედებებისა და გადაწყვეტილებებისთვის.

ახლა გადაბარგდნენ არასამთავრობო სექტორში და, როგორც ხედავთ, აქაც იგივე მეთოდებით მუშაობენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ასობით ადამიანი ჰყავთ ასე ჩაწერილი - ქართველიც და უცხოელიც, ცნობილიც და უცნობიც. ფაქტია, რომ ეს არ იყო ვიღაცის პირადი გეგმა და დიდი ეჭვია, რომ ამის უკან დგანან გარკვეული დამკვეთები ან გარკვეული ინტერესები“, - აცხადებს პაპუაშვილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს არის მოქმედება სპეცსამსახურების სტილში, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლომდე ჩაეძიოს ამ ყველაფერს. მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ ჩანაწერებში ფიგურირებენ ცნობადი ადამიანებიც.

„როგორც ჩანს, შესაძლოა, სწორედ შანტაჟისთვის გამოყენება ხდებოდა ამ კადრების. ესეც ძალიან მძიმე შემთხვევაა, როდესაც ასეთი ეჭვები ჩნდება შემდეგ საზოგადოებაში, რომ ვიღაც ადამიანების მანიპულირება ხდებოდა ასეთი სპეცსამსახურების მეთოდებით. ყველა დეტალი უნდა გაირკვეს და ვინ არიან დამკვეთები, რა დგას ამ ყველაფრის უკან და ვისი დაკვეთა იყო ქართველების და უცხოელების ჩაწერა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.