მოსე თოიძემ გახსნა 1922 წლის იანვრიდან სამხატვრო სტუდია. მხატვარმა კარგად იცოდა, რომ ბევრი ახალგაზრდა მოსწავლენი არიან რომელთაც ხატვის დიდი ნიჭი აქვთ, ამასთანავე სურვილი სწავლისა, ხოლო საშუალება კი არა.
აი სწორედ ამ მიზნით გახსნა მხატვარმა სტუდია და ფართედ გაუღო კარები ახალგაზრდობას სასწავლებლად მოსე თოიძემ. მის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, როდესაც სტუდიას დიდძალი ახალგაზრდობა მიაწყდა ხატვის სასწავლებლად. მოსე დიდის სიყვარულით და გულმხურვალებით უხვდებოდა მათ.
ბევრი მოწაფენი უფასოდ სწავლობენ სტუდიაში. უნდა ნახოთ რა სიყვარულით და სიხარულით დასტრიალებს მოსე მოწაფეთ. როგორის აღფრთოვანებით ასწავლის მათ.
პირველ წელს სტუდიაში სწავლობდა 80 მოწაფე. მოწაფეთა უმრავლესობა ქართველებია ორთავე სქესისა. მაგრამ რადგანაც მეორეს სასწავლო წლიდან 1923 წ. სწავლის მსურველი ბევრი აღმოჩნდა, მაშინ მოსე იძულებული იყო რომ სტუდია გაეფართოებინა.
ამ წლიდან გახსნა მეორე განყოფილება, და მოიწვია მხატვარი ბაჟბეუქ-მელიქოვი, რომელიც ამ განყოფილებაში ესკიზების ნაწილს ხელმძღვანელობს. ეხლა სტუდიაში ირიცხება 165 მოწაფე და ესენი გაყოფილნი არიან ორ ჯგუფად. მთელი კვირის განმავლობაში ხატავენ ცოცხალი ნატურიდან, რომელიც ყოველთვის იმყოფება სტუდიაში. კვირაობით სწარმოებს ფერადებით ხატვა, რომელსაც ხელმძღვანელობს მოსე თოიძე.
ცოცხალ ნატურიდან ხატვას ხელმძღვანელობს ირაკლი თოიძე. აგრეთვე განსაკუთრებულ დღეებში მუშაობა სწარმოებს დეკორატიულ მხატვრობაზედ. სამშაბათობით იმართება საუბარი ხელოვნებაზედ.
უმთავრესათ მხატვრობაზედ იკითხება მოხსენებები. ეცნობიან ცნობილ მხატვართა შემოქმედებას, მათ ნაწარმოებთ და სხვა. აგრეთვე არის ესკიზების საერთო გარჩევა, რომელშიაც თვით მოწაფენი მხურვალე მონაწილეობას იღებენ. საზოგადოთ მოწაფენი დიდს უნარს იჩენენ სწავლაში, განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს მათი ნახატი ესკიზები, ქართულ ცხოვრებიდან პორტრეტები, ადგილობრივი ტიპები თავის დამახასიათებელს ტანსაცმელში, ნატიურმორტები და სხვა რომლითაც სავსეა სტუდიის დარბაზები. ამა წლის 20 მაისიდან აპირებს მხატვარი მოსე თოიძე თავისი სტუდიის მოწაფეთა სურათების გამოფენის გახსნას საქართველოს მუზეუმის შენობაში.
ფართო საზოგადოებას მიეცემა საშუალება ნახოს ამ სტუდიელთა მუშაობა. მ. თოიძის ატელიეში არის მის მიერ ფერადებით დახატული ქართველ მოღვაწეთა და პოეტთა სურათები. არის სურათები პროფ. მელიქიშვილის, ი. გრიშაშვილის, დ. არაყიშვილის, ობოლი მუშის და სხვების,
მხატვარმა ირაკლი თოიძემ დახატა ოთხი დიდი სურათი ტილოზედ, საქართველოს ყოფა-ცხოვრების ხასიათისა და „რევოლუციის აპოთეოზი“.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას